ტურინის "იუვენტუსი" - 80 მილიონი ტრანსფერებისთვის

AutoSharing Option
მას შემდეგ, რაც "იუვენტუსი" სერია A-ს სატურნირო ცხრილს სათავეში მოექცა, ტურინში ეიფორიამ დაისადგურა და ეს არც არის გასაკვირი, რადგან "ვეკია სენიორა" უკვე საკუთარ თავზეა დამოკიდებული და თუ დარჩენილ შვიდ შეხვედრასაც მოიგებს, სკუდეტოს მოპოვებაში "მილანი" ნამდვილად ვეღარ შეეცილება.

შვიდი მატჩის მოგება იოლი არ უნდა იყოს, მაგრამ თუ იმას გავითვალისწინებთ, რომ ტურინელები შესანიშნავ ფორმაში არიან და აგერ, უკვე 31 ტურია, არ წაუგიათ, ამის ალბათობა საკმაოდ დიდია. ამასთან, "მილანია" რთულ დღეში, ლომბარდიელებს აშკარად ეტყობათ გადაღლილობა, რაც დიდი ხნის განმავლობაში სამ ფრონტზე ბრძოლით და
სავსე ლაზარეთით გახლავთ განპირობებული.

მოკლედ, იმის თქმა გვინდა, რომ დიდი ალბათობით, "როსონერი" კიდევ დაკარგავს ქულებს, ეს ყველაფერი კი ტურინელთა საჩემპიონო შანსებს კიდევ უფრო ზრდის. ერთი სიტყვით, ტურინში საჩემპიონო მოლოდინია და ეს მიუხედავად იმისა, რომ "მილანი" ლიდერს მხოლოდ ერთი ქულით ჩამორჩება.

აი ასე, ელვისებური სისწრაფით შეიცვალა ვითარება. სულ რაღაც ორიოდე კვირის წინ ლომბარდიელები პიემონტელებს მთელი ოთხი ქულით უსწრებდნენ და ბუნებრივია, რომ სკუდეტოს მოპოვების მთავარ ფავორიტებადაც ითვლებოდნენ. დღეს ფსონები "იუვეზე" კეთდება და ამის თაობაზე იტალიურ სპორტულ პრესაში უამრავი სტატია იბეჭდება. თუმცა ქვემოთ არა იმდენად "იუვეს" სასკუდეტო პერსპექტივებზე, არამედ ამ გუნდის ირგვლივ გავრცელებულ საინტერესო ცნობებზე გვექნება საუბარი...

80 მილიონი ევრო ტრანსფერებისთვის
"კორიერე დელო სპორტში" გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, "იუვენტუსის" მესვეურები ზაფხულის სატრანსფერო სეზონისთვის 80 მილიონი ევროს გამოყოფას აპირებენ და ამ სოლიდურ თანხას ანტონიო კონტე თავის გემოზე დახარჯავს.

ავტორიტეტული გამოცემის ჟურნალისტი ამის თაობაზე ტურინული გრანდის პრეზიდენტს შეეხმიანა და უმჯობესია, სიტყვა ანდრეა ანიელის გადავცეთ:

"გუნდის ასპარეზობით ძალიან კმაყოფილი ვარ და სხვაგვარად არც შეიძლება იყოს - ჩემპიონატის დაწყებიდან 31 ტურია გასული, ჯერ კიდევ არ ვიცით მარცხის გემო და სატურნირო ცხრილს სათავეში ვუდგავართ. ნუთუ შეიძლება ასეთ დროს უკმაყოფილო იყო? - ძალიან მომწონს ანტონიო კონტეს მუშაობის სტილი და დარწმუნებული ვარ, რომ მის ხელში "იუვე" ბევრ წარმატებას მიაღწევს.

ჩემპიონთა ლიგის საგზური ნამდვილად გარანტირებული გვაქვს. ეს კი ფინანსური თვალსაზრისით კიდევ უფრო გაგვაძლიერებს. ბუნებრივია, სატრანსფერო ბაზარზე აქტიურობას ვაპირებთ, თუმცა დღეს ამ თემაზე სალაპარაკოთ მზად არ ვარ. სატრანსფერო საკითხებს ანტონიო კონტესთან ერთად გადავწყვეტთ. დღეს კი მწვრთნელს საამისოდ ნამდვილად არ სცალია".


საზაფხულო კონტურები
ანიელიმ კარტები არ გახსნა, მაგრამ თუ "კორიერეს" დავუჯერებთ, 80 მილიონი ევროს გამოყოფის საკითხი უკვე გადაწყვეტილია. ცნობილია ისიც, რომ ამ თანხის გარკვეული ნაწილი გაყიდული ფეხბურთელებისგან შეივსება.

ერთ-ერთი ასეთი მოთამაშე ნამდვილად მილოშ კრასიჩი გახლავთ, რომელიც ტურინელებმა 15 მილიონ ევროდ შეაფასეს და ყველაფერს იღონებენ, რომ ზაფხულში ხსენებულ თანხად გაასაღონ.

კიდევ ერთი გასაყიდი ფეხბურთელი ფელიპე მელო გახლავთ, რომელიც მიმდინარე სეზონში იჯარის წესით თურქეთში ასპარეზობს. 28 წლის ბრაზილიელი ნახევარმცველი "გალათასარაის" ღირსებას იცავს და საკმაოდ კარგადაც ირჯება, რაზეც სტატისტიკური მონაცემები ნათლად მეტყველებს: მელოს "გალას" შემადგენლობაში 30 თამაში აქვს ჩატარებული და 10 გოლი გატანილი. თურქებს ფელიპეს გამოსყიდვა სურთ. საამისოდ კი "იუვეს" ბიუჯეტში ათი მილიონი ევროს გადარიცხვა მოუწევთ.

მოკლედ, თუ ანიელიმ მელოში 10, ხოლო კრასიჩში 15 მილიონი ევრო მიიღო, ჯამში უკვე 25 მილიონი გამოუვა და თუ ერთ-ორ არასაჭირო ფეხბურთელსაც სარფიანად გაასაღებს, ხსენებული 80 მილიონის ნახევარი შეიძლება გაყიდული მოთამაშეებისგან შეავსოს.

და მაინც, ვის გადაბირებას აპირებენ ტურინელები ზაფხულში? იგივე "კორიერე" ირწმუნება, რომ პრიორიტეტული სამიზნე მადრიდის "რეალის" თავდამსხმელი გონსალო იგუაინი გახლავთ. თვითონ ტურინელებიც აღარ მალავენ, რომ "იუვენტუსს" ექსტრა-კლასის ფორვარდი ჰაერივით სჭირდება და არგენტინელი სწორედ ამ როლისთვისაა შეგულებული.

რთული სათქმელია, რამდენად მოისურვებენ სამეფო კლუბის მესვეურები იგუაინის გასხვისებას, მაგრამ წესით, ტურინელები უშანსოდ არ უნდა იყვნენ.

იგუაინის გარდა, პიემონტელთა ინტერესის სფეროში კიდევ ორი შემტევია: ედინ ჯეკო და არიენ რობენი. თქმა არ სჭირდება, მაგრამ მაინც აღვნიშნოთ, რომ პირველი "მანჩესტერ სიტის" ღირსებას იცავს, ხოლო მეორე მიუნხენის "ბაიერნის".

ჯეკო იშვიათად ხვდება ინგლისური გუნდის ძირითად შემადგენლობაში და არ არის გამორიცხული, "სიტის" მესვეურებმა ბოსნიელი ფორვარდის გაყიდვაზე თანხმობა განაცხადონ. აი, რობენის შემთხვევაში კი ყველაფერი პირიქითაა - ტურინელთა შანსი თავად ფეხბურთელის სურვილში თუ იქნება, თორემ რთულად წარმოსადგენია, გერმანელებმა ჰოლანდიელი გარემარბი გასაშვებად გაიმეტონ.

ვნახოთ, დროთა განმავლობაში ალბათ ახალი კანდიდატებიც გამოჩნდებიან.

პირლო ნესტას არ ეშვება
დიდი ხანია, მუსირებს აზრი იმის შესახებ, რომ ზაფხულში ალესანდრო ნესტა "მილანს" დატოვებს და "იუვენტუსში" გადაბარგდება.

ვეტერან მცველს ლომბარდიულ გრანდთან ივნისში ეწურება ხელშეკრულება, რომლის გახანგრძლივების შესახებაც ჯერჯერობით არაფერი ისმის - ეს კიდევ უფრო აღრმავებს ეჭვს იმის შესახებ, რომ ნესტას "იუვეში" გადასვლა საკმაოდ რეალურია.

ეს თემა პირველად ანდრეა პირლომ წამოჭრა, რომელიც სწორედ ანალოგიურად, თავისუფალი აგენტის სტატუსით გადავიდა "როსონერიდან" "ვეკია სენიორაში"... პირლომ არაერთხელ განაცხადა, რომ ნესტას ტურინში გადასვლა პირადად შესთავაზა და მისგან პირობა მიიღო, რომ ამ საკითხზე დაფიქრდებოდა.

ჟურნალისტები ანდრეა პირლოს კიდევ ერთხელ დაუკავშირდნენ და მისგან შემდეგი მოისმინეს:

"ალესანდრო დიდ გუნდში თამაშობს და ვიცი, რომ "მილანში" თავს შესანიშნავად გრძნობს, მაგრამ თუ ახალი გამოწვევის მიღების სურვილი ექნება, არჩევანს აუცილებლად "იუვენტუსზე" შეაჩერებს.

რამდენიმე დღის წინ მას კიდევ ერთხელ ვესაუბრე ამ თემაზე და მითხრა, რომ ჯერჯერობით ამ საკითხზე არ უფიქრია. ეს არც მიკვირს, რადგან სეზონი გადამწყვეტ ეტაპშია
შესული და დღეს ყველანი კონკრეტულ მატჩებზე ვართ კონცენტრირებულნი.

ვფიქრობ, რომ ყველაფერი მაისში გაირკვევა და იმედი მაქვს, ნესტა ჩვენთან გადმოვა".


ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული