"მილანი" კრასიჩით დაინტერესდა

AutoSharing Option
"კორიერე დელო სპორტის" მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, "მილანის" მესვეურები მილოშ კრასიჩით დაინტერესდნენ და მისი გადაბირება დაისახეს მიზნად.

მართალია, ეს ყველაფერი ზამთრის სატრანსფერო ფანჯარას ეხება და იქამდე კიდევ შორია, მაგრამ ტრანსფერის მასშტაბიდან გამომდინარე, აქედანვე გამოიწვია ჟურნალისტთა ინტერესი. თურმე, სერბის თამაშით ანტონიო კონტე არც თუ ისე კმაყოფილია და მისი გასხვისების წინააღმდეგი სულაც არ არის, ეს ამბავი კი "მილანის" მესვეურთა ყურამდე მივიდა...

გავრცელებულ ინფორმაციას "მილანის" დირექტირთა საბჭოს წევრი არიედო ბრაიდა პრაქტიკულად ადასტურებს: "კრასიჩი შესანიშნავი ფეხბურთელია, იოლად აუღო ალღო კალჩოს და მის გადაბირებაზე ნამდვილად
არ ვიტყოდით უარს.

დიდია შანსი, "იუვენტუსის" მესვეურებთან მოლაპარაკების პროცესი დავიწყოთ, რადგან ჩემი ინფორმაციით, მილოში ხელშეუხებელ მოთამაშეთა რიცხვს არ მიეკუთვნება. ვნახოთ, ყველაფერს დრო გვიჩვენებს, უფრო კონკრეტულს დღეს ვერაფერს გეტყვით".

ამასობაში, ფილიპო ინძაგი გამოჯანმრთელდა და ერთ-ერთ საკონტროლო შეხვედრაში, რომელიც "მილანმა" სამოყვარულო გუნდთან გამართა,

ექვსი გოლი გაიტანა. ასეთი შედეგიანობა მასიმილიანო ალეგრისთვის საკმარისი სტიმული აღმოჩნდა იმისთვის, რომ ინძაგი "უდინეზესთან" მატჩის განაცხადში შეეყვანა. პიპო თავს შესანიშნავად გრძნობს და ერთი სული აქვს, როდის დაუბრუნდება მოედანს ოფიციალურ შეხვედრაში:

"ექიმებს ველაპარაკე და მითხრეს, რომ ტრავმისგან სრულიად გამოვჯანმრთელდი. ყველაფერი იმაზე უფრო კარგად არის, ვიდრე მეგონა, რაც ძალიან მახარებს. თავს შესანიშნავად ვგრძნობ და მოედანზე დაბრუნების ცხოველი სურვილი მაქვს. ბევრმა უკვე ჩამომწერა, თუმცა ეს არ მწყინს და პირიქით, მათი მესმის კიდეც - ჩემი მხრივ, ბევრს ვიშრომებ, რომ ყველას დავანახო: პიპო ინძაგის ჯერ კიდევ შეუძლია უმაღლეს დონეზე თამაში".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული