იტალია. სერია A. XXXIV ტურის წინ: ამოუცნობი "რომა"

AutoSharing Option
მოსაწყენი შაბათი
სერია A-ს მიმდინარე სეზონის დაწყებიდან 32 ტურია გასული, თუმცა ისე გამოვიდა, რომ უქმეებზე XXXIV ტურის თამაშები უნდა ვიხილოთ... ეს ამბავი პიერმარიო მოროზინის გარდაცვალებამ გამოიწვია, რის გამოც გასულ კვირას დაგეგმილი ყველა შეხვედრა გადაიდო...

მოკლედ, 21 და 22 აპრილს XXXIV ტურის ბატალიებს ვიხილავთ, გადადებული ტური კი შუა კვირაში, 24 და 35 აპრილს გაიმართება.

21 აპრილს ოთხი შეხვედრა შედგება, რომელთაგან არც ერთი არ იწვევს განსაკუთრებულ ინტერესს. ერთი ეგაა, "ნაპოლის" ვაკვირდებით, თუ ვალტერ მაცარის გუნდმა კიდევ ერთხელ წაიფორხილა, ჩემპიონთა ლიგის საგზურის მოპოვების
შანსს საბოლოოდ გამოეთხოვება. თუმცა, ეს ნაკლებად სავარაუდოა, რადგან სამხრეთელებს ჩემპიონატის ერთ-ერთ აუტსაიდერთან, "ნოვარასთან" უწევთ დაპირისპირება და თანაც, საკუთარ მოედანზე.

აქაც თუ ვერ ივარგა "ნაპოლიმ", მაშინ მაცარიმ მართლა უნდა დაიხუროს ქუდი და წავიდეს.

ანშლაგი გარანტირებულია
კვირას, 22 აპრილს, რამდენიმე მეტად საინტერესო შეხვედრა გაიმართება, რომელთაგან "იუვენტუსი"-"რომას" დაპირისპირება ყველასგან გამორჩეულია. თავად განსაჯეთ, მატჩზე დასასწრები ბილეთები 45 წუთში სრულად გაიყიდა, რაც ბოლო წლების სარეკორდო მაჩვენებელია.

ასეთი რამ ტურინში მაშინ არ ხდება, როდესაც "იუვეს" მეტოქე რომელიმე მილანური გრანდია. მოკლედ, ტურინში დიდი სამზადისია, ანტონიო კონტე კი ჩვეულ სტიქიაშია და ემოციურ კომენტარებს აკეთებს:

"თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მატჩი ჩემს სამწვრთნელო კარიერაში. "რომა" არასტაბილურად თამაშობს, მაგრამ ეს დამშვიდების საფუძველს არ გვაძლევს - პირიქით, რთულია დედაქალაქელთა თამაშის განჭვრეტა და ეს დისკომფორტს მიქმნის.

ალბათ, "ჯალოროსი" ერთადერთი გუნდია მიმდინარე სეზონში, რომელიც სრულყოფილად ვერ შევისწავლე, რადგან ამის გაკეთება ფაქტობრივად შეუძლებელია.

ნებისმიერ შემთხვევაში, ჩვენი თამაში უნდა ვაჩვენოთ და ყველაფერი კარგად იქნება. ეს არის უმნიშვნელოვანესი მატჩი და თითოეულმა ფეხბურთელმა შესაძლებლობების მაქსიმუმი უნდა გამოავლინოს".


"იუვენტუსს" არც დისკვალიფიცირებული ჰყავს ვინმე და არც ტრავმირებული, რაც ნამდვილად აღარ გვიკვირს, რადგან თითქმის მთელი სეზონია ტურინული გრანდის ლაზარეთი მუდმივად ცარიელია.

თუ "გაძეტა დელო სპორტს" დავუჯერებთ, კონტე ალესანდრო მატრის თადარიგში დატოვებს, შეტევის წინა ხაზზე კი შემდეგ ტრიოს დაეყრდნობა: მირკო ვუჩინიჩი, სიმონე პეპე, ფაბიო კვალიარელა. რეზერვში დარჩება ალესანდრო დელ პიერო და ალბათ, მეორე ნახევარში ჩაერთვება თამაშში.

"იუვენტუსისგან" განსხვავებით, "რომას" რამდენიმე ფეხბურთელი აკლია, მაგრამ მთლიანობაში, დედაქალაქელებსაც საბრძოლო შემადგენლობა ჰყავთ. რაც მთავარია, სრულ მზადყოფნაშია ფრანჩესკო ტოტი, რომელსაც შეტევის წინა ხაზზე პაბლო დანიელ ოსვალდო და ფაბიო ბორინი დაეხმარებიან.

მოკლედ, "რომას" შეტევა მთლიანად იტალიურია, ერიკ ლამელა და ბოიან კრკიჩი კი თადარიგში მოიაზრებიან. დედაქალაქელთა მთავარ მწვრთნელს, ხუმრობის ხასიათზე მყოფ ლუის ენრიკეს მოვუსმინოთ და შემდეგ, სავარაუდო შემადგენლობასაც გადავხედოთ:

"თითოეული შეხვედრა ფინალის ტოლფასია და ტურინში სამი ქულის მოსაპოვებლად მივდივართ. კარგად მესმის, რომ ეს არანორმალურად რთული ამოცანაა, მაგრამ სხვა გამოსავალი უბრალოდ არ გვაქვს.

ჩვენი მიზანი ჩემპიონთა ლიგის საგზურის მოპოვებაა და საამისოდ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ.

"იუვენტუსს" ერთ რამეში ძალიან ვგავართ, მომენტების განიავება გვიყვარს და თუ ამ ლოგიკას მივყვებით, კვირას ალბათ ბევრს ვიხალისებთ. ვნახოთ, წინ საინტერესო მატჩი გველის".


იუვენტუსი-რომა
სავარაუდო შემადგენლობები
იუვენტუსი (4-3-3): ბუფონი - ლიხტშტაინერი, ბარცალი, ბონუჩი, კიელინი - ვიდალი, პირლო, მარკიზიო - პეპე, ვუჩინიჩი, კვალიარელა.
რომა (4-3-1-2): სტეკელენბურგი - ტადეი, კიაერი, დე როსი, ანხელი - პიანიჩი, გაგო, მარკინიო - ტოტი - ბორინი, ოსვალდო.

სკუდეტოს კიდევ ერთი მაძიებელი საკუთარ მოედანზე "ბოლონიას" მიიღებს და ალბათ, პირველივე წუთებიდან ეკვეთება მეტოქის კარს. საოცრებაა, მაგრამ ფაქტია, რომ "მილანის" ლაზარეთში მხოლოდ ექვსი ფეხბურთელია, რაც მიმდინარე სეზონში სარეკორდოდ დაბალი მაჩვენებელია.

მასიმილიანო ალეგრიმაც ამოისუნთქვა და არჩევანის საშუალებაც კი გაუჩნდა - "გაძეტა დელო სპორტის" ვერსიით, "როსონერი" ზლატან იბრაჰიმოვიჩისა და რობინიოს ტანდემით შეუტევს, ანტონიო კასანო და მაქსი ლოპესი კი თადარიგში დარჩებიან. ძირითადში მოიაზრება კლარენს ზეედორფი, რაც ავტომატურად ნიშნავს ურბი ემანუელსონის რეზერვში გადასროლას. საყრდენ ხაზს სალი მუნტარი, ანტონიო ნოჩერინო და მარკ ვან ბომელი გაამაგრებენ...

"ბოლონია" ერთადერთი გამოკვეთილი ფორვარდით შეუტევს და ეს ეული ფორვარდი მარკო დი ვაიო იქნება.

ალეგრის გუნდს წაფორხილების უფლება არ აქვს, ეს კი ამ თამაშის და ალბათ, "მილანის" ყველა დარჩენილი პაექრობის მთავარი ინტრიგაა.

საინტერესო მატჩი გაიმართება რომში, სადაც "ლაციო" "ლეჩეს" უმასპინძლებს. ედუარდო რეიას გუნდი აშკარა ფავორიტია, წესით უნდა მოიგოს კიდეც, მაგრამ მეორე მხრივ, "ლეჩე" გადარჩენისთვის იბრძვის და მინიმუმ ქულის ასაღებად ყველაფერს გააკეთებს. მეტიც, სერსე კოსმი იქადნება, სამი ქულა გვჭირდება და დედაქალაქში მოსაგებად მივდივართო.

ვნახოთ, ყველაფერი მოედანზე გამოჩნდება. ორიოდე სიტყვა ფლორენციაში დაგეგმილ საინტერესო მატჩზეც უნდა გვეთქვა, მაგრამ არის კი ეს მატჩი საინტერესო? - მგონი სახელები გვატყუებს და სათქმელიც ბევრი არაფერია...

სერია A. XXXIV ტურის წინ
21 აპრილი
კიევო-უდინეზე 20.00
დისკვალიფიკაცია: პელისიერი, სარდო - პინცი.
ტრავმა: ფაკინელი, სარდო, გულანი, მოსკარდელი - ბენეტია, ბასტა, ბადუ, ისლა.

პარმა-კალიარი 20.00
ტრავმა: მარიგა - დესენა, რუი სამპაიო, ერიკსონი.

კატანია-ატალანტა 22.45
დისკვალიფიკაცია: კარიცო - დენისი.
ტრავმა: ბელუში, ალმირონი, პოტენცა - ბრიგი, მარილუნგო, კაპელი.

ნაპოლი-ნოვარა 22.45
დისკვალიფიკაცია: პანდევი - გარსია.
ტრავმა: ლავეცი, როზატი, დონადელი - ჯედა, რიგონი, და სილვა, ლუდი, მარიანინი, უიკანი.

22 აპრილი
ფიორენტინა-ინტერი 14.30
დისკვალიფიკაცია: ამაური - სამუელი.
ტრავმა: კროლდრუპი, იოვეტიჩი, ვარგასი - მაიკონი, სნეიდერი, კასტაინოსი, სამუელი.

მილანი-ბოლონია 17.00
ტრავმა: ტიაგო სილვა, ინძაგი, რომა, ბოატენგი, პატო, ამბროზინი - კრესპო, ჟილე, კაზარინი, კრხინი.

ჩეზენა-პალერმო 17.00
დისკვალიფიკაცია: ილიჩიჩი (პალერმო).
ტრავმა: მარტინესი, პუდილი, მარტინიო, კალდერონი - აგუირეგარაი, მილიაჩო, ბარეტო, პიზანო, ბალცარეტი.

ჯენოა-სიენა 17.00
დისკვალიფიკაცია: მორეტი - პეგოლო, კონტინი.
ტრავმა: ანტონელი, კონსტანტი, ბელუსკი - კალაიო.

ლაციო-ლეჩე 17.00
დისკვალიფიკაცია: მაური, კოზაკი - ბლაზი.
ტრავმა: მაკინვა, კონკო, ლულიჩი, კლოზე, სტანკევიჩუსი, ბროკი - ჟულიო სერჟიო.

იუვენტუსი-რომა 22.45
ტრავმა: ბურდისო, ჟუანი, კასეტი, ლობონტი (რომა).

სატურნირო ცხრილი
ა გ თ მ ფ წ ბ ქ
1. იუვენტუსი 32 18 14 0 53-18 68
2. მილანი 32 20 7 5 62-26 67
3. ლაციო 32 16 6 10 48-40 54
4. უდინეზე 32 14 9 9 44-32 51
5. რომა 32 15 5 12 52-42 50
6. ნაპოლი 32 12 12 8 56-41 48
7. ინტერი 32 14 6 12 47-45 48
8. კატანია 32 10 13 9 42-43 43
9. კიევო 32 11 9 12 30-40 42
10. ატალანტა 32 11 13 8 37-34 40
11. პალერმო 32 11 7 14 44-49 40
12. ბოლონია 32 10 10 12 33-38 40
13. სიენა 32 10 9 13 37-34 39
14. პარმა 32 9 11 12 41-50 38
15. კალიარი 32 9 11 12 33-39 38
16. ფიორენტინა 32 9 10 13 32-38 37
17. ჯენოა 32 9 9 14 43-58 36
18. ლეჩე 32 8 10 14 37-48 34
19. ნოვარა 32 5 10 17 27-54 25
20. ჩეზენა 32 4 9 19 19-48 21

შენიშვნა: ატალანტა -6 ქულა

ბომბარდირები
23 - იბრაჰიმოვიჩი (მილანი); 20 - დი ნატალე (უდინეზე), მილიტო (ინტერი); 19 - კავანი (ნაპოლი); 17 - პალასიო (ჯენოა).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
ფორცა რომა!
totti
12:12 21-04-2012
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული