მასიმილიანო ალეგრი თავისი სტრატეგიის ერთგულია

AutoSharing Option
თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ მასიმილიანო ალეგრის ყველაზე რთული დროება უდგას მას შემდეგ, რაც "მილანს" ჩაუდგა სათავეში.

"როსონერი" უკვე გამოეთიშა ჩემპიონთა ლიგის გათამაშებას, დატოვა იტალიის თასი და დაკარგა ლიდერობა სერია A-ში. მოკლედ, "მილანი" შეიძლება უტიტულოდ დარჩეს, რამაც, არ არის გამორიცხული, ალეგრის პოსტიც კი შეიწიროს.

ამ მეტად რთულ ვითარებაში სენიორ მასიმილიანო მისთვის დამახასიათებელ სიმშვიდეს ინარჩუნებს და არც ჟურნალისტებთან ურთიერთობას გაურბის - "მილანის" თავკაცი "რაი სპორტს" ესტუმრა და მეტწილად სერია A-ს მიმდინარე გათამაშების დასკვნით ეტაპზე ისაუბრა...

სკუდეტო და სტრატეგია
ჩემი პირადი აზრით, სკუდეტოს
მოიგებს ის გუნდი, რომელსაც გადამწყვეტ მომენტში ნერვები არ უმტყუნებს. "იუვენტუსი" ერთი ქულით წინაა, თუმცა ეს არ მაშინებს და მომდევნო პაექრობას უდიდესი ენთუზიაზმით ველოდები.

საერთოდ, ასეთ დროს ყველაზე მნიშვნელოვანი სიმშვიდის შენარჩუნებაა და მიხარია, რომ ჩემს შეგირდებს, ამ მხრივ, პრობლემები არ აქვთ. როდესაც პირველ ტაიმს ცუდად ვატარებთ, შესვენებაზე ვცდილობ, რომ ვიხუმრო და ფეხბურთელები ხასიათზე მოვიყვანო - ჩემი სტილი არა დამუხტვა, არამედ განმუხტვაა და ამან არაერთხელ გამიმართლა.

ვცდილობ, ნაცად სტრატეგიას არ ვუღალატო და ჩემი პირადი აზრით, ეს კარგად გამომდის. ამიტომაც არის, რომ ოპტიმისტურად ვარ განწყობილი და მჯერა, სკუდეტო მაინც ჩვენ დაგვრჩება.

იუვენტუსი
როდესაც სეზონის წინ მკითხეს, თუ ვინ იქნებოდა ჩვენი უმთავრესი კონკურენტი, დაუფიქრებლად ვუპასუხე: "ინტერი"... რეალობა სხვაგვარი აღმოჩნდა და სიმართლე გითხრათ, სასიამოვნოდ გაკვირვებული ვარ. სასიამოვნოდ იმიტომ, რომ რაც უფრო მეტი ძლიერი გუნდი ითამაშებს სერია A-ში, ჩემპიონატი მით უფრო საინტერესო და მიმზიდველი იქნება. "იუვე" დაბრუნდა და ეს ძალიან კარგია.

ტურინული გუნდის აღმასვლაში ანტონიო კონტეს უდიდესი წვლილი მიუძღვის - მართალია, ის ჩემი სრული ანტიპოდია და, ძირითადად, ემოციაზე, დამუხტვაზე აკეთებს აქცენტს, მაგრამ ამას შედეგი მოაქვს და მთავარიც ეს არის. მოკლედ, კარგის მეტს ვერაფერს ვიტყვი, შესანიშნავი სპეციალისტია.

თუმცა, ისიც უნდა აღვნიშნოთ, რომ ტურინელებს ძალიან უმართლებთ - მთელი სეზონია, ტრავმების გარეშე გადიან ფონს და ეს მაშინ, როდესაც ჩვენ მუდმივად ნახევარი შემადგენლობა გვყავს დაშავებული. ბევრი ამბობს, რომ ეს ჩვენი სამედიცინო შტაბის არაპროფესიონალიზმის ბრალია, მაგრამ ეს ასე ნამდვილად არ არის - მეტიც, "მილანი", ამ მხრივ, ერთ-ერთი მოწინავეა მთელ მსოფლიოში და ამ სიტყვებზე პასუხს ვაგებ... უბრალოდ, გარკვეული დოზით იღბალი ყველაფერში საჭიროა.

იტალიური გუნდები ევროთასებზე
ერთხელ ვთქვი და კიდევ გავიმეორებ, რომ ჩვენი დროც დადგება და თანაც, ძალიან მალე. ბოლო წლებში იტალიურმა ფეხბურთმა ბევრი სკანდალი გადაიტანა, რამაც კრიზისი გამოიწვია და სწორედ ამის შედეგებს ვიმკით. ყველა ჩავარდნას აქვს დასასრული და დარწმუნებული ვარ, მალე აღმავლობის გზას დავადგებით.

აუცილებელია, რომ სერია A-ს თითოეული გუნდი ევრო-პაექრობას განსაკუთრებული პასუხისმგებლობით მოეკიდოს, რაც ხშირად არ ხდება. მაგალითად, ევროპის ლიგის მატჩებს იტალიური გუნდები სარეზერვო შემადგენლობით ატარებენ, რაც დამღუპველია - ასეთი მიდგომის ბრალია, რომ დღეს ჩემპიონთა ლიგაზე მხოლოდ სამი გუნდი გაგვყავს. იმედი მაქვს, უკვე მომდევნო სეზონიდან ვითარება გამოსწორდება და ორივე ევროტურნირზე წარმატებით გამოვალთ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული