სერია A. XXXVI ტურის გამოხმაურება: ჯანლუიჯი ბუფონის საბედისწერო შეცდომა

AutoSharing Option
სკუდეტოსთვის ბრძოლა უკიდურესად გამწვავდა და ამაში მთავარი დამნაშავე, პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობით, ჯანლუიჯი ბუფონი გახლავთ.

"იუვენტუსი" "ლეჩეს" კლაუდიო მარკიზიოს გოლით უგებდა. თამაშის დასრულებამდე ხუთიოდე წუთი იყო დარჩენილი, სერსე კოსმის გუნდი კი მრისხანე მეტოქეს კაცნაკლული ეპაექრებოდა - თითქოს არაფერი უქადდა იმას, რომ სტუმრებს ანგარიში გაეთანაბრებინათ და აი, აქ მოხდა ის, რასაც მართლა არავინ ელოდა: ჯიჯი ბუფონმა მცველისგან პასი მიიღო, ბურთი ცუდად გაიჩერა, წინ გაუვარდა და პირდაპირ ანდრეა ბერტოლაჩის ჩააბარა, რომელმაც, ფაქტობრივად, ცარიელი კარი დალაშქრა და "ვეკია სენიორას" უმნიშვნელოვანესი ორი ქულა დააკარგვინა.

თუმცა, გავბედავთ და ვიტყით, რომ ტურინელთა წაფორხილებაში ბუფონზე არანაკლები ბრალი "იუვეს" შემტევებს მიუძღვით, რომლებმაც უამრავი საგოლე მომენტი გაანიავეს და სწორედ ამისთვის დაისაჯნენ.

როდესაც, მინიმუმ, 20-ჯერ დაარტყამ მეტოქის კარის მიმართულებით; როდესაც, მინიმუმ, 5-ჯერ დარჩები კიპერთან პირისპირ და როდესაც მეტოქეს ყველა კომპონენტში ათი თავით ჯობიხარ, მინიმუმ, ორი გოლი მაინც უნდა შეაგდო და მსაჯის საფინალო სასტვენს მშვიდად დაელოდო...

მოკლედ, "იუვენტუსმა" ჰაერივით საჭირო ქულები დაკარგა და სასკუდეტო ინტრიგა მაქსიმალურად გაამძაფრა. რაც შეეხება კლაუდიო მარკიზიოს გოლს, ყველაფერი სტანდარტულად მოხდა: ანდრეა პირლომ ბურთი მოედნის ცენტრთან ახლოს მიიღო, ცოტა წინ წაიწია და საჯარიმოში ჩვეული სიზუსტით ჩაჰკიდა, სადაც ბურთს სწორედ მარკიზიო დაუხვდა და თავური დარტყმით გადაგზავნა კარის ჩარჩოში. მატჩის შემდეგ ტურინის "იუვენტუსის" თითქმის ყველა ფეხბურთელი ჯანლუიჯი ბუფონის გამხნევებით იყო დაკავებული და მათ არც ანტონიო კონტე ჩამორჩა:

"ასეთი რამ ნებისმიერ მოთამაშეს შეიძლება დაემართოს და ტრაგედიის შექმნა ნამდვილად არ ღირს. მით უმეტეს, ჯიჯი მინდვრის მოთამაშის ამპლუაში შეცდა და არა უშუალო მოვალეობის შესრულებისას. რა გაეწყობა, წინ უნდა ვიყუროთ და მომდევნო შეხვედრაზე მოვახდინოთ კონცენტრაცია. ჯერ კიდევ ლიდერები ვართ და ყველაფერი ჩვენ ხელშია - თუ დარჩენილ ორ პაექრობას მოვიგებთ, სკუდეტო ჩვენ დაგვრჩება და ეს ასეც უნდა მოხდეს".

"სან სიროზე" 40 000-ზე ოდნავ მეტი გულშემატკივარი შეიკრიბა, რაც იმას ნიშნავდა, რომ "მილანის" გულშემატკივართა აბსოლუტურ უმეტესობას სკუდეტოს მოგების უკვე აღარ სჯეროდა; იტალია კი ინგლისი არაა, სადაც საყვარელ გუნდს ყოველთვის მხურვალედ უჭერენ მხარს.

აპენინებზე გულის აცრუება სჩვევიათ და სწორედ ასეთ მოვლენასთან გვქონდა საქმე, თუმცა ვეჭვობთ, რომ გასული ტურის შემდეგ ყველაფერი შეიცვლება. "როსონერიმ" მოულოდნელი საჩუქარი მიიღო და ამით ძალიან კარგად ისარგებლა...

ლომბარდიელებმა "ატალანტას" შეხვედრის სტარტზევე გაუტანეს და ეს მისია საკუთარ თავზე სალი მუნტარიმ აიღო - შეხვედრის მე-9 წუთი მიმდინარეობდა, როდესაც კევინ პრინს ბოატენგმა მუნტარის იდეალური გადაცემა გაუკეთა და მანაც ერთი შეხებით გადაგზავნა ბურთი ბერგამოელთა კარის ჩარჩოში, 1:0.

ვერ ვიტყვით, რომ გატანილმა გოლმა მილანელებს ფრთები შეასხა და კიდევ უფრო დიდი ძალებით ეკვეთნენ მეტოქის კარს - პირიქით, "როსონერი" თითქოს მოეშვა და თამაშიც ნელ ტემპში წარიმართა.

მატჩის ბოლო ხუთ წუთში კი ნათლად გამოჩნდა, თუ რამხელა მნიშვნელობა აქვს ფეხბურთელისთვის სატურნირო მოტივაციას; ბევრი იძახეს მასიმილიანო ალეგრის შეგირდებმა, "იუვეს" თამაშებს ყურადღებას არ ვაქცევთო, მაგრამ ასე ნამდვილად არ ყოფილა - მივიდა თუ არა "სან სიროზე" ცნობა ბერტოლაჩის გოლის შესახებ, მილანელები გარდაისახნენ, ამოძრავდნენ და ბოლო ხუთი წუთი აღმაფრენით ჩაატარეს.

"ატალანტას" კარი სწორედ ბოლო ხუთწუთეულში დაბომბეს და შედეგად მეორე გოლიც ვიხილეთ: რობინიომ დამატებაზე ივარგა, თავური დარტყმით დალაშქრა ბერგამოელთა კარი და მატჩის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა, 2:0.

მატჩის შემდეგ ალეგრი გახარებული გახლდათ და პრესასთან მოკლე კომენტარი გააკეთა: "ყოველთვის იმას ვამბობდი, რომ სკუდეტოსთვის ბრძოლა ბოლო ტურამდე გაგრძელდება და დღესაც ამ აზრზე ვარ. "ლეჩემ" დიდი საჩუქარი გაგვიკეთა, რითაც კარგად ვისარგებლეთ. იმედია, "იუვე" კიდევ დაკარგავს ქულებს, ჩვენ კი დარჩენილი ორი თამაში, მათ შორის, მილანური დერბი, აუცილებლად უნდა მოვიგოთ".

ჩემპიონთა ლიგა
"ნაპოლიმ" ჯერ კიდევ სამშაბათს მოიგო თავისი შეხვედრა და ფავორიტის სტატუსი კიდევ უფრო განიმტკიცა. დიახ, უმეტესობა უპირატესობას სწორედ ნეაპოლურ გუნდს ანიჭებს და ეს არც არის გასაკვირი, რადგან სამხრეთელებს შედარებით იოლი კალენდარი აქვთ.

ასეც რომ არ იყოს, ვალტერ მაცარის გუნდი ობიექტურად უფრო ძლიერი ჩანს, ვიდრე "უდინეზე", "ლაციო" და თუნდაც "ინტერი", რომელიც "პარმასთან" დამარცხდა და ძალიან დაშორდა სამეულს. დიახ, ანდრეა სტრამაჩონის თავკაცობით, მილანურმა გრანდმა პირველი და შესაძლოა, გადამწყვეტი მარცხი იწვნია.

არადა, თამაში მილანელთათვის შესანიშნავად დაიწყო - ვესლი სნეიდერმა ანგარიში შეხვედრის სტარტზევე გახსნა და პირველი ტაიმი სწორედ სტუმართა გამარჯვებით დასრულდა. აი, მეორე ნახევარში კი "პარმა" ერთიანად გარდაისახა, დიდი ძალებით გადავიდა მეტოქის ნახევარზე და სამი უპასუხო გოლი გაიტანა.

ემილიელებმა შტურმი დაატეხეს თავს მეტოქეს და მილანური გრანდი თავის გულშემატკივრებიანად მიწაზე დააბრუნეს. "უდინეზემ" კინკილა გოლით "ჩეზენა" დაამარცხა და "ნაპოლის" წამოეწია. აი, "ლაციომ" კი კიდევ ერთხელ დაგვანახვა, რომ კრიზისშია და ეს კრიზისი გუნდს, სავარაუდოდ, ჩემპიონთა ლიგის მიღმა დატოვებს.

ბოლოს ორიოდე სიტყვით "ჯენოას" შესახებ ვთქვათ, რომელმაც ტრავმირებული კახა კალაძის გარეშე "კალიარის" ბრეშაში "უმასპინძლა" და მეტოქეს მინიმალური ანგარიშით სძლია, 2:1.

ამ გამარჯვებით გენუელებმა "ლეჩეს" მთელი სამი ქულით გაუსწრეს და დიდი ნაბიჯი გადადგეს ელიტაში ადგილის შენარჩუნებისკენ. "ჯენოა" "ლეჩეს" ურთიერთშეხვედრებშიც სჯობს და, გამომდინარე აქედან, თანაბარი ქულების შემთხვევაში, უპირატესობა სწორედ კალაძის გუნდს მიენიჭება.

სერია A. XXXVI ტური

კიევო-რომა 0:0

ნაპოლი-პალერმო 2:0
გოლები: 1:0 კავანი (16-პენ.), 2:0 ჰამშიკი (35).

მილანი-ატალანტა 2:0
გოლები: 1:0 მუნტარი (9), 2:0 რობინიო (90).

კატანია-ბოლონია 0:1
გოლი: 0:1 რამირესი (79).

ჩეზენა-უდინეზე 0:1
გოლი: 0:1 ფაბრინი (4).

ფიორენტინა-ნოვარა 2:2
გოლები: 0:1 ჯედა (14), 0:2 რიგონი (30-პენ.), 1:2 მონტოლივო (48-პენ.), 2:2 მონტოლივო (71).

ჯენოა-კალიარი 2:1
გოლები: 1:0 პალასიო (12), 1:1 არიაუდო (13), 2:1 იანკოვიჩი (76).

იუვენტუსი-ლეჩე 1:1
გოლები: 1:0 მარკიზიო (8), 1:1 ბერტოლაჩი (85).
გაძევება: კუადრადო (54. ლეჩე).

ლაციო-სიენა 1:1
გოლები: 0:1 დესტრო (26), 1:1 ლედესმა (62-პენ.).

პარმა-ინტერი 3:1
გოლები: 0:1 სნეიდერი (13), 1:1 მარკესი (53), 2:1 ჯოვინკო (55), 3:1 ბიაბიანი (83).

სატურნირო მდგომარეობა

ა გ თ მ ფ წ ბ ქ
1. იუვენტუსი 36 21 15 0 63-19 78
2. მილანი 36 23 8 5 70-28 77
3. ნაპოლი 36 15 13 8 64-43 58
4. უდინეზე 36 16 10 10 48-35 58
5. ლაციო 36 16 8 12 51-46 56
6. ინტერი 36 16 7 13 53-50 55
7. რომა 36 15 7 14 55-50 52
8. პარმა 36 13 11 12 51-53 50
9. ბოლონია 36 12 12 12 39-42 48
10. კატანია 36 11 14 11 45-48 47
11. ატალანტა 36 13 13 10 40-38 46
12. კიევო 36 11 12 13 30-41 45
13. სიენა 36 11 11 14 44-41 44
14. კალიარი 36 10 12 14 37-44 42
15. ფიორენტინა 36 10 12 14 36-43 42
16. პალერმო 36 11 9 16 48-56 42
17. ჯენოა 36 10 9 17 48-67 39
18. ლეჩე 36 8 12 16 40-54 36
19. ნოვარა 36 6 11 19 31-63 29
20. ჩეზენა 36 4 10 22 22-54 22

შენიშვნა: ატალანტა - 6 ქულა

ბომბარდირები

26 - იბრაჰიმოვიჩი (მილანი); 23 - კავანი (ნაპოლი); 21 - დი ნატალე (უდინეზე); 20 - მილიტო (ინტერი).

მომდევნო ტური

5 მაისი: ლეჩე-ფიორენტინა, რომა-კატანია.
6 მაისი: სიენა-პარმა, ნოვარა-ჩეზენა, პალერმო-კიევო, უდინეზე-ჯენოა, ატალანტა-ლაციო, ბოლონია-ნაპოლი, კალიარი-იუვენტუსი, ინტერი-მილანი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული