დიდი აურზაური "უდინეში"

AutoSharing Option
XXXV ტური უდინური მატჩით დასრულდა, რომელშიც "უდინეზემ" "ლაციოს" უმასპინძლა და მეტოქე ორი უპასუხო გოლის წყალობით დაამარცხა.

ეს მატჩი გულშემატკივართა განსაკუთრებულ ინტერესს იწვევდა, რადგან ერთმანეთის პირისპირ ჩემპიონთა ლიგის მესამე საგზურისთვის მებრძოლი გუნდები წარსდგნენ. როგორც ასეთ მატჩებზე ამბობენ, ექვსი ქულა თამაშდებოდა და ბუნებრივია, რომ "სტადიო ფრიულიზე" დუღილის ტემპერატურა მაქსიმუმზე ავიდა. მთლიანობაში, მასპინძლებმა აჯობეს სტუმრებს და დამსახურებულად გაიმარჯვეს - ამან რომაელთა განრისხება გამოიწვია, სტუმრებმა ვერ მოთოკეს ნერვები და შედეგად, მატჩის უკანასკნელ წუთებზე სტადიონზე დიდი გაწევ-გამოწევა გაიმართა და საქმე ხელჩართულ ჩხუბამდეც კი მივიდა.

მართალია,
მაგრად არავინ გალახულა და სისხლი არ დაღვრილა, მაგრამ ერთი-ორს კი ნამდვილად კარგად მოხვდა... თვით მატჩის მთავარ არბიტრს, მაურო ბერგონცისაც წაუთაქეს, რაც იშვიათი შემთხვევაა. თუმცა მივყვეთ თანმიმდევრობით და ყველაფერი ცხადი გახდება...

ცრუ სასტვენი
მსაჯის მიერ დამატებული მესამე წუთი მიმდინარეობდა, როდესაც "უდინეზე" 1:0-ს იგებდა და "ლაციოს" კუთხურის მოლოდინში, საკუთარ საჯარიმოში მთელი გუნდით იყო გამაგრებული - მეტოქის საჯარიმოში თვით ფედერიკო მარკეტი ჩავიდა, რადგან რომაელთათვის ეს კუთხური აშკარად ბოლო შანსი იყო...

უდინელებმა გამოიტანეს სახიფათო ზონიდან ბურთი და კონტრიერიში წამოიწყეს. ამ დროს კი ტრიბუნიდან სასტვენის ხმა გაისმა, რამაც მოედანზე მყოფი ფეხბურთელების უმრავლესობა დააბნია - რომაელებს და, მათ შორის, მარკეტის ეგონათ, რომ თამაში დასრულდა და გაჩერდნენ. უდინელმა რობერტო პერეირამ კი იერიში განაგრძო და რომაელებს მეორე გოლი გაუტანა.

პერეირას გოლი ბევრს არაფერს წყვეტდა, რადგან უდინელები მაინც 1:0-ს იგებდნენ, მაგრამ ეს ეპიზოდი განრისხებული რომაელებისთვის შესანიშნავი საბაბი გამოდგა, დაგროვილი ბრაზი მეტოქე გუნდსა და მსაჯებზე გადმოეფრქვიათ. რთული სათქმელია, რა დააშავა ამ კონკრეტულ შემთხვევაში მაურო ბერგონციმ, მაგრამ ფაქტია, რომ რომაელები მსაჯს მისცვივდნენ და ახსნა-განმარტებები აგრესიულ ფორმებში მოსთხოვეს. ყველაზე მეტად ანდრე დიასი აქტიურობდა, რომელიც წყობიდან იყო გამოსული და რომ არ გაეკავებინათ, ალბათ, სისხლის სამართლის დანაშაულს ჩაიდენდა.

დიასის ემოცია ფედერიკო მარკეტისაც გადაედო. გასახდელისკენ მიმავალ არბიტრს დაეწია და უკნიდან ხელი ჰკრა, რაც უეფას და ფიფას მიერ განსაკუთრებული სიმკაცრით ისჯება. როდესაც დაბნეულმა არბიტრებმა "სტადიო ფრიულის" გაზონი დატოვეს, რომაელთა აგრესია მეტოქე გუნდზე გადავიდა. კლუბების მესვეურებს შორის ხელჩართული ჩხუბიც კი მოხდა, რასაც ტრიბუნებზე განსაკუთრებული ოვაციები მოჰყვა.

აღსანიშნავია, რომ ყველაზე უფრო თავშეკავებულად მწვრთნელები იქცეოდნენ - ფრანჩესკო გვიდოლინიც და ედუარდო რეიაც, ძირითადად, გაშველებით იყვნენ დაკავებულნი.

განაჩენი და კომენტარები
"ლეგა კალჩოს" სადისციპლინო კომიტეტმა ეს ინციდენტი მალევე განიხილა და განაჩენიც გამოიტანა: ანდრე დიასმა 3-მატჩიანი დისკვალიფიკაცია მიიღო, ფედერიკო მარკეტი კი 4 უახლოეს თამაშს გამოტოვებს.

ეს ყველაფერი იმას ნიშნავს, რომ ორივე მათგანისთვის მიმდინარე სეზონი უკვე დასრულებულია, რადგან ჩემპიონატის დამთავრებამდე მხოლოდ სამი ტურია დარჩენილი. უდინეში განვითარებულ მოვლენებზე არაერთი კომენტარი გაკეთდა და ქვემოთ რამდენიმე მათგანს გავეცნოთ...

ჯამპიერო პინცი (უდინეზეს ფეხბურთელი): "სიმართლე გითხრათ, ვერაფრით გავიგე, რაზე დავობდნენ რომაელები და რატომ ატეხეს ამხელა ამბავი. სასტვენის ხმა მეც გავიგე და მეგონა, რომ თამაში დასრულდა, მაგრამ საბედნიეროდ, პერეირამ სხვაგვარად ჩათვალა და გოლიც გაიტანა.

ფაქტია, რომ არბიტრს არ ჩაუსტვენია და როგორც განმეორებაზე ვნახე, ხელებით ანიშნებდა, რომ თამაში უნდა გაგრძელებულიყო. რა შუაშია ბერგონცი? ტრიბუნიდან ვიღაცის კარნახით ხომ არ დაასრულებდა შეხვედრას? მესმის, რომ რომაელებს ძალიან ეწყინათ მარცხი, მაგრამ ასეთი რამ არ შეიძლება".

ფრანჩესკო გვიდოლინი (უდინეზეს მთავარი მწვრთნელი): "ძალიან სამწუხაროა, რომ შეხვედრა ასეთი უსიამოვნო ინციდენტით დასრულდა. თუმცა ამაში ჩვენ არ ვართ დამნაშავეები და შესაბამისად, მოსაბოდიშებელი არაფერი გვაქვს.

აშკარად ვაჯობეთ მეტოქეს და დამსახურებული გამარჯვება მოვიპოვეთ. როგორც ჩანს, რომაელები წყობიდან გამოვიდნენ და ეს გაუგებრობაც ამად მოხდა. ფეხბურთი ემოციების გარეშე არ არსებობს. ეს სპორტის უპირველესი სახეობის შემადგენელი ნაწილია და ამიტომ კარგი იქნება, თუ სადისციპლინო კომიტეტი ძალიან მკაცრ ზომებს არ მიიღებს. უკეთესი იქნებოდა, ეს არ მომხდარიყო, მაგრამ არც ტრაგედიის შექმნა ივარგებს".

ედუარდო რეია (ლაციოს მთავარი მწვრთნელი): "სამწუხარო მარცხი ვიწვნიეთ, მაგრამ ჩემპიონთა ლიგის საგზურის მოპოვების შანსი არ დაგვიკარგავს და ბოლომდე უნდა ვიბრძოლოთ. "უდინეზემ" უკეთესი შთაბეჭდილება დატოვა და სამი ქულა ნამდვილად დაიმსახურა. რაც შეეხება მატჩის უკანასკნელ წუთზე მომხდარ გაუგებრობას, საინტერესოს ვერაფერს გეტყვით, რადგან ყველაფერი ჩემგან დამოუკიდებლად მოხდა.

სასტვენის ხმა მეც გავიგე, მაგრამ მოვლენები იმდენად სწრაფად განვითარდა, რომ ბევრი ვერაფერი გავიაზრე. რაც იყო, იყო - ჩემპიონთა ლიგის საგზურის მოპოვების ისეთივე შანსი გვაქვს, როგორიც კონკურენტებს და ყურების ჩამოყრა არაფრით შეიძლება".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული