"მილანის" მორიგი ტრიუმფი

AutoSharing Option
მილანი-იუვენტუსი 2:1
მილანი (4-4-1-1): აბიატი - აბატე (89. ოდო), ნესტა (58. ელი), ბონერა, ტაოვო (48. ძამბროტა) - გატუზო, ამბროზინი, ზეედორფი (85. ანტონინი) - ემანუელსონი - ბოატენგი (30. ფლამინი) - კასანო.
იუვენტუსი (4-4-2): ბუფონი - ლიხტშტაინერი, ბონუჩი, კიელინი, დე ჩელიე (86. ციგლერი) - პირლო, მარკიზიო (72. პაციენცა), ვიდალი (54. პასკუატო), კრასიჩი (86. კვალიარელა) - ვუჩინიჩი, მატრი (44. დელ პიერო).
გოლები: 1:0 ბოატენგი (9), 2:0 ზეედორფი (22), 2:1 ვუჩინიჩი (55).

ბერლუსკონის თასი ტრადიციულად ”მილანის” და ”იუვენტუსის” პაექრობაში თამაშდება და ბუნებრივია, ამჯერადაც ასე მოხდა.
სანამ უშუალო მატჩზე გადავიდოდეთ, იმის შესახებ ვთქვათ თუ რატომ ეთამაშება ”მილანი” ყოველ წელს მაინც და მაინც ”იუვენტუსს”?! უფრო სწორად, ამის შესახებ სილვიო ბერლუსკონი იტყვის:

”ამის ახსნა მარტივია - ერთმანეთის წინაშე ქვეყნის ორ ყველაზე ტიტულოვან გუნდს უწევს დაპირისპირება. თუ ”იუვენტუსს” შიდა ტიტულებში ბადალი არ ჰყავს, ჩვენ საერთაშორისო ტროფეების რაოდენობით ვართ სხვებზე წინ. გამომდინარე აქედან, წესით გასაკვირი არ უნდა იყოს, რომ თასისთვის ბრძოლაში მეტოქედ ”იუვენტუსი” გვყავს არჩეული. თუ დააკვირდებით, თითოეული ჩვენი თამაში საინტერესო გამოდის და გულშემატკივარი ყოველთვის კმაყოფილი რჩება განურჩევლად შედეგისა”.

გულშემატკივარი ამჯერადაც კმაყოფილი დარჩა, მით უმეტეს, ”მილანმა” გაიმარჯვა და მთლიანობაში დაჯაბნა კიდეც მეტოქე. არადა, ანტონიო კონტესგან განსხვავებით, მასიმილიანო ალეგრის არაერთი წამყვანი ფეხბურთელი აკლდა: ზლატან იბრაჰიმოვიჩი, ალეშანდრე პატო, ტიაგო სილვა, რობინიო, მარკ ვან ბომელი... მიუხედავად ამისა, ”მილანმა” უპირატესობით წარმართა შეხვედრა და როგორც ერთხელ უკვე აღვნიშნეთ, დამსახურებულად გაიმარჯვა.

ალეგრის შეგირდებმა მალევე გაიტანეს ორი გოლი და საქმე ფაქტობრივად მოამთავრეს - მეცხრე წუთი მიმდინარეობდა, როდესაც ინაციო აბატემ მარჯვენა ფლანგიდან ჩააწოდა და ბურთი პირდაპირ კევინ პრინც ბოატენგს დაასვა ფეხზე, ამ უკანასკნელის დარტყმული უზადო გამოდგა, 1:0. მეორე გოლი კლარენს ზეედორფის ანგარიშზეა, რომელმაც საჯარიმოს შესრულება აიღო საკუთარ თავზე და ჯანლუიჯი ბუფონის კარის შორეული ცხრიანი დალაშქრა, 2:0. ერთი ბურთი მეორე ტაიმში მირკო ვუჩინიჩმა გაქვითა, ჩერნოგორიელი ალესანდრო დელ პიერომ შეატოვა კიპერს პირისპირ და მანაც ერთი შეხებით გადაგზავნა ბურთი კრისტიანი აბიატის კარში, 2:1.

მომენტები კიდევ არაერთი შეიქმნა, განსაკუთრებით ”იუვენტუსის” კართან, მაგრამ მთელ რიგ ეპიზოდებში ჯიჯი ბუფონი შეუდარებელი გახლდათ. ის, რომ ძალიან კარგად მოასპარეზე ანტონიო კასანომ გოლის გატანა ვერ მოახერხა, პირველ რიგში სწორედ ბუფონის დამსახურებაა.

აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ, რომ ალეგრიმ ყველასათვის მოულოდნელად 4-4-1-1 ტაქტიკა აირჩია, რამაც გაამართლა კიდეც. ერთადერთი გამოკვეთილი ფორვარდი კასანო გახლდათ, მის უკან კი ბოატენგი ირჯებოდა. ფლანგებიდან შემტევებს ურბი ემანუელსონი და კლარენს ზეედორფი ეხმარებოდნენ. ექსპერიმენტმა გაამართლა, ”მილანის” შეტევა საკმაოდ კარგად გამოიყუერებოდა და ალეგრის მისამართით კრიტიკა არავის დასცდენია.

რაც შეეხება ”იუვენტუსს”, აშკარაა, რომ ანტონიო კონტე ჯერ კიდევ ძიების პროცესშია. კლაუდიო რანიერისა და ლუიჯი დელ ნერის მსგავსად, მანაც 4-4-2-ზე შეაჩერა არჩევანი და თავდასხმაში მირკო ვუჩინიჩის და ალესანდრო მატრის ტანდემი გაამწესა. თუმცა, ”იუვეს” შეტევა მას შემდეგ გამოცოცხლდა, რაც მოედანზე მეორე ალესანდრო, დელ პიერო შევიდა. რამდენჯერმე, პირლომ და დელ პიერომ მაღალი კლასის და შეთამაშების კარგი მაგალითი გვიჩვენეს და ”სან სიროზე” შეკრებილ გულშემატკივრებს ტაშიც კი დასტყუეს. ბარემ ვთქვათ, რომ პირლოს ”მილანის” ქომაგები გულთბილად დახვდნენ და ტაშიც არაერთხელ დაუკრეს. ნამატჩევს, ანდრეა აღელვებული იყო:

ძალიან სასიამოვნოა იმ სტადიონზე დაბრუნება, სადაც კარიერის საუკეთესო წლები გაქვს გატარებული. ხშირად ვფიქრობდი იმაზე თუ როგორ მიმიღებდნენ ”მილანის” გულშემატკივრები და ბედნიერი ვარ, რომ ჩემი მოლოდინი ბოლომდე გამართლდა. მართალია, ”იუვენტუსის” ფეხბურთელი ვარ, მაგრამ ჩემი გულის ნაწილი ნამდვილად ”მილანს” ეკუთვნის. რაც შეეხება უშუალოდ შეხვედრას, კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ სასწავლი და დასახვეწი ჯერ კიდევ ბევრი გვაქვს. ”მილანმა” კარგად ითამაშა და დამსახურებულად გაიმარჯვა, ჩვენ კი ხარვეზების აღმოფხვრა მოგვიწევს. ყველაზე მეტად ის მახარებს, რომ რესურსი არის და გუნდს უმაღლეს დონეზე შეუძლია თამაში”.

თამაშს სილვიო ბერლუსკონი დაესწრო და ზემოთ მისი კომენტარიც გაგაცანით - “მილანის’ პრეზიდენტს კიდევ ერთხელ უნდა მივიბრუნდეთ, რადგან მატჩის შემდეგ სხვაც ბევრი თქვა საინტერესო: “თამაშს ყურადღებით მივადევნე თვალი და მთლიანობაში კმაყოფილი დავრჩი. შეტევის ხაზი აშკარად ძლიერია და ეს მიუხედავად იმისა, რომ ძირითადი შემადგენლობის რამდენიმე ფეხბურთელი ყოველთვის ტრავმირებული გვყავს. თავად განსაჯეთ, “იუვენტუსის” წინააღმდეგ ალეშანდრე პატომ, ზლატან იბრაჰიმოვიჩმა და რობინიომ ვერ იასპარეზეს - მიუხედავად ამისა, საკმაოდ სახიფატოდ ვუტევდით. გამომდინარე აქედან, მარიო ბალოტელის და კაკას გადაბირების საკითხი დღის წესრიგში ნამდვილად არ დგას.

რაც შეეხება ალბერტო აკვილანის, ის ნამდვილად წაადგება გუნდს და მის ტრანსფერზე ვმუშაობთ კიდეც. მატჩის მსვლელობისას ადრიანო გალიანისთან სწორედ სატრანსფერო საკითხებზე ვსაუბრობდი და იმ დასკვნამდე მივედით, რომ აკვილანი გვჭირდება. როგორც გალიანიმ მითხრა, ეს მასიმილიანო ალეგრის სურვილია, რომელიც დიდია შანსი ასრულდეს კიდეც. დღეს, რაიმეზე გადაჭრით ლაპარაკი გამიჭირდება, მაგრამ მიზნის მისაღწევად ყველაფერს ვაკეთებთ. როგორ ფორმაში ხვდება გუნდი ახალ სეზონს? - ეს კითხვა უფრო ალეგრის ეკუთვნის, მაგრამ შევეცდები, რომ ვუპასუხო. ჩემი პირადი აზრით, ბოლო ათ წელიწადში “მილანი” ასე კარგად არასდროს ყოფილა მომზადებული სეზონისთვის”.

სიტყვამ მოიტანა და ბოლოს აკვილანის ‘მილანში” შესაძლო გადაბარგების შესახებ ვთქვათ. თუ “გაძეტა დელო სპორტს” დავუჯერებთ, მოლაპარაკებები დასკვნით ფაზაშია შესული და თითქმის გადაწყვეტილია, რომ აკვილანი სწორედ “როსონერიში’ გააგრძელებს კარიერას. რაც მთავარია, ავტორიტეტულ გამოცემასთან საუბარში ეს ინფორმაცია თავად ფეხბურთელმა დაადასტურა:

“დასამალი არაფერია, ძალიან ახლოს ვარ იმასთან, რომ “მილანის” ფეხბურთელი გავხდე. ეს ჩემი ახდენილი ოცნება იქნება და არც ვმალავ, რომ ამ ტრანსფერით დაინტერესებული ვარ. კლუბებს შორის მიმდინარე მოლაპარაკებები წარმატებით მიმდინარეობს და დღე დღეზე ყველაფერი გადაწყდება”.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული