გოლები თითქმის განახევრდა, მცველები გამოფხიზლდნენ

AutoSharing Option
ტურის სიმბოლური ნაკრები
დე სანკტისი (ნაპოლი) - კვადრადო (ლეჩე), ბარცალი (იუვენტუსი), ბელუში (კატანია), გროსო (იუვენტუსი) - ხორკერა (ჯენოა), გარგანო (ნაპოლი), ბონავენტურა (ატალანტა) - ჯოვინკო (პარმა), კავანი (ნაპოლი), მატრი (იუვენტუსი).

ტრადიციულად, ტურის სიმბოლურ ნაკრებში ოთხი მცველი, სამი ნახევარმცველი და სამი თავდამსხმელია.

შემტევებიდან ყველაზე გამორჩეული მაინც ედინსონ კავანი გახლავთ, რომელზეც ქვემოთ უფრო ვრცლად ვისაუბრებთ, მაგრამ პრინციპში, ნაკლები საქმე არც სებასტიან ჯოვინკომ და ალესანდრო მატრიმ გააკეთეს - ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, სწორედ მათი გოლების წყალობით მოიგეს შესაბამისად "პარმამ" და "იუვენტუსმა".

ნახევარდაცვაში ბონავენტურასა და
ხორკერას სახით სრულიად ახალი სახეები გვყავს, რომლებმაც მეორე, ანუ გამხსნელ ტურშიც საკმაოდ კარგი შთაბეჭდილება დატოვეს.

მათთან ერთად კი ვალტერ გარგანოს ვხედავთ, "ნაპოლის" გამოცდილ შუახაზელს, რომელმაც "მილანის" დამარცხებაში დიდი წვლილი შეიტანა. განსაკუთრებით აღსანიშნავი მისი მოქმედება კავანის მეორე გოლის ეპიზოდში გახლდათ, საკუთარი ნახევრიდან დაიძრა, სამ ფეხბურთელს აუარა გვერდი და როდესაც ყველას ეგონა, რომ კარში დაარტყამდა, თანამემამულეს იდეალური სიზუსტის გადაცემა გაუკეთა - მოკლედ, გარგანომ გაიბრწყინა და სრულიად დამსახურებულად მოხვდა თერთმეტ საუკეთესო მოთამაშეს შორის.

რაც შეეხება დაცვას, ზედიზედ მეორედ ხვდება რჩეულ ფეხბურთელებს შორის ანდრეა ბარცალი, რაც იმის მაუწყებელია, რომ "იუვენტუსის" ცენტრალური მცველი შესანიშნავ ფორმაშია. მასთან ერთად, კიდევ ერთ "იუვენტინოს", ფაბიო გროსოს ვხედავთ, რომელიც მარტო იმიტომ მოხვდა ძირითად შემადგენლობაში, რომ პაოლო დე ჩელიეა ტრავმირებული. კარგად წარმოჩნიდნენ კვადრადო "ლეჩედან" და ბელუში "კატანიადან" - შესაბამისად, ისინიც სიმბოლურ ნაკრებში არიან.

ტურის გმირი
ტურის უდავო გმირი ედინსონ კავანი გახლავთ, რომელმაც ჰეთთრიკი შეასრულა "მილანთან" პაექრობაში და კიდევ ერთხელ დაგვანახვა, რომ უმაღლესი კლასის ფორვარდია.

სამივე გოლის ეპიზოდში ურუგვაელმა ბურთი ერთი შეხებით გადაგზავნა კრისტიან აბიატის კარის ჩარჩოში, რაც სწორედაც რომ უმაღლესი კლასი მაჩვენებელია. ნამატჩევს, კავანი ბედნიერი იყო და ემოციები არც ჟურნალისტებთან საუბრისას დაუმალავს:

"არის თამაშები, როდესაც ყველაფერი გამოგდის და სწორედ ასე იყო "მილანთან" დაპირისპირებისას. მთლიანობაში, სრულიად დამსახურებულად გავიმარჯვეთ, რაშიც თითოეულ ფეხბურთელს თანაბარი წვლილი მიუძღვის. კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ "ნაპოლი" ერთ მუშტად შეკრული გუნდია, რომელსაც უმაღლესი მიზნებისთვის ძალუძს ბრძოლა".

ტურის უიღბლო
სერია ა-ს მიმდინარე გათამაშების მეორე, ანუ გამხსნელ ტურში "ფიორენტინამ" სამი ქულა აიღო და ბევრი ალაპარაკდა იმის შესახებ, რომ "ვიოლასთვის" ეს სეზონი წარმატებული იქნება.

თუმცა, მესამე ტური ფლორენციელთათვის ყოველმხრივ წარუმატებელი გამოდგა - სინიშა მიხაილოვიჩის გუნდმა "უდინეზესთან" მარცხნი იწვნია, რასაც ალბერტო ჯილარდინოს ტრავმაც დაერთო თან. დიახ, გუნდის საუკეთესო ფორვარდი 68-ე წუთზე გაიყვანეს საკაცით მოედნიდან და როგორც შემდეგ გაცხადდა, საკმაოდ მძიმე ტრავმა აქვს მიღებული.

ექიმების პირველადი გამოკვკლევის შედეგად, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჯილარდინოს მინიმუმ ექვსი კვირა მოუწევს უქმობა და არც ის არის გამორიცხული, რომ მკურნალობის პროცესმა ორ თვეზე მეტხანს გასტანოს. ერთი სიტყვით, გარკვეული პერიოდით მიხაილოვიჩს წამყვანი ფორვარდის გარეშე მოუწევს ფონს გასვლა.

ტურის უიღბლო კი ჯილარდინოსთან ერთად, მიხაილოვიჩი გახლავთ, რომელიც გასული სეზონის სტარტზეც ანალოგიურად დარჩა ერთ-ერთი საუკეთესო შემტევის გარეშე - შეგახსენებთ, რომ მაშინ კიდევ უფრო მძიმე ტრავმა სტევან იოვეტიჩმა მიიღო, რის გამოც მთელი სეზონი გაუცდა.

ტურის გამარჯვება
ტურის გამარჯვება "ნაპოლიმ" მოიპოვა და ამ შეხვედრაზე დიდ ხსანს აღარ შევჩერდებით, რადგან ზემოთ უკვე აღვნიშნეთ, რომ "სან პაოლოზე" ედინსონ კავანის ბენეფისი იყო. ამიტომ, პირდაპირ ნეაპოლური კლუბის
პრეზიდენტს, აურელიო დე ლაურენტისს გადავცეთ სიტყვა:

"გუნდი მომწიფებულია იმისთვის, რომ სკუდეტო მოიპოვოს და "მილანთან" შეხვედრამ ეს ნათლად დაადასტურა. თუმცა, ამისთვის კოლოსალური შრომა და თითოეულ შეხვედრაში მაქსიმალური მობილიზებაა საჭირო. თუ ისეთივე თავგამოდებით არ ვითამაშეთ აუტსაიდერებთან, როგორც მოქმედ ჩემპიონთან, მაშინ არაფერი გამოგვივა. მჯერა ჩვენი ფეხბურთელების, ჩვენი მწვრთნელის და იმედია, ყველაფერი კარგად იქნება".

ტურის იმედგაცრუება
არაერთხელ დავწერეთ იმის შესახებ თუ როგორი რიხით დაიწყო სეზონი "ლაციომ" და რომ ამ გუნდს უმაღლესი მიზნებისთვის შეუძლია ბრძოლა.

ამის შესახებ იტალიურ საფეხბურთო სამყაროში აქტიურად მსჯელობდნენ და არც თუ უსაფუძლოდ, რადგან ედუარდო რეიას შეგირდებმა რამდენიმე შეხვედრა მძლავრად ჩაატარეს და მნიშვნელოვანი გამარჯვებებიც მოიპოვეს. მოკლედ, "ლაციოს" გულშემატკივრები მოუთმენლად ელოდნენ გუნდის პირველ საშინაო შეხვედრას, თუმცა მათი მოლოდინი არ გამართლდა - რომაელებმა უხეიროდ ჩაატარეს შეხვედრა და "ჯენოას" სამივე ქულა დაუთმეს.

ფეხბურთის ქართველი გულშემატკივრებისთვის ეს არა თუ იმედგაცრუება, სასიამოვნო ამბავია, მაგრამ თუ საერთო გადასახედიდან შევხედავთ, მესამე ტურში ყველაზე მეტად, საკუთარი, ოპტიმიზმით აღსავსე გულშემატკივრები სწორედ "ბიანკოჩელესტემ" გააწბილა.

ტურის ფრაზა
ფრანჩესკო გვიდოლინი (უდინეზეს მთავარი მწვრთნელი): "რატომ არ მიმუშავია აქამდე ტოპ-კლუბში? - იმიტომ, რომ არასდროს მყოლია გავლენიანი მეგობრები..."

ციფრები და ფაქტები
- მესამე ტურში 15 გოლით ნაკლები გავიდა, ვიდრე მეორეში, რაც იმის მაუწყებელია, რომ მცველები ფორმაში შედიან;

- პირველი გოლები გაიტანეს სერია A-ში ტიაგო რიბეირომ (კალიარი) და იურაი კუჩკამ (ჯენოა);

- 22 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც "ნაპოლიმ" ორი გამარჯვებით დაიწყო ჩემპიონატი;

- შაბათი "კალიარისთვის" ისტორიული დღე იყო, რადგან გუნდი 41-წლიანი პაუზის შემდეგ ჩაუდგა სატურნირო ცხრილს სათავეში;

- ორი ტურის შემდეგ, "ინტერს" გამარჯვება არ მოუპოვებია, ასეთი რამ ბოლოს 1983/1984 წლების სეზონში მოხდა;

- ხავიერ ძანეტიმ 756-ჯერ მოირგო "ინტერის" მაისურა და ამ მაჩვენებლით "ნერაძურის" კიდევ ერთ ლეგენდარულ კაპიტანს, ჯუზეპე ბერგომის გაუთანაბრდა;

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული