დელ პიერო ოპტიმიზმით აღსავსეა

AutoSharing Option
მას შემდეგ, რაც ტურინის "იუვენტუსმა" მირკო ვუჩინიჩი დაიმატა, გუნდის გულშემატკივრები კიდევ უფრო აივსნენ ოპტიმიზმით.  ფაქტია, რომ "ბიანკონერი" უკვე გვარიანად გაძლიერდა და საქმეს ისეთი პირი უჩანს, რომ ტურინელები გაჩერებას არ აპირებენ.

გუშინ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ანტონიო კონტემ კლუბის სპორტულ დირექტორს ახალი ფეხბურთელების სია ჩამოუწერა, უფრო რომ დავაკონკრეტოთ, ახალი გარემარბების სია და თხოვნა, რომ ერთ-ერთი მაინც გადაიბიროს - ფეხბურთელთა ჩამონათვალი ასეთია: იბრაჰიმ აფელაი "ბარსელონადან", დიეგო პეროტი "სევილიადან", ნანი "მანჩესტერ იუნაიტედიდან" და ხუან მანუელ ვარგასი "ფიორენტინადან".

ამ ვარიანტებიდან ნანი ყველაზე არარეალურად მოსჩანს, რადგან
პორტუგალიელის გაშვებას ინგლისელები არ აპირებენ. ნაკლებად სავარაუდოა, რომ "ბარსელონამ" აფელაი გაყიდოს, "სევილიამ" კი მორეტი, ამიტომ, მაროტა ისევ ვარგასს მისდგა და ადრე დაწყებული და შემდეგ ჩიხში შესული მოლაპარაკებები ამოატივტივა. ამაზე "ფიორენტინას" სპორტული დირექტორის პანტელეო კორვინოს სიტყვები მოწმობს:

"ტურინის "იუვენტუსის" მესვეურები მართლაც დაინტერესებულნი არიან ვარგასის გადაბირებით და სავარაუდოდ, უახლოეს მომავალში ოფიციალური წინადადებით მოგვმართავენ. ჩვენ არ გვსურს სამხრეთამერიკელის გაყიდვა და მხოლოდ იმ შემთხვევაში ჩავებმევით მოლაპარაკებებში, თუ თანხა სოლიდური იქნება. ბუნებრივია, რომ ეს საკითხი სინიშა მიხაილოვიჩთან შეთანხმდება, რომელიც წყვეტს კიდეც ვინ უნდა წავიდეს და ვინ დარჩეს გუნდში. ვნახოთ, ყველაფერი უახლოეს დღეებში გადაწყდება".

გუშინ გვიან გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, "ფიორენტინას" მესვეურებმა ვარგასი ტრანსფერზე დააყენეს და ფასად 18 მილიონი ევრო დაადეს. საინტერესოა, გადაიხდიან თუ არა ტურინელები ამ ოდენობის თანხას...

ამასობაში, ალესანდრო დელ პიერო გამოჩნდა ჟურნალისტებთან და კლუბის ირგვლივ მიმდინარე პროცესების შესახებ ისაუბრა:

"გამოგიტყდებით და ასე ოპტიმისტურად განწყობილი ბოლოს მაშინ ვიყავი, როდესაც გუნდში ზინედინ ზიდანი მოვიდა. კლუბის მესვეურები სატრანსფერო ბაზარზე ძალიან აქტიურად მუშაობენ და შევსებაც სოლიდური მივიღეთ. მირკო ვუჩინიჩის ტრანსფერმა ძალიან გამახარა და ერთი სული მაქვს, როდის გავალ მასთან ერთად მოედანზე. საერთოდაც, სეზონის გახსნას მოუთმენლად ველოდები, რათა "იუვენტუსი" ძველ სიმაღლეზე დავაბრუნოთ. მჯერა, რომ ამ ფორმაციის "იუვეს" ყველაფერი შეუძლია".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული