კალჩო ჩიხშია, გამოსავალი არ ჩანს

AutoSharing Option
იტალიურ სპორტულ სამყაროში მთავარი სალაპარაკო თემა სერია ა-ს სტარტის გადადებაა. ბოლო წლებში, თითქმის ყველა ჩემპიონატის წინ იყო საუბრები შესაძლო გაფიცვის შესახებ, მაგრამ ასე სერიოზულად საქმე ჯერ არ ყოფილა.

კიდევ ერთხელ, მოკლედ ვიტყვით იმის შესახებ, რომ კონფლიქტი "ლეგა კალჩოს" და იტალიის პროფესიულ ფეხბურთელთა კავშირს შორის მოხდა - უფრო სწორად, ეს კონფლიქტი და გაუგებრობა უკვე დიდი ხანია არსებობს და ბოლო არ უჩანს. თუ რაში მდგომარეობს დაპირისპირების არსი, ამის შესახებ აქამდე არაერთხელ გვითქვამს და აღარ გავიმეორებთ, მხოლოდ ის აღვნიშნოთ, რომ სადავო საკითხთა ნუსხა
საკმაოდ ვრცელია და შესაბამისად, მოლაპარაკების პროცესიც რთულად მიმდინარეობს.

მეორე მხრივ, კონფლიქტი არ შეიძლება დიდ ხანს გაგრძელდეს, რადგან სერია ა-ს 2011/2012 წლის ჩემპიონატი ჩაშლის საფრთხის წინაშე უბრალოდ ვერ დადგება - და თუ დადგა და მით უმეტეს, ჩაიშალა, ამით ყველა იზარალებს: "ლეგა კალჩოც", ფეხბურთელებიც და გულშემატკივრებიც.

მოკლედ, ვითარება მეტად რთულია, რასაც "მილანის" ვიცე პრეზიდენტი ადრიანო გალიანიც ადასტურებს: "უნდა ვაღიაროთ, რომ საკმაოდ რთულ სიტუაციაში აღმოვჩნდით, რომლისგანაც გამოსავალია მოსაძებნი. სერია ა-ს პირველი ტური დაგეგმილ დროს არ შედგა, რაც თითოეული ჩვენგანის მარცხია. დიახ, ამ გაფიცვით მთლიანად იტალიური ფეხბურთი ფეხბურთი დამარცხდა და ყველაფერი უნდა ვიღონოთ, რომ მეორე ტურის თარიღს მაინც არ გადავაცილოთ ჩემპიონატის სტარტი. გაფიცულ ფეხბურთელთა წარმომადგენლებს პირადად ვესაუბრე და მათი მოთხოვნები მოვისმინე. არის საკითხები, რომლებზეც თავისუფლად შეიძლება კონსენსუსის მიღწევა, მაგრამ რიგ შემთხვევებში მათი მოთხოვნები უტოპიურია. ნებისმიერ შემთხვევაში, უახლოეს დღეებში მოლაპარაკების მაგიდას უნდა მივუჯდეთ და ერთად მივიდეთ იმ დასკვნამდე, რომ ჩემპიონატი აუცილებლად უნდა დაიწყოს".

გაფიცვას იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ჯანკარლო აბეტე გამოეხმაურა და შემდეგი განაცხადა: "სიმართლე გითხრათ, "ლეგა კალჩოს" საქმიანობაში არასდროს ვერეოდი, მაგრამ ისეთი ვითარებაა შექმნილი, რომ სხვა გამოსავალი უბრალოდ არ მაქვს. პირადად ვაწარმოებ შეხვედრებს შესაბამის პირებთან და ვცდილობ არსებული კონფლიქტი უმოკლეს დროში მოგვარდეს. ამ ყველაფრით იტალიური ფეხბურთი, გულშემატკივრები ზარალდებიან და გამოსავალი მალე უნდა ვიპოვნოთ".

აქვე ვთქვათ, რომ სერია ა-ს მეორე ტური 11 სექტემბერს არის დაგეგმილი და მხარეებს კონსენსუსის მისაღწევად დაახლოებით ორი კვირა აქვთ დარჩენილი. თუ მდგომარეობა არ შეიცვალა და ჩემპიონატი მეორე ტურით მაინც არ დაიწყო, მაშინ მდგომარეობა კრიტიკულ ზღვარს მიაღწევს, საიდანაც გამოსავლის მოძებნა კიდევ უფრო რთული იქნება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული