იტალია: ბუფონი - მაჯო, კიელინი, რანოკია (ბონუჩი, 78), კრიშიტო - მოტა (46. მარკიზიო), პირლო, დე როსი (64. აკვილანი), მონტოლივო (75. ნოჩერინო) - კასანო (59. პაცინი), როსი (59. ბალოტელი).
ესპანეთი: კასილიასი (46. ვალდესი) - ირაოლა (46. ალკანტარა), პიკე (46. ბუსკეტსი), ალბიოლი, არბელოა - ხავი მარტინესი, ჩაბი ალონსო, კასორლა, ინიესტა (46. ვილია) - სილვა (80. მატა), ტორესი (15. ლორენტე).
გოლები: 1:0 მონტოლივო (11), 1:1 ჩაბი ალონსო (37-პენ.), 2:1 აკვილანი (84).
ბარის "სან ნიკოლას" გადაჭედილ სტადიონზე იტალიის ეროვნულმა ნაკრებმა ესპანეთის უმთავრესი გუნდი
აპენინელების და პირინელეების პაექრობაში ფავორიტად უკანასკნელნი ითვლებოდნენ და ეს ნამდვილად არ არის გასაკვირი, რადგან ვისენტე დელ ბოსკეს გუნდი მსოფლიოსა და ევროპის მოქმედი ჩემპიონია. თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ "ფურია როხა" საუკეთესოა პლანეტაზე და გრანდებთანაც კი ფავორიტის სტატუსს უდავოდ იმსახურებს.
თუმცა, ამ შემთხვევაში ფავორიტი დამარცხდა და თანაც დამარცხდა ისეთ გუნდთან, რომელიც ჯერ კიდევ ჩამოყალიბების სტადიაშია; თანაც, თუ ამ გუნდის მთავარ მწვრთნელს დავუჯერებთ, ამ ეტაპზე "სკუადრა აძურა" შესაძლებლობების 50%-საც კი ვერ აჩვენებს... თუ იტალიის ეროვნულმა გუნდმა ესპანეთთან ნახევარი ძალით ითამაშა და ასეთ მეტოქეს სრულიად დამსახურებულად მოუგო, ე.ი. "აძურას" ძალიან კარგი მომავალი აქვს და ტიფოზებს გასახარად ჰქონიათ საქმე. დიახ, იტალიამ აჯობა ესპანეთს და მთლიანობაში, მართლაც რომ დამსახურებულად მოიგო.
მომენტები ორივე კართან საკმაო რაოდენობით შეიქმნა - პირველ ტაიმში, უპირატესობას მასპინძლები ფლობდნენ და გატანაც არაერთხელ შეეძლოთ, მეორეში კი ბურთზე კონტროლი უკვე ესპანელებმა დააწესეს და მომენტიც მეტი ჰქონდათ. ეს დიდწილად ანტონიო კასანოსა და ჯუზეპე როსის მოედნიდან გაყვანამ განაპირობა, რომლებიც გარდა უშუალო მოვალეობის შესრულებისა, უკანაც ხშირად იხევდნენ და ბურთი მეტოქის ნახევარზე გადაჰქონდათ.
მათ ნაცვლად მოედანზე გასული მარიო ბალოტელი და ჯანპაოლო პაცინი ჩრდილში მოექცნენ და მთლიანობაში, საკმაოდ ცუდი შეხვედრა ჩაატარეს. მომენტების აღწერით თავს არ შეგაწყენთ და მხოლოდ გატანილ გოლებზე გავამახვილებთ თქვენს ყურადღებას...
ანგარიში მეთერთმეტე წუთზე გაიხსნა, როდესაც რიკარდო მონტოლივო მეტპქის საჯარიმოში შეიჭრა, შესანიშნავი პასი მიიღო და ბურთი ერთი შეხებით, ტექნიკური დარტყმით გადაგზავნა იკერ კასილიასის კარის ჩარჩოში, 1:0. გოლი მართლაც ეფექტური გამოვიდა, მონტოლივოსთვის კი ეს პირველი შედეგიანი დარტყმაა ეროვნული ნაკრების მაისურით. გამათანაბრებელი გოლი ესპანელებმა თერთმეტმეტრიანით გაიტანეს, ზუსტი დარტყმით კი ჩაბი ალონსო გამოირჩა, 1:1. აღსანიშნავია, რომ ესპანელი ფორვარდის წინააღმდეგ საკუთარ საჯარიმოში ჯორჯო კიელინიმ იუხეშა და სწორედ ამ ეპიზოდს მოჰყვა პენალტის დანიშვნა.
რაც შეეხება გამარჯვების გოლს, მისი ავტორი ალბერტი ალკვილანი გახლავთ, რომელმაც დანიელე დე როსი შეცვალა და თამაშში საკმაოდ კარგად ჩაერთო. ალბერტოს დარტყმის შემდეგ, ბურთი მცველს მოხვდა, მიმართულება შეიცვალა და ისე გაეხვა უკვე ვალდესის კარის ბადეში, 2:1.
როგორც უკვე აღვნიშნეთ, იტალიის ეროვნულმა ნაკრებმა მთლიანობაში დამსახურებულად დაამარცხა მეტოქე და შესაბამისად, საკმაოდ კარგი შთაბეჭდილება დატოვა. განსაკუთრებულად პროდუქტრიული გახლდათ ანტონიო კასანო, რომელიც მშობლიურ ბარიში ასპარეზობდა. შეგახსენებთ, რომ კასანო სწორედ ბარიდან გახლავთ და კარიერის საწყისი წლები ადგილობრივ გუნდში აქვს გატარებული. შესაბამისად, ანტონიო გულშემატკივრებმა დიდი სითბოთი მიიღეს. ანტონიო ბედნიერი გახლდათ და ჟურნალისტებთან საუბარში შემდეგი განაცხადა:
"მადლობა მინდა გადავუხადო გუილშემატკივრებს, რომლებმაც უდიდესი სითბო მაგრძნობინეს და გულიც კი ამიჩუყეს. კარიერის საწყისი წლები გამახსენდა და სურვილი გამიჩნდა, რომ იმ დროში დავბრუნდე. რაც შეეხება ესპანეთთან თამაშს, მთელმა გუნდმა კარგად იასპარეზა და მეტოქეს დამსახურებულად ვძლიეთ. მართალია, ბურთის ფლობის თვალსაზრისით გვჯობდნენ, მაგრამ სხვა ყველა კომპონენტში ჩვენი უპირატესობა ნათელი გახლდათ. მიხარია, რომ ამ გუნდის ნაწილი ვარ და მჯერა, წინ დიდი გამარჯვებები გველის".
გახარებული გახლდათ ჩეზარე პრანდელიც, რომელმაც მატჩისშემდგომ პრესკონფერენციაზე შემდეგი განაცხადა:
"ბედნიერი ვარ, რომ ასეთ ძლიერ მეტოქეს ხეირიანად თამაშის საშუალებაც კი არ მივეცით და ღირსეულად დავამარცხეთ. მართალია, ჩვენ ვერასდროს ვითამაშებთ ისე, როგორც "ბარსელონა", მაგრამ სხვა კოზირები გვაქვს და ესპანელებთან პაექრობაში ეს კარგად გამოჩნდა. მაინც რა? - თუნდაც კონტრშეტევები, მეორე ნახევარში უკნიდან ვითამაშეთ და ეს საქმეც შესანიშნავად გამოგვივიდა. მიუხედავად იმისა, რომ დასახვეწი ჯერ კიდევ ბევრია, შეგირდების მიმართ სასაყვედურო არაფერი მაქვს, რადგან თავი არც ერთს არ დაუზოგავს".
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"