არენა უკვე დასრულებულია, თანამედროვე მოთხოვნებს სრულად აკმაყოფილებს და პირველი შეხვედრის მოლოდინშია. პირველი პაექრობა კი სწორედ 8-ში გაიმართება, სტადიონზე მისული გულშემატკივრები ამხანაგურ შეხვედრას იხილავენ, რომელშიც ერთმანეთის პირისპირ ორი “ბიანკონერი”, “იუვენტუსი” და “ნოტს ქაუნთი” წარსდგება. სწორედ ამ ინგლისური კლუბის დამსახურებაა ის, რომ “ვეკია სენიორას” ტრადიციული ამუნიცია შავ-თეთრ ფერებშია გადაწყვეტილი. ამ ნაბიჯით, “იუვენტუსის” მესვეურებმა პატივი სცეს “ნოტს ქაუნთის” და სწორედ
“იუვენტუსის” ახალი სტადიონის შესახებ იმდენჯერ გვქონდა საუბარი, რომ დეტალურად მისი აღწერისგან თავს შევიკავებთ, მხოლოდ იმას შეგახსენებთ, რომ ტრიბუნები 42 000 გულშემატკივარს დაიტევს. “იუვეს” სპორტული დირექტორი ჯუზეპე მაროტა არენის პრეზენტაციას მოუთმენლად ელოდება:
“სტადიონის მშენებლობას ინტენსიურად ვადევნებდი თვალს და ერთი სული მაქვს როდის დადგება პრეზენტაციის დღე. დასამალი არ არის, რომ ბოლო წლებში “იუვენტუსის” საშინაო შეხვედრებზე ისეთი ატმოსფერო არ იყო, როგორც ამ გუნდს შეეფერება, მაგრამ ამ სეზონიდან ყველაფერი სხვაგვარად იქნება. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ საუკეთესო სტადიონი გვქნება მთელ იტალიაში, ერთ-ერთი საუკეთესო კი მსოფლიო მასშტაბით. აქამდეც მითქვამს და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ახალი სტადიონი კლუბს დამატებით შემოსავალს მოუტანს, შემოსული თანხები კი მთლიანად სატრანსფერო კამპანიას მოხმარდება. ეს იმას ნიშნავს, რომ ყოველ ზაფხულს თუ ზამთარს, ახალი ფეხბურთელების შესაძენად მინიმუმ 15 მილიონი ევროთი მეტს დავხარჯავთ. სწორედ ასე ვითარდება კლუბი და ადის განვითარების ახალ სიმაღლეებზე”.
ახალი სტადიონის პრეზენტაციას იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი, ჯანკარლო აბეტეც გამოეხმაურა: “ახალი არ არის, რომ სტადიონების მხრივ იტალიაში არც თუ სახარბიელო მდგომარეობაა. არენების უმეტესობა მოძველდა და თანამედროვე კრიტერიუმებს ვეღარ აკმაყოფილებს. გამომდინარე აქედან, “იუვეს” სტადიონის პრეზენტაცია მთლიანად იტალიური ფეხბურთისთვის მნიშვნელოვანი მოვლენაა. ბედნიერი ვარ, რომ ქვეყნის ყველაზე ტიტულოვანი გუნდი ისეთ არენაზე იასპარეზებს, როგორიც მას შეშვენის, დარწმუნებული ვარ, ტურინული გრანდის ახალი სტადიონი სანაკრებო შეხვედრებსააც უმასპინძლებს, მოკლედ, 8 სექტემბერს ძალიან კარგ საჩუქარს მივიღებთ”.
ახალი სტადიონის გახსნას მოუთმენლად ელოდებიან ფეხბურთელებიც, რაზეც ჯორჯო კიელინის სიტყვები მეტყველებს:
“ერთი სული მაქვს როდის დავდგავ ფეხს ახალი სტადიონის გაზონზე და როდის ჩავატარებთ პირველ პაექრობას. დარწმუნებული ვარ, დაახლოებით ანალოგიური განცდები აქვთ გულშემატკივრებსაც, რომლებიც წლების განმავლობაში ელოდნენ ამ მოვლენას. ერთი სიტყვით, კლუბში პოზიტიური ატმოსფეროა და მჯერა, რომ ეს შედეგებზეც შესაბამის გავლენას იქონიებს. გრძელი და რთული სეზონისთვის ვემზადებით, მაგრამ რაც მთავარია, საკუთარი თავის რწმენა გვაქვს. ამასთან, კარგად გვაქვს გაცნობიერებული თუ რა პასუხისმგებლობა გვაწევს ზურგზე. ჩაგდებული სეზონის შემდეგ, უბრალოდ ვალდებულნი ვართ, რომ ქომაგთა თვალში რეაბილიტაცია მოვახდინოთ”.
ამასობაში, “იუვენტუსმა” ამხანაგური შეხვედრა ჩაატარა და “ბეტისთან” ნულოვან ფრეს დასჯერდა. რაც მთავარია, მთელი შეხვედრის განმავლობაში ესპანელები ტერიტორიულ უპირატესობას ფლობდნენ და რომ არა "იუვეს” კიპერთა მაღალი ოსტატობა, შეხვედრა პირენეელთა გამარჯვებით დასრულდებოდა. არადა, “ბიანკონერიმ” საბრძოლო შემადგენლობით იასპარეზა და შეხვედრაში თითქმის ყველა წამყვანმა ფეხბურთელმა მიიღო მონაწილეობა. ნამატჩევს, ტურინული გრანდის მთავარ მწვრთნელ ანტონიო კონტეს თავის მართლება მოუწია:
“მესმის გულშემატკივრების, რომლებსაც უნდათ, რომ თითოეულ შეხვედრაში გუნდმა ფენომენალური ფეხბურთი ითამაშოს, მაგრამ ყველაფერი ისე არ ხდება, როგორც ჩვენ გვინდა. იყო პოზიტიური მომენტებიც, მაგრამ შეცდომაც ბევრი დავუშვით, რაც მომავალში აღარ უნდა განმეორდეს. საკონტროლო შეხვედრები სწორედ იმიტომ იმართება, რომ ხარვეზები დაინახო და შემდეგ აღმოფხვრა. გუნდი ჩამოყალიბების პროცესშია და თუ გვინდა, რომ კარგი შედეგი მივიღოთ, მოთმინება გვმართებს. ფეხბურთელები წნეხის ქვეშ არ უნდა მოვაქციოთ, მათ ისედაც დიდი პასუხისმგებლობა აწევთ ზურგზე. ერთი სიტყვით, მთავარია მშვიდად მუშაობის საშუალება გვქონდეს”.
იუვენტუსი-ბეტისი 0:0
იუვენტუსი: ბუფონი (46. სტორარი) - ლიხტშტაინერი, ბონუჩი, ბარძალი, დე ჩელიე - პირლო (77. პაციენცა), მარკიზიო, კრასიჩი (84. სორენსენი), პასკუატო (84. რუჯერო) - ვუჩინიჩი (65. იაკვინტა), მატრი (65. დელ პიერო).
ბეტისი: კასტო - ჩიკა (77. ისიდორო), დორადო (87. კალახორო), მარიო (57. ამაია), ნაჩო (32. ალექს მარტინესი) - ირინეი (55. სერხიო როდრიგესი), ბენატი (77. კანიატი), სალვა სევილია (65. მატილია), რუბენ კასტრო - მოლინა, მონტერო (77. ხუანმა).
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
დავადგავ არა - დავადგამ.