სერია A. XXXIII ტური: ტურინის "იუვენტუსისთვის" მოდუნება დამღუპველია

AutoSharing Option
პარადოქსია, მაგრამ ფაქტია, რომ სერია A-ს მიმდინარე გათამაშების 34-ე ტურის შემდეგ 33-ეს ჯერი დადგა და ჩვენც ისღა დაგვრჩენია, რომ ტურის წინასიტყვაობას გადავხედოთ, ან შესაძლოა, გავიხსენოთ კიდეც.

თუმცა, როდესაც აღნიშნული ტური დავაანონსეთ, მაშინ განსხვავებული ვითარება იყო და მას შემდეგ მართლაც ბევრი რამ შეიცვალა... შეიძლება ვინმეს ეს ნათქვამი გადაჭარბებულად მოეჩვენოს, მაგრამ ისიც ფაქტია, რომ მაშინ "იუვენტუსი" ასე ახლოს ნამდვილად არ იყო სკუდეტოს მოპოვებასთან.

დიახ, გასულ უქმეებზე "მილანმა" კიდევ ერთხელ წაიფორხილა და უშუალო კონკურენტს სამი ქულით გასწრების საშუალება მისცა - ეს კი იმას
ნიშნავს, რომ დარჩენილ ხუთ ტურში "იუვენტუსმა" ორჯერ უნდა დაკარგოს ქულები; ანუ ქულათა თანაბარი რაოდენობის შემთხვევაშიც კი ჩემპიონი "ვეკია სენიორა" გახდება, რადგან "მილანთან" ურთიერთშეხვედრებში უპირატესობა სწორედ ტურინელებს აქვთ.

რამდენად რეალურია, რომ "ბიანკონერიმ" დარჩენილ ოთხ შეხვედრაში ორჯერ დაკარგოს ქულები და თანაც მაშინ, როდესაც თითქმის ყველა ძლიერ გუნდთან უკვე ნათამაშები აქვს და, ძირითადად, აუტსაიდერებთან უწევს დაპირისპირება?! - მოკლედ, "მილანი" მეტად რთულ ვითარებაშია, ტურინში კი სკუდეტოს მოსაპოვებლად ემზადებიან.

აი, ასეთი რეალობით ეგებება საფეხბურთო იტალია სერია A-ს გადადებულ, XXXIII ტურს და დანარჩენს უკვე ქვემოთ გაეცნობით...

კიდევ ერთხელ გვიწევს იმის აღნიშვნა, რომ მილანური მატჩი ქართველი გულშემატკივრისთვის განსაკუთრებულად საინტერესოა, რადგან კახა კალაძეს ყოფილ გუნდთან მოუწევს დაპირისპირება და თანაც, "სან სიროზე" - იქ, სადაც არაერთი წელი მასპინძლის რანგში ასპარეზობდა.

ამასთან, ლუიჯი დე კანიოს სახით "ჯენოას" ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს და საინტერესოა, დააყენებს თუ არა ქართველ მცველს ძირითად შემადგენლობაში. არანაკლებ საინტერესოა, გამოაცოცხლებს თუ არა გამოცდილი სპეციალისტი გენუურ გუნდს და ამოქმედდება თუ არა ახალი ცოცხის პრინციპი.

რაც უნდა მოხდეს, ფავორიტი "მილანია" და ეს მიუხედავად იმისა, რომ გუნდს აშკარა ჩავარდნა აქვს. მეტიც, ექსპერტთა ვარაუდით, დიდია შანსი, ლომბარდიელებს მოტივაციასთან დაკავშირებული პრობლემებიც შეექმნათ, რადგან უმეტესობის აზრით, "იუვე" სკუდეტოს უკვე აღარ გაუშვებს ხელიდან. ასეთ დროს რთულია თამაშზე კონცენტრირება და შესაძლებლობების სრულად წარმოჩენა.

ვნახოთ, რამდენად შეძლებს მასიმილიანო ალეგრი შეგირდების საბრძოლველად შემართვას.

"გაძეტა დელო სპორტის" ვარაუდით, ალეგრი ჩვეულ 4-3-1-2 ტაქტიკას აირჩევს და შეტევის წინა ხაზზე ზლატან იბრაჰიმოვიჩისა და ანტონიო კასანოს ტანდემს გაამწესებს, მათ უკან კი ურბი ემანუელსონი გაირჯება. "ბოლონიასთან" ურბი თადარიგში იყო, სასტარტოში კი კლარენს ზეედორფი გაისარჯა. ამჯერად კი ჰოლანდიელები როლებს გაცვლიან.

ნახევარდაცვას შემდეგი სამეული გაამაგრებს: ანტონიო ნოჩერინო, მარკ ვან ბომელი, ჯენარო გატუზო - ეს უკანასკნელი იშვიათად ხვდება ძირითად შემადგენლობაში და ვნახოთ, როგორ წარმოაჩენს თავს.

რაც შეეხება "ჯენოას", ახალი მწვრთნელის ჩანაფიქრი რთული გამოსაცნობია, მაგრამ გარკვეული პროგნოზები მაინც კეთდება - გენუური გუნდი, სავარაუდოდ, 4-4-2 ტაქტიკით იასპარეზებს, შეტევის წინა ხაზზე კი ზე ედუარდოსა და როდრიგო პალასიოს ტანდემს ვიხილავთ. რაც მთავარია, სასტარტოში მოიაზრება კახა კალაძე და იმედია, გამართლდება "გაძეტას" პროგნოზი. ვნახოთ, წინ მართლაც საინტერესო პაექრობა გველის...

"იუვენტუსი" "ჩეზენას" ესტუმრება, გუნდს, რომელიც, ფაქტობრივად, გავარდნილია სერია B-ში და თუ რაიმე გაუთვალისწინებელი არ მოხდა, ვერც "იუვეს" გაუწევს წინააღმდეგობას. მით უმეტეს, ტურინული გრანდი "დინო მანუციზე" სრული საბრძოლო შემადგენლობით და თანაც, ამაღლებულ განწყობაზე ჩადის - გასულ უქმეებზე ხომ ანტონიო კონტეს გუნდმა "მილანთან" სხვაობა კიდევ უფრო გაზარდა.

კონტე ყველანაირად ცდილობს, რომ შეგირდებს მოდუნების საშუალება არ მისცეს და მისი კომენტარიც ამას მოწმობს:

"შესანიშნავად ვთამაშობთ და სრულიად დამსახურებულად ვართ პირველ ადგილზე, თუმცა ის ისტერია, რაც ჩვენ გარშემოა შექმნილი, ძალიან არ მომწონს. ყველა იმაზე ლაპარაკობს, რომ სკუდეტო უკვე ჯიბეში გვიდევს, რაც არაფრით არ შეიძლება.

ერთი, რაც დანამდვილებით ვიცი, არის ის, რომ ჩემპიონთა ლიგის საგზური უკვე მოვიპოვეთ. დანარჩენს კი დრო გამოაჩენს. თითოეული თამაში ფინალის ტოლფასია და დღეს ჩემპიონობაზე საუბარი ნამდვილად ადრეა".


"გაძეტას" მტკიცებით, კონტე შეტევაში მირკო ვუჩინიჩისა და ალესანდრო მატრის ტანდემს გაამწესებს, მათ უკან კი ტრადიციული ხუთეული გაირჯება: შტეფან ლიხტშტაინერი, პაოლო დე ჩელიე, არტურო ვიდალი, ანდრეა პირლო და კლაუდიო მარკიზიო. სათადარიგოთა სკამზე დარჩება ალესანდრო დელ პიერო, ისევე, როგორც სიმონე პეპე და მარკო ბორიელო. რაც შეეხება ფაბიო კვალიარელას, მას დისკვალიფიკაცია აქვს და "ჩეზენას" წინააღმდეგ ვერ ითამაშებს.

ძალიან საინტერესო მატჩები გაიმართება ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის მებრძოლი გუნდების მონაწილეობით - "უდინეზეს" "ინტერი" ესტუმრება, გუნდი, რომელსაც თვით ხავიერ ძანეტი დაუშავდა. "ნერაძური" გაურკვეველი მოტივაციით ჩადის "სტადიო ფრიულიზე" - საქმე იმაშია, რომ მილანელები ჩემპიონთა ლიგის საგზურს ვეღარ შესწვდებიან და აი, რამდენად მოისურვებენ ევროპის ლიგაზე ასპარეზობას, ეს ჯერ კიდევ საკითხავია.

უდინელებს ანტონიო დი ნატალე ჰყავთ სრულ მზადყოფნაში, ლომბარდიელები კი ალბათ დიეგო მილიტოს, დიეგო ფორლანისა და რიკი ალვარესისგან შემდგარი ტრიოთი შეუტევენ. ვნახოთ, ამ თამაშზე განსაკუთრებულად რთულია პროგნოზების გაკეთება...

ბოლოს "ლაციოს" შესახებ ვთქვათ, რომელსაც "ნოვარასთან" უწევს გასვლითი პაექრობა - რომაელები ფავორიტებად არიან მიჩნეულნი; მაგრამ რას გაიგებ? წესით, ედი რეიას შეგირდებს "ლეჩეც" უნდა დაემარცხებინათ...

სერია A. XXXIII ტური
24 აპრილი
ატალანტა-კიევო 1:0
ატალანტა (4-4-1-1): კონსილი - სტენდარდო, მანფრედინი, ჩიგარინი (80. კაცოლა), პელუზო - რაიმონდი, სკელოტო (83. ლუკინი), კარმონა, ბონავენტურა - მორალესი - დენისი.
კიევო (4-3-1-2): სორენტინო - დრამე, ცეზარი, ფრეი, ანდრეოლი (22. დაინელი) - ბრედლი, ვაჩეკი, რიგონი (51. ჰეტემაი) - კრუსადო (76. პალოსკი) - პელისიერი, თერეუ.
გოლი: 1:0 მორალესი (72).
გაფრთხილება: სტენდარდო, ჩიგარინი - ცეზარი, დაინელი.
კუთხური: 8-4; ჯარიმა: 16-14; თამაშგარე: 3-5; კარში დარტყმა: 9(3)-8(2); ბურთის ფლობა: 50%-50%.
მაყურებელი: 18 000

კალიარი-კატანია 3:0
კალიარი (4-3-1-2): ავრამოვი - პიზანო, ასტორი, კანინი, აგოსტინი - კონტი, ეკდალი, ნაინგოლანი - კოსუ (90. არიაუდო) - პინილია (87. ლარივეი), რიბეირო (73. იბარბო).
კატანია (4-4-2): ტერაჩანო - სპოლი, მოტა, ბელუში, მარკეზე - ლიამა (76. კატელანი), ბიაჯანტი (70. სუაზო), ლოდი, სეიმური - გომესი (54. ლანცაფამე), ბერგესიო.
გოლები: 1:0 რიბეირო (21), 2:0 პინილია (79), 3:0 იბარბო (90).
გაფრთხილება: კოსუ - ბელუში.
კუთხური: 8-2; ჯარიმა: 17-16; თამაშგარე: 1-2; კარში დარტყმა: 21(7)-12(6); ბურთის ფლობა: 54%-46%.
მაყურებელი: 12 000

25 აპრილი

ნოვარა-ლაციო 15.30
ტრავმა: ჯედა, მარიანინი, უიკანი - დიასი, კლოზე, სტანკევიჩუსი, ლულიჩი, ბროკი, მაკინვა, რადუ.

უდინეზე-ინტერი 18.00
დისკვალიფიკაცია: ფერნანდესი (უდინეზე).
ტრავმა: ბადუ, კოდა - ძანეტი, კივუ, კასტაინოსი, სამუელი.

სიენა-ბოლონია 18.00
დისკვალიფიკაცია: პეგოლო (სიენა).
ტრავმა: ანჯელო, კალაიო, ბელმონტე, ჯორჯი - კრესპო, მუდინგაი, პულცეტი, ჟილე, კაზარინი, კრხინი.

ლეჩე-ნაპოლი 18.00
დისკვალიფიკაცია: პანდევი (პანდევი).
ტრავმა: ჟულიო სერჟიო, მილიონიკო - როზატი, დონადელი, ლავეცი.

პალერმო-პარმა 18.00
დისკვალიფიკაცია: ბერტოლო (პალერმო).
ტრავმა: ბალცარეტი, მილიაჩო, პიზანო - მარიგა.

რომა-ფიორენტინა 18.00
დისკვალიფიკაცია: სტეკელენბურგი, ბოიანი, ლამელა - პასკუალი.
ტრავმა: ბურდისო, ჟუანი, ტოტი, ლობონტი - კროლდრუპი, იოვეტიჩი, ვარგასი, მონტოლივო.

მილანი-ჯენოა 20.00
დისკვალიფიკაცია: ბონერა - როსი, მესტო.
ტრავმა: ინძაგი, რომა, პატო, ამბროზინი - ბელუსკი.

ჩეზენა-იუვენტუსი 20.00
დისკვალიფიკაცია: ფონ ბერგენი - კვალიარელა.
ტრავმა: კომოტო, მარტინესი, პუდილი, იაკვინტა, ფონ ბერგენი, კალდერონი, პაროლო (ჩეზენა).

სატურნირო ცხრილი
ა გ თ მ ფ წ ბ ქ
1. იუვენტუსი 33 19 14 0 57-18 71
2. მილანი 33 20 8 5 63-27 68
3. ლაციო 33 16 7 10 49-41 55
4. უდინეზე 33 14 10 9 44-32 52
5. ნაპოლი 33 13 12 8 58-41 51
6. რომა 33 15 5 13 52-46 50
7. ინტერი 33 14 7 12 47-45 49
8. კატანია 34 11 13 10 44-46 46
9. ატალანტა 34 12 13 9 38-36 43
10. კიევო 34 11 10 13 30-41 43
11. სიენა 33 11 9 13 41-35 42
12. პარმა 33 10 11 12 44-50 41
13. პალერმო 33 11 8 14 46-51 41
14. ბოლონია 33 10 11 12 34-39 41
15. კალიარი 34 10 11 13 36-42 41
16. ფიორენტინა 33 9 11 13 32-38 38
17. ჯენოა 33 9 9 15 44-62 36
18. ლეჩე 33 8 11 14 38-49 35
19. ნოვარა 33 5 10 18 27-56 25
20. ჩეზენა 33 4 10 19 21-50 22

შენიშვნა: ატალანტა - 6 ქულა

ბომბარდირები
24 - იბრაჰიმოვიჩი (მილანი); 20 - დი ნატალე (უდინეზე), მილიტო (ინტერი), კავანი (ნაპოლი).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული