იოახიმ ლიოვისგან (გერმანია) და ბერტ ვან მაარვიკისგან (ჰოლანდია) განსხვავებით, ჩეზარე პრანდელის ჯერ არ დაუსახელებია იმ ფეხბურთელთა გვარები, რომლებისგანაც შემდეგ 23 მოთამაშეს შეარჩევს და უკრაინა-პოლონეთში წაიყვანს.
როგორც თავად ჩეზარემ განაცხადა, გაფართოებულ შემადგენლობას კვირას დაასახელებს და ამ დღეს აპენინებზე უკვე სულმოუთქმელად ელიან.
ბუნებრივია, პრანდელი მასმედიის ყურადღების ცენტრშია მოქცეული და მასაც უამრავ კითხვაზე უწევს პასუხის გაცემა - მართალია, კვირამდე არაფრის თქმა სურდა, მაგრამ
30 მოთამაშე კოვერჩიანოზე
"კვირას იმ 30 ფეხბურთელის გვარს დავასახელებ, რომლებიც საწვრთნელ ცენტრ "კოვერჩიანოზე" შეიკრიბებიან და ნაკრების მოსამზადებელი პროცესის პირველი ეტაპიც დაიწყება.
ამ მოთამაშეებს, მაქსიმუმ, 10 დღეს დავაკვირდები დ შემდეგ იმ 23-ს შევარჩევ, რომლებსაც უკრაინა-პოლონეთში წავიყვან. ღმერთმა არ ქნას და, თუ რომელიმემ ტრავმა მიიღო, დანაკლისს სწორედ დაწუნებული მოთამაშეებისგან შევავსებ.
ბევრს სურდა, რომ გაფართოებული შემადგენლობა გაცილებით ადრე დამესახელებინა, მაგრამ ამის საჭიროება ვერ დავინახე. უმჯობესია, რომ დასრულდეს სერია A-ს მიმდინარე გათამაშება და სიასაც შემდეგ გამოვაქვეყნებ.
არაერთი მოთამაშე უკანასკნელ ტურამდე იბრძვის ეროვნულ გუნდში მოსახვედრად და არ მაქვს იმის სურვილი, რომ თუნდაც ერთი მატჩის წინ მოტივაცია მოვუკლა. მოკლედ, დაველოდოთ კვირას და ყველაფერი გაცხადდება".
გადაწყვეტილია...
"გადაწყვეტილია თუ არა ანტონიო კასანოსა და მარიო ბალოტელის გამოძახება? - გაფართოებულ სიაში რომ მოხვდებიან, ამას ალბათ ყველა ხვდება და ვერც მე დავმალავ.
კასანომ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ევროპის ჩემპიონატზე ეთამაშა და ამით ნათლად დაგვანახვა, თუ რამდენს ნიშნავს მისთვის ეროვნული ნაკრები. ანტონიოზე უდიდეს იმედებს ვამყარებ და დარწმუნებული ვარ, რომ გაცემულ ავანსებს სრულად გაამართლებს.
ბალოტელი ძალიან ახალგაზრდა და ემოციურია, რის გამოც შეცდომები ხშირად მოსდის, მაგრამ მჯერა, რომ ყველაზე ცუდი უკან მოიტოვა. მარიო უნიჭიერესია და არ მინდა მასზე უარი ვთქვა - ამიტომ, კარგი იქნება, თუ საწვრთნელ პროცესში თავს კარგად წარმოაჩენს. ბალოტელი ნაკრებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი მოთამაშეა და ეს, პირველ რიგში, სწორედ თვითონ უნდა გააცნობიეროს.
უკვე გავრცელდა ცნობები ანტონიო დი ნატალეს გამოძახების შესახებაც და ვერც ამას დავმალავ - ბევრი ამ გადაწყვეტილებასაც სკეპტიკურად შეხვდა, მაგრამ მინდა შევახსენო მათ, რომ ტოტოს ანგარიშზე ბოლო სამ სეზონში თითქმის 100 გოლია. დიახ, 100 შედეგიანი დარტყმა და როგორ შეიძლება ამ მოთამაშეზე უარი ვთქვა?"
აქცენტი ახალგაზრდებზე
"მუდმივად მეკითხებიან ალესანდრო დელ პიეროსა და ფრანჩესკო ტოტის შესაძლო გამოძახების შესახებ და ალბათ ამ თემას მხოლოდ მაშინ დაესმება წერტილი, როდესაც შემადგენლობას გამოვაქვეყნებ.
ტოტიც და დელ პიეროც უდიდესი მოთამაშეები არიან, მაგრამ საუკეთესო დროება უკან მოიტოვეს და მათ სათადარიგო ვარიანტებად განვიხილავ. თუ რაიმე გაუთვალისწინებელი მოხდა, არ გამოვრიცხავ, რომ გამოვიძახო, მაგრამ ამ ეტაპზე სანაკრებო სიაში არ მოიაზრებიან.
სიმართლე გითხრათ, მირჩევნია აქცენტი ახალგაზრდა მოთამაშეებზე გავაკეთო, მაგალითად, ფაბიო ბორინიზე, რომელმაც მიმდინარე სეზონში თავი შესანიშნავად წარმოაჩინა".
ინფორმაცია განსჯისათვის
ერთი სიტყვით, ჩეზარე პრანდელიმ გარკვეული ინფორმაცია გათქვა და კვირამდე ჟურნალისტებს განსჯის საგანი მისცა.
"სკუადრა აძურას" დამრიგებელმა თავდამსხმელებზე ისაუბრა და ჩვენც სწორედ წინა ხაზზე შევჩერდეთ ორიოდე სიტყვით. უმეტეს შემთხვევებში, 23-კაციან განაცხადში 6 ნომინალური ფორვარდია და თუ პრანდელის სიტყვებს გავიხსენებთ, აქედან 4 უკვე შერჩეულია.
ანტონიო კასანო, მარიო ბალოტელი და ანტონიო დი ნატალე პრანდელის, პრაქტიკულად, არჩეული ჰყავს და თუ ფაბიო ბორინიმ საწვრთნელ პროცესზე თავი არ შეირცხვინა, ისიც გაემგზავრება ევროპირველობაზე.
ამ ლოგიკით, შეტევის ხაზში ორი ვაკანტური ადგილი რჩება, რომლისთვისაც არაერთი ფორვარდი იბრძვის - თუ იტალიელ ჟურნალისტებს დავუჯერებთ, სენიორ ჩეზარე იმ ორ დარჩენილ თავდამსხმელს შემდეგი ფეხბურთელებიდან შეარჩევს: ალესანდრო მატრი, ჯამპაოლო პაცინი, პაბლო ოსვალდო, ფაბიო კვალიარელა, სებასტიან ჯოვინკო.
კომენტარები
გაცხადდა თუ არა, რომ ჩეზარე პრანდელი ნაკრების გაფართოებულ შემადგენლობას კვირას დაასახელებს, იტალიურ სპორტულ პრესაში არაერთი საინტერესო კომენტარი გამოქვეყნდა. ბუნებრივია, სხვებზე მეტად "აძურას" კანდიდატები აქტიურობენ, თუმცა ჩრდილში არც ცნობილი საფეხბურთო მოღვაწეები და თუნდაც პრანდელის კოლეგები რჩებიან.
ალესანდრო დიამანტი (ბოლონიას შემტევი ნახევარმცველი, 28 წლის): "ჩემი უმთავრესი მიზანი ეროვნულ ნაკრებთან ერთად ევროპის ჩემპიონატზე გამგზავრებაა და იმედია, ოცნება ამისრულდება. "აძურაში" მხოლოდ ერთხელ ვითამაშე, ისიც 2010 წელს, მაგრამ იმედი ჯერ კიდევ არ დამიკარგავს.
"ბოლონიას" შემადგენლობაში ჩემპიონატის ბოლო წუთამდე ვიბრძოლებ იმისთვის, რომ ჩეზარე პრანდელის ყურადღება მივიქციო და განაცხადში მოვხვდე".
სტეფანო მაური (ლაციოს ნახევარმცველი, 32 წლის): "ნახევარდაცვაში დიდი კონკურენციაა. ეს კარგად მესმის, მაგრამ მაინც დარწმუნებული ვარ, რომ ჩეზარე პრანდელი შანსის გარეშე არ დამტოვებს. თუ გაფართოებულ შემადგენლობაში მოვხვდი, ყველაფერს გავაკეთებ, რომ ევროპირველობაზე გავემგზავრო.
ნაკრებში თამაში ჩემთვის ყველაზე დიდი მოტივაციაა და შესაბამისად, თავის დაზოგვას არ ვაპირებ. თანაც, იმ ასაკში ვარ, რომ შესაძლოა მეორე შანსი აღარ მომეცეს - ამიტომ პრანდელის არჩევანს განსაკუთრებული მღელვარებით ველოდები".
მარჩელო ლიპი (იტალიის ნაკრების ყოფილი მთავარი მწვრთნელი): "პირადად მე, გაფართოებული შემადგენლობის დასახელებას ყოველთვის ვერიდებოდი, რადგან მძიმე კონკურენციის პირობებში მშვიდად წვრთნების ჩატარება არცთუ იოლი საქმეა.
რადგან ჩეზარემ ასე მოისურვა, ე.ი. იცის, რასაც აკეთებს და მინდა მას წარმატება ვუსურვო. საერთოდ, პრანდელის მიერ გაწეულ სამუშაოს მაღალ შეფასებას ვაძლევ და ვთვლი, რომ მის ხელში "აძურამ" პროგრესი განიცადა.
შემადგენლობაზე მეტად ის მაინტერესებს ,თუ როგორ ტაქტიკაზე გააკეთებს აქცენტს "აძურას" დამრიგებელი.
შესარჩევი ეტაპის დროს ჩეზარე 4-4-2-სა და 4-3-3-ს შორის მერყეობდა და ძალიან მაინტერესებს, საით გადაიხრება. რას ვურჩევდი პრანდელის? - რჩევას პირადად ვეტყვი, თუმცა მან ისედაც კარგად იცის, რა უნდა გააკეთოს".
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"