სერია A. XXXII ტური: ანიელი, გაამზადე კონტრაქტი!

AutoSharing Option
"იუვენტუს არენაზე" ვიხილეთ ის, რის გამოც ფეხბურთი მილიონობით ადამიანს უყვარს და რის გამოც ფეხბურთი სპორტის უპირველესი სახეობაა.

ქებათა ქება "ვეკია სენიორას", რომელმაც პირველივე წუთებიდან ცეცხლი დაანთო და ნამდვილად დაიმსახურა მძიმე ბრძოლაში მოპოვებული სამი ქულა.

დიახ, მიუხედავად იმისა, რომ "იუვემ" რთული გამარჯვება მოიპოვა და მიუხედავად იმისა, რომ გამარჯვების გოლი მასპინძლებმა მხოლოდ თამაშის დასრულებამდე რვა წუთით ადრე გაიტანეს, ტურინელთა უპირატესობა ეჭვქვეშ არცერთი წუთით არ დამდგარა და მათი გამარჯვება ლოგიკური და სრულიად დამსახურებული გახლდათ.

პირველივე წუთებიდან ტურინელებმა გააფთრებით შეუტიეს და სახიფათო მომენტებიც სტარტზევე
მრავლად შექმნეს - იმდენად მრავლად, რომ თითოეული მათგანის აღწერა შორს წაგვიყვანს.

აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ, რომ ბრწყინვალედ გაისარჯა ფედერიკო მარკეტი და ის, რომ "ლაციომ" დიდი ანგარიშით არ წააგო, პირველ რიგში, სწორედ მისი დამსახურებაა. თუმცა, 30-ე წუთზე ისიც უძლური გამოდგა, როდესაც ანდრეა პირლომ მეტოქის საჯარიმოში საოცარი პასი ჩაკიდა და ბურთი პირდაპირ სიმონე პეპეს დაასვა მკერდზე. ამ უკანასკნელმა კი ვარდნაში დაარტყა და ულამაზესი გოლი გაიტანა, 1:0.

ამ ეპიზოდიდან რამდენიმე წუთში არტურო ვიდალმა კინაღამ სასწაული ჩაიდინა და ეს ის შემთხვევაა, როდესაც კინაღამ ბევრ გოლზე ფასეულია - სამხრეთამერიკელმა დაახლოებით 60 მეტრიდან(!!!) დაარტყა მარკეტის კარის მიმართულებით და ამ უკანასკნელს თავგანწირული ნახტომი დასჭირდა იმისთვის, რომ ბურთი პირით ხაზს იქით გადაეგდო.

ტურინელებმა კიდევ არაერთი მომენტი გააცუდეს და ამისთვის დაისაჯნენ კიდეც - პირველი ტაიმის უკანასკნელ წუთზე რომაელებმა "იუვეს" საჯარიმოში ჩააწოდეს. იქ კი ყველას სტეფანო მაურიმ დაასწრო და თავური დარტყმით ჯანლუიჯი ბუფონი უშანსოდ დატოვა, 1:1.

მეორე ნახევარი პირველის იდენტური გამოდგა - ტურინელებმა დარჩენილი 45 წუთიც შეტევაში გაატარეს და ამისთვის შეხვედრის დასრულებამდე რვა წუთით ადრე დასაჩუქრდნენ... გამარჯვების გოლი კი, არც მეტი, არც ნაკლები, ალესანდრო დელ პიერომ გაიტანა საფირმო, შესანიშნავი საჯარიმო დარტყმით, რომლის წინაშეც ფედერიკო მარკეტი უძლური გამოდგა, 2:1.

არ შეიძლება არ აღინიშნოს, რომ დელ პიერომ "იუვენტუსის" მაისურით მე-700(!!!) შეხვედრა ჩაატარა, რაც ტურინული გრანდის ისტორიაში სარეკორდო მაჩვენებელია. აქვე ვთქვათ, რომ "ლაციოს" კარში გატანილი გოლი პინტურიკიოსთვის 287-ე გახლდათ; მოკლედ, ამ უმნიშვნელოვანეს პაექრობას თავისი გმირი ჰყავდა და ეს გმირი ნამდვილად იმსახურებს ახალ ხელშეკრულებას ანდრეა ანიელისგან.

საინტერესოდ მიმდინარეობს ჩემპიონთა ლიგის მესამე საგზურისთვის ბრძოლა და XXXII ტურში, ამ მხრივ, ყველაზე მეტად "რომას" გაუმართლა.

ლუის ენრიკეს გუნდმა უშუალო კონკურენტი, "უდინეზე" დაამარცხა და აქაც შეხვედრის გმირი გუნდის ცოცხალი ლეგენდა ფრანჩესკო ტოტი გახლდათ - პუპონემ 86-ე წუთზე დააწინაურა თანაგუნდელები და საბოლოოდ გატეხა დაცვაში ჩამჯდარი მეტოქე.

"ლაციომ" რომ მარცხი განიცადა, ზემოთაც ვთქვით. აი, "ნაპოლის" მორიგი წაფორხილება კი ნამდვილად სენსაციათა კატეგორიას უნდა მივაკუთვნოთ... ვალტერ მაცარის გუნდი ჯერ კიდევ ინარჩუნებს სამეულში მოხვედრის შანსს, მაგრამ დღეს ეს შანსი ბევრად უფრო მცირეა, ვიდრე თუნდაც ორიოდე ტურის წინ.

ბოლოს ისიც ვთქვათ, რომ "ლეჩემ" მორიგი შეხვედრა მოიგო, "ჯენოამ" კი კიდევ ერთხელ გააწბილა საკუთარი გულშემატკივრები - რატომ გამოვარჩიეთ ეს ორი გუნდი? - ჩახედეთ სატურნირო ცხრილს და ყველაფერი ნათელი გახდება.

სერია A. XXXII ტური
12 აპრილი
ბოლონია-კალიარი 1:0
ბოლონია (3-4-1-2): ჟილე - რაგი, პორტანოვა, კერუბინი - პულცეტი, პერესი, მუდინგაი, მორლეო (79. სორენსენი) - დიამანტი (87. პ. კონე) - აკვაფრესკა, ხიმენესი (62. რამირესი).
კალიარი (4-3-1-2): აგაცი - პიზანო, ასტორი, კანინი, აგოსტინი - ეკდალი, კონტი, ნაინგოლანი - კოსუ (78. ნენე) - ლარივეი, რიბეირო (67. იბარბო).
გოლი: 1:0 დიამანტი (54)
გაფრთხილება: დიამანტი, მუდინგაი - კონტი, კანინი, ასტორი, ეკდალი, ნაინგოლანი
კუთხური: 4-13; ჯარიმა: 15-16; თამაშგარე: 8-4; კარში დარტყმა: 11-9 (7-4); ბურთის ფლობა: 43%-57%.
მაყურებელი: 17 000

11 აპრილი
კიევო-მილანი 0:1

გოლი: 0:1 მუნტარი (8).

რომა-უდინეზე 3:1
გოლები: 1:0 ოსვალდო (8), 1:1 ფერნანდესი (43), 2:1 ტოტი (86), 3:1 მარკინიო (90).

კატანია-ლეჩე 1:2
გოლები: 1:0 ბერგესიო (7), 1:1 კორვია (88), 1:2 დი მიკელე (90).
გაძევება: კარიცო (90. კატანია).

ფიორენტინა-პალერმო 0:0

ჯენოა-ჩეზენა 1:1
გოლები: 1:0 როსი (41), 1:1 მუტუ (76).

ინტერი-სიენა 2:1
გოლები: 0:1 დაგოსტინო (7), 1:1 მილიტო (42), 2:1 მილიტო (82-პენ.).
გაძევება: პეგოლო (90. სიენა).

იუვენტუსი-ლაციო 2:1 (იხილეთ ვიდეო)
გოლები: 1:0 პეპე (30), 1:1 მაური (45), 2:1 დელ პიერო (82).

ნაპოლი-ატალანტა 1:3
გოლები: 0:1 ბონავენტურა (10), 1:1 ლავეცი (13), 1:2 ბელინი (58), 1:3 კარმონა (68).

პარმა-ნოვარა 2:0
გოლები: 1:0 ჯოვინკო (27), 2:0 ჯონათანი (40).

სატურნირო ცხრილი
ა გ თ მ ფ წ ბ ქ
1. იუვენტუსი 32 18 14 0 53-18 68
2. მილანი 32 20 7 5 62-26 67
3. ლაციო 32 16 6 10 48-40 54
4. უდინეზე 32 14 9 9 44-32 51
5. რომა 32 15 5 12 52-42 50
6. ნაპოლი 32 12 12 8 56-41 48
7. ინტერი 32 14 6 12 47-45 48
8. კატანია 32 10 13 9 42-43 43
9. კიევო 32 11 9 12 30-40 42
10. ატალანტა 32 11 13 8 37-34 40
11. ბოლონია 31 9 10 12 32-38 37
12. პალერმო 32 11 7 14 44-49 40
13. სიენა 32 10 9 13 37-34 39
14. პარმა 32 9 11 12 41-50 38
15. ფიორენტინა 32 9 10 13 32-38 37
16. კალიარი 31 9 11 11 33-38 38
17. ჯენოა 32 9 9 14 43-58 36
18. ლეჩე 32 8 10 14 37-48 34
19. ნოვარა 32 5 10 17 27-54 25
20. ჩეზენა 32 4 9 19 19-48 21

შენიშვნა: ატალანტა - 6 ქულა

ბომბარდირები
23 - იბრაჰიმოვიჩი (მილანი); 20 - დი ნატალე (უდინეზე), მილიტო (ინტერი); 19 - კავანი (ნაპოლი); 17 - პალასიო (ჯენოა).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული