ოდო: ადამიანები ვართ და არა ობიექტები

AutoSharing Option
იტალიის ფეხბურთელთა ასოციაცია პროტესტის უკიდურეს ზომას მიმართავს – ამ ორგანიზაციამ იტალიის სერია A-ს მე-5 ტურის მატჩების ბოიკოტირება დააპირა. საქმე ის არის, რომ სერია A-ს ხელმძღვანელობა ახალი სატრანსფერო და საკონტრაქტო წესების შემოღებას გეგმავს, ხოლო ფეხბურთელთა ასოციაციაში მიაჩნიათ, რომ ეს სიახლე ფეხბურთელების უფლებებს აშკარად შელახავს.

"ახალ წესებში ადამიანის უფლებების ისეთი დარღვევებია, რომ იძულებულნი ვართ, პროტესტის ყველა ხერხი გამოვიყენოთ. ახალ წესებში ისე განვიხილებით, როგორც უსულო საგნები და არა ადამიანები, - თქვა ასოციაციის წარმომადგენელმა, იტალიის ნაკრებისა და "მილანის" მცველმა მასიმო ოდომ, - იტალიის ფეხბურთელთა
ასოციაციამ სერია A-ს ფეხბურთელთა სრული მხარდაჭერა მიიღო. თუკი ახალი წესების მიღება არ გაუქმდება, 25-26 სექტემბერს გასამართ მატჩებზე არცერთი ჩვენგანი არ გავა".

საინტერესოა, რომ სწორედ 25 სექტემბერსაა დანიშნული ჩემპიონატის ცენტრალური მატჩის გამართვა – წესითა და რიგით, იტალიის მოქმედი ჩემპიონი "ინტერი" ვიცე-ჩემპიონ "რომას" უნდა ესტუმროს, დანარჩენს კი ახლო მომავალი გვიჩვენებს.

სერია A-ს კლუბების ხელმძღვანელთა მთავარი მიზანი ფეხბურთელებისთვის ტრანსფერზე უარის თქმის უფლებაზე შეზღუდვის დაწესებაა. ასე, მაგალითად, იგეგმება შემდეგი წესის შემოღება: ფეხბურთელი, რომელსაც შესთავაზეს მისი მოქმედი ხელშეკრულების აბსოლუტურად იდენტური კონტრაქტი, ვერ მიიღებს კლუბის შეცვლის უფლებას.

კლუბების მეპატრონეებისადმი ასოციაციის გზავნილი ხსენებულმა ოდომ წაიკითხა, ხოლო დოკუმენტზე თავისი ხელმოწერა სერია A-ს ოცივე გუნდის კაპიტანმა და პროფკავშირის წარმომადგენლებმა დააფიქსირეს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული