სერია A-ს გადადებული მატჩები გაიწერა

AutoSharing Option
როგორც იცით, პიერმარიო მოროზინის გარდაცვალების გამო სერია A-ს XXXIII ტური მთლიანად გადაიდო და მისი გამართვის თარიღი დღემდე უცნობი იყო.

"ლეგა კალჩოს" მესვეურებმა, როგორც იქნა, მიაღწიეს კონსენსუსს და გაცხადდა, რომ შეხვედრები მომდევნო კვირის შუა რიცხვებში, 24 და 25 აპრილს გაიმართება. სწორედ ეს თარიღები იყო ყველაზე სავარაუდო და პროგნოზები გამართლდა კიდეც. გაცხადდა ისიც, რომ სამშაბათს "ატალანტა" "კიევოს" უმასპინძლებს, "კალიარი" "კატანიას" დაუხვდება, დარჩენილი მატჩები კი უკვე ოთხშაბათს გაიმართება.

თამაშების დაწყების დრო ჯერჯერობით უცნობია, თუმცა ტრადიციულად, შუა კვირის მატჩები საღამოს საათებში იმართება და გამონაკლისი,
ალბათ, არც ეს შემთხვევა იქნება. ანუ, თუ რაიმე გაუთვალისწინებელი არ მოხდა, სამშაბათს და ოთხშაბათს დაგეგმილი აბსოლუტურად ყველა პაექრობა თბილისის დროით 22.45 წუთზე დაიწყება.

სამშაბათს, ანუ 24 აპრილს დაგეგმილი ორივე თამაში უკვე ვახსენეთ და ბარემ ოთხშაბათის წყვილებსაც გადავხედოთ: ნოვარა-ლაციო, ლეჩე-ნაპოლი, პალერმო-პარმა, უდინეზე-ინტერი, სიენა-ბოლონია, მილანი-ჯენოა, ჩეზენა-იუვენტუსი, რომა-ფიორენტინა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული