დიდი მატჩი ახალ სტადიონზე

AutoSharing Option
სერია A-ს VI ტური ბევრ საინტერესოს გვიქადის და იმედი გვაქვს, რომ მოლოდინი სრულად გამართლდება. დღეს გასამართი ორივე შეხვედრა ყურადღების ცენტრშია მოქცეული და თუ რატომ, ამას ბევრი ახსნა წესით არ უნდა სჭირდებოდეს. "რომა" კრიზისის დაძლევას ცდილობს და საკუთარ მოედანზე იმ გუნდს მიიღებს, რომელიც წესით სათავეში უნდა ედგეს სატურნირო ცხრილს.

ლაპარაკია ბერგამოს "ატალანტაზე", რომელსაც მხოლოდ იმიტომ აქვს ქულათა მარაგში ციფრი 4, რომ ერთი იმდენი და კიდევ ორით მეტი ჩემპიონატის დაწყებამდე დააკლეს. რაც შეეხება ღამის შეხვედრას, "ინტერი" "ჯუზეპე მეაცაზე" "ნაპოლის" მიიღებს და ამით
პრაქტიკულად ყველაფერია ნათქვამი. თუმცა, ჯერ რომაულ პაექრობაზე ვთქვათ და შემდეგ, მილანშიც გადავინაცვლებთ.

ლუის ენრიკე ტრადიციას არც ამჯერად დაარღვევს და შეგირდებს 4-3-3 ტაქტიკით განალაგებს. თავდასხმაში ნაცნობ სახეებს ვიხილავთ: ტოტის, ოსვალდოსა და კრკიჩს. ამჯერად, თადარიგში იქნებიან ბორიელო და ბორინი - გასაკვირია ამ უკანასკნელის ძირითადს მიღმა დარჩენა, ცნობილი ამბავია, რომ ლუის ენრიკე ახალგაზრდა შემტევის ასპარეზობით აღფრთოვანებულია. რომაელები შეეცდებიან, რომ პირველ ნომრად ითამაშონ და მეტოქე მისსავე ნახევარზე მიამწყვდიონ. სწორედ ამ აზრზეა დედაქალაქელთა მთავარი მწვრთნელი, რომელმაც მატჩისწინა ბრიფინგზე შემდეგი განაცხადა:

"ბერგამოელები რომ ბრწყინვალედ ასპარეზობენ, ეს უკვე ბევრმა აღნიშნა და აღარ გავიმეორებ. კარგად ვხედავთ, რომ ძლიერ მეტოქესთან გვექნება საქმე და ყურადღებით გვმართებს ყოფნა. "ატალანტა" შესანიშნავად დგას დაცვაში და სწრაფად გადადის კონტრშეტევებზე, რაც აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ. წინ რთული მატჩია, თუმცა ჩვენი მიზანი მხოლოდ და მხოლოდ სამი ქულის მოპოვებაა".

იმუქრებიან ბერგამოელებიც და პირობას დებენ, რომ იოლად არც რომაელებს დაუთმობენ რამეს. "ატალანტა" 4-4-1-1 ტაქტიკით გაირჯება, რაც იმას ნიშნავს, რომ ბერგამოელები პირველ რიგში საკუთარი კარის უსაფრთხოებაზე იზრუნებენ.

კიდევ უფრო საინტერესო შეხვედა შედგება "ჯუზეპე მეაცაზე", სადაც "ინტერი" და "ნაპოლი" შეასკდებიან ერთმანეთს. მას შემდეგ, "ნერაძური" კლაუდიო რანიერიმ ჩაიბარა, მილანურმა გრანდმა ორი რთული გასვლითი გამარჯვება მოიპოვა და თითქოს დაძლია კიდეც ის კრიზისი, რომელიც გუნდს სეზონის სტარტიდან მოყვება. შეგახსენებთ, რომ რანიერის სადებიუტო პაექრობაში მილანელებმა "ბოლონია" გააკრეს ბეჭებზე, რასაც ჩემპიონთა ლიგაში მოსკოვის ცსკა-ს დამარცხება მოჰყვა. მილანელები ნეაპოლელთა წაქცევასაც გეგმავენ, რანიერი კი საამისიდ ნაცად ტაქტიკას 4-3-1-2-ს ამზადებს.

ჯამპაოლო პაცინის მცირე ტრავმა აქვს და სავარაუდოდ, სათადარიგოთა სკამზე იქნება, სასტარტოში კი დიერგო ფორლანს და დიეგო მილიტოს ვიხილავთ. ტრავმირებულია ვესლი სნეიდერიც და გამთამაშებლის პოზიციაზე ალბათ ფელიპე კოუტინიო გაირჯება. რანიერი პრესასთან ურთიერთობას ერიდება და არც ამ შეხვედრის წინ მოუკლავს თავი კომენტარის გასაკეთებლად. სამაგიეროდ, "ნაპოლის" მთავარი მწვრთნელის მოსაზრებას შეგვიძლია გავეცნოთ, რომელიც "გაძეტა დელო სპორტის" ვებგვერდზე გამოქვეყნდა:

"ედინსონ კავანის არყოფნა დიდი დანაკლისია, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში, მხოლოდ სამი ქულისთვის უნდა გავიდეთ მინდორზე. "ნაპოლი" ისეთი მდიდარი გუნდი არაა, როგორიც იგივე "ინტერი", მაგრამ იმის ძალა კი შეგვწევს, რომ თუნდაც გუნდის ერთ-ერთი ლოიდერი მეტნაკლებად კარგად ჩავანაცვლოდ. "ინტერი" შეუტევს, ეს ფაქტია, თუმცა არც ჩვენ ჩავჯდებით დაცვაში და ვეცდებით, რომ მეტოქის კართან ხიფათი ხიფათზე შევქმნათ. ერთი ვიცი, წინ მართლაც საინტერესო დაპირისპირება გველის".

როგორც ითქვა, "ნაპოლის" ედინსონ კავანი დააკლდება - ასე ამბობს გუნდის მთავარი მწვრთნელი, ასე წერია "გაძეტა დელო სპორთში", მაგრამ მიუხედავად ამისა, არ უნდა გამოვრიცხოთ, რომ ბოლო მომენტში ურუგვაელი ფორვარდი სამატჩო განაცხადში მოხვდეს - ბევრს აქვს ეჭვი, რომ კავანის ტრავმასთან დაკავშირებით გავრცელებული ინფორმაცია ნეაპოლელთა ფანდია და მეტი არაფერი.

ტურის ცენტრალური პაექრობა მაინც ტურინის ახალ სტადიონზე გაიმართება, სადაც "იუვენტუსი" "მილანს" უმასპინძლებს. დიახ, ერთმანეთის წინაშე იტალიური ფეხბურთის ორი ყველაზე ტიტულოვანი გუნდი წარსდგება, ასეთYდროს კი სატურნირო ცხრილსაც კი დიდი მნიშვნელობა აღარ აქვს. აქვე ვთქვათ, რომ ანტონიო კონტე მხოლოდ ერთ ფეხბურთელს ვინჩენცო იაკვინტას მოისაკლისებს, მაშინ, როდესაც მასიმილიანო ალეგრის ლამის ნახევარი გუნდის გარეშე მოუწევს ფონს გასვლა. ერთი კია, "მილანის" თავკაცს მთავარი ვარსკვლავი ზლატან იბრაჰიმოვიჩი დაუბრუნდა და თუ რაიმე გაუთვალისწინებელი არ მოხდა, შვედი ძირითად შემადგენლობაში იქნება. "გაძეტას" ვერსიით, ზლატანი ანტონიო კასანოს შეუწყყვილდება, მის უკან კი ნოჩერინო, ვან ბომელი, აკვილანი და ზეედორფი გაირჯებიან. პრაქტიკულად გამოჯანმრთელებულია კევინ პრინც ბოატენგი, მაგრამ ალეგრი მისი ჯანმრთელობის გარისკვას არ აპირებს - მოვუსმინოთ "მილანის" თავკაცს:

"წინ ურთულესი მატჩი გველის, რომელშიც შესაძლებლობების მაქსიმუმი უნდა გამოვავლინოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, დადებითი შედეგის მიღწევა წარმოუდგენელია. ძალიან კარგია, რომ ზლატან იბრაჰიმოვიჩი დაგვიბრუნდა, მასთან ერთად, ჩვენი შეტევა ორმაგად პროდუქტიულია. რაც შეეხება ბოატენგს, ისიც გუნდთან ერთად ვარჯიშობს, მაგრამ ჯერ კიდევ სუსტად გრძნობს თავს და უმჯობესი იქნება თუ კიდევ ერთ თამაშს გამოვტოვებინებთ. კევინი ძალიან მნიშვნელოვანი ფეხბურთელია გუნდისთვის და გარისკვას ნამდვილად არ ვაპირებთ".

დიდი მზადებაა ტურინელთა ბანაკშიც - კონტე თავდასხმისთვის მირკო ვუჩინიჩს და ალესანდრო მატრის ამზადებს, ფლანგებიდან კი მათ სიმონე პეპე და მილოშ კრასიჩი დაეხმარებიან. ცენტრში ანდრეა პირლო იმოქმედებს, რომელსაც ყოფილ გუნდთან მოუწევს დაპირისპირება. ბოლოს, სწორედ პირლოს გადავცეთ სიტყვა, რომელიც მოახლოვებულ ჯახს მოუთმენლად ელოდება:

"კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ "მილანი" ჩემი ცხოვრების ნაწილია, ამ გუნდში საუკეთესო წლები მაქვს გატარებული, მაგრამ ამჟამად "იუვენტუსის" ღირსებას ვიცავ და ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ გუნდს სამი ქულის მოპოვებაში დავეხმარო. მიხარია, რომ ყოფილ თანაგუნდელებთან, ჩემს ახლო მეგობრებთან მომიწევს შეხვედრა - მოკლედ, ერთი სული მაქვს როდის დადგება თამაშის დღე და როდის გავალ მოედანზე". 

სერია A. VI ტური
დღეს:
რომა-ატალანტა 20.00
ტრავმა: ლამელა, გრეკო, გაგო, პეროტა, ოკაკა - ლუკინი, პეტინარი.

ინტერი-ნაპოლი 22.45
დისკვალიფიკაცია: რანოკია (ინტერი).
ტრავმა: სნეიდერი, მოტა, კორდობა, პოლი, რანოკია, ვივიანო - ბრიტოსი, ჯემაილი, კავანი.

ხვალ:
ნოვარა-კატანია 14.30
ტრავმა: ლისუძუ, მაძარანი, დუბიო, კოცერი - ალვარესი, ბიაჯანტი, ლეგროტალიე, ლიამა, პოტენცა.

ჩეზენა-კიევო 17.00
ტრავმა: რანელა, ანტონელი - აჩერბი, ლუჩანო.

ფიორენტინა-ლაციო 17.00
ტრავმა: კროლდრუპი, ჯილარდინო - მათუზალემი, მაური, ბიავა, დელ ნერო.

ლეჩე-კალიარი 17.00
დისკვალიფიკაცია: გროსმიულერი, ესპოზიტო (ლეჩე).
ტრავმა: ერიკსენი, ლეგამენტი, რიენტრო, ელ ქაბირი (კალიარი).

პალერმო-სიენა 17.00
ტრავმა: დი მატეო, ალვარესი - დელ გროსო, ანჯელო, დუბიო.

პარმა-ჯენოა 17.00
დისკვალიფიკაცია: დაინელი (ჯენოა).
ტრავმა: ბრანდაო, ვალიანი, პელე, კრესპო - ზე ედუარდო, მესტო.

უდინეზე-ბოლონია 17.00
დისკვალიფიკაცია: მორლეო (ბოლონია).
ტრავმა: ფერონეტი, კოდა, ბარეტო, ფლორო ფლორესი, პასკუალე - ხიმენესი, ჩერუბინი, ტაიდერი, კრესპო, კრუზი, ჟილე.

იუვენტუსი-მილანი 17.00
ტრავმა: იაკვინტა - რობინიო, გატუზო, ამბროზინი, ფლამინი, მექსე, კინსლი, ბოატენგი.

თ მ ფ წ ბ ქ
1. იუვენტუსი 4 2 2 0 7-3 8
2. უდინეზე 4 2 2 0 5-1 8
3. კიევო 4 2 1 1 6-5 7
4. პალერმო 4 2 1 1 7-6 7
5. ფიორენტინა 4 2 1 1 5-2 7
6. ნაპოლი 4 2 1 1 6-3 7
7. კალიარი 4 2 1 1 6-5 7
8. ჯენოა 4 2 1 1 8-5 7
9. სიენა 4 1 2 1 4-2 5
10. ლაციო 4 1 2 1 5-5 5
11. რომა 4 1 2 1 3-3 5
12. მილანი 4 1 2 1 5-6 5
13. კატანია 4 1 2 1 2-4 5
14. ნოვარა 4 1 1 2 7-7 4
15. ატალანტა 4 3 1 0 7-4 4
16. ინტერი 4 1 1 2 7-8 4
17. ლეჩე 4 1 0 3 3-7 3
18. პარმა 4 1 0 3 3-9 3
19. ბოლონია 4 0 1 3 2-8 1
20. ჩეზენა 4 0 0 4 2-7 0

შენიშვნა: ატალანტა -6 ქულა

ბომბარდირები: 4 - პალასიო (ჯენოა); 3 – კავანი (ნაპოლი), დენისი (ატალანტა), დი ნატალე (უდინეზე), ჯოვინკო (პარმა), მიკოლი (პალერმო), მილიტო (ინტერი).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული