იტალიის თასი. ფინალი: ეს უბრალო თასი არაა

AutoSharing Option
იუვენტუსი-ნაპოლი 0:2
გოლები: 0:1 კავანი (63-პენ.), 0:2 ჰამშიკი (83).
გაძევება: კვალიარელა (90. იუვენტუსი).

ნეაპოლში ისეთი ფიესტაა, ლონდონს არც დაესიზმრება - მეორე დღეა, ქალაქში სრული საგიჟეთია და ეს მხოლოდ იმიტომ, რომ "ნაპოლიმ" იტალიის თასი მოიგო.

დიახ, ტურნირი, რომელიც ერთი შეხედვით ნაკლებად პრესტიჟულია, თუმცა ვისთვის როგორ და ეს სამხრეთელთა მაგალითზე მტკიცდება.

21 მაისის ნომერში ვწერდით, რომ ნეაპოლელთა ბოლო წლების პროგრესმა ერთი ტიტული ნამდვილად მოამწიფა და ეს მართლაც ასეა - ვალტერ მაცარის გუნდი "კოპა იტალიას" იმსახურებდა და მოიგო კიდეც.

ფინალური მატჩი გარდამავალი უპირატესობით წარიმართა.
მომენტები ორივე კართან შეიქმნა, მაგრამ უფრო მონდომებულნი სამხრეთელები ჩანდნენ და შედეგად, ორი უპასუხო გოლიც გაიტანეს. გოლების აღწერით თავს არ შეგაწყენთ, მით უმეტეს, ერთი თერთმეტმეტრიანით გავიდა და პირდაპირ მატჩისშემდგომ ემოციებზე გადავალთ...

რომის ოლიმპიური სტადიონის ტრიბუნები ორად იყო გაყოფილი და წარმოიდგინეთ, რა ატმოსფერო იქნებოდა მატჩის მსვლელობისას... ხუმრობა საქმე ნამდვილად არაა, როდესაც ერთმანეთის პირისპირ "იუვეს" და "ნაპოლის" ქომაგები არიან და თანაც, დაახლოებით თანაბარი რაოდენობით.

თამაში პერიოდულად პეტარდების კვამლში ეხვეოდა. რამდენჯერმე ტიფოზებმაც გაიწიეს ერთმანეთზე, მაგრამ საბედნიეროდ, სერიოზულ დაპირისპირებამდე საქმე არ მისულა.

მსაჯის საფინალო სასტვენის შემდეგ კი სამხრეთელები ზეიმს მიეცნენ და ოლიმპიური სტადიონის გაზონიც მთლიანად ნეაპოლელებმა დაიკავეს. გამარჯვებულთა სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა და ეს კომენტარებშიც ნათლად ჩანს...

ვალტერ მაცარი (ნაპოლის მთავარი მწვრთნელი): "ტურინულ გრანდს აქამდე არცერთი შეხვედრა არ ჰქონდა წაგებული და ბუნებრივია, რომ ფავორიტად სწორედ "იუვენტუსი" ითვლებოდა. არ დავმალავ, მოედანზე გასვლის წინ მოთამაშეებს ფეხებიც კი უკანკალებდათ, მაგრამ ეს არა შიშის, არამედ მღელვარების ბრალი იყო.

საბედნიეროდ, ჩვენ შევძელით ის, რასაც ბევრი არ ელოდა და დავამარცხეთ დაუმარცხებელი. იმედია, არავის ეწყინება, თუ სამ ფეხბურთელს გამოვყოფ: ჰამშიკს, ლავეცის და კავანის - ამ ბიჭებმა ყველაფერი გააკეთეს იმისთვის, რომ "ნაპოლის" ხანგრძლივი პაუზის შემდეგ ტროფეი მოეგო. ამაყი ვარ და მჯერა, რომ ეს წარმატება კიდევ უფრო დიდ გამარჯვებებს დაუდებს სათავეს.

მივდივარ თუ არა ნეაპოლიდან? - კლუბთან კონტრაქტი 2013 წლის ზაფხულამდე მაკავშირებს და არავითარი სურვილი არ მაქვს, რომ პირობები დავარღვიო".

აურელიო დე ლაურენტისი (ნაპოლის პრეზიდენტი): "თასის მოგება დიდი გამარჯვებების დასაწყისია და ამაში ღრმად ვარ დარწმუნებული. ძალიან კარგი სეზონი გამოვიდა და ეს მიუხედავად იმისა, რომ ჩემპიონთა ლიგის საგზური ვერ მოვიპოვეთ. სამაგიეროდ, იმავე ლიგაზე შესანიშნავად ვიასპარეზეთ და იტალიის თასი მოვიგეთ. არც სერია A-ში შეგვირცხვენია თავი და სამეულში მოსახვედრად ძალიან ცოტა დაგვაკლდა.

ვფიქრობ, გულშემატკივრები კმაყოფილები უნდა იყვნენ, რადგან გუნდი მთელი სეზონის განმავლობაში უმაღლეს დონეზე ასპარეზობდა".

ედინსონ კავანი (ნაპოლი): "ამ გამარჯვებას გულშემატკივრებს ვუძღვნი, რომლებიც ასეთ სიხარულს ნამდვილად იმსახურებენ. ზეიმი ძალიან კარგია, მაგრამ ხვალიდან უკვე მომდევნო სეზონზე უნდა ვიფიქროთ. სერია A-ში უმაღლესი მიზანი გვექნება და არც ევროპის ლიგაზე შევირცხვენთ თავს - ასე რომ, მომავალს ოპტიმისტურად ვუყურებ და ვიცი, რომ იტალიის თასის მოგება ჩვენი შესაძლებლობების ზღვარი არ არის".

მარეკ ჰამშიკი (ნაპოლი): "ძალიან ბედნიერი ვარ, რადგან "ნაპოლის" ისტორიაში ახალი ფურცელი ჩავწერეთ. ამ საოცარ გუნდს კარგახანი არაფერი მოეგო და შავი პერიოდი სწორედ ამ თასის მოგებით დავარღვიეთ. ამიტომ ეს უბრალო თასი არაა, ეს განსაკუთრებული თასია და ამას თითოეული ჩვენი გულშემატკივარი ხვდება.

ეს თასი კიდევ ერთი სტიმულია საიმისოდ, რომ მომდევნო სეზონისთვის უფრო დიდი ენთუზიაზმით მოვემზადოთ და კიდევ უფრო პრესტიჟული ტროფეებისთვის ვიბრძოლოთ. პირადად მე, ნეაპოლში ვრჩები, რადგან ჩემი მიზნები ერთადერთ გუნდს, "ნაპოლის" უკავშირდება".

ანტონიო კონტე (იუვენტუსის მთავარი მწვრთნელი): "წაგება ყოველთვის საწყენია და მით უმეტეს, ფინალურ მატჩში. ამასთან, გვქონდა შანსი, სეზონი დაუმარცხებლად დაგვესრულებინა, მაგრამ მოვახერხეთ და უკანასკნელ შეხვედრაში წავაგეთ.

რას ვიზამთ, როგორც ჩანს, მეტოქემ უფრო მოინდომა, მეტი ჩადო თამაშში და გაიმარჯვა კიდეც. არტურო ვიდალი და შტეფან ლიხტშტაინერი ბოლომდე მზად არ იყვნენ თამაშისთვის. სხვა საკადრო პრობლემებიც გვქონდა და ამანაც დაგვასვა დაღი. მოკლედ, ძალიან საწყენი მარცხი ვიწვნიეთ, მაგრამ რას ვიზამთ, ეს ფეხბურთია და ბედს უნდა შევურიგდეთ".

P.S.
არ შეიძლება, არ აღინიშნოს, რომ ალესანდრო დელ პიერომ უკანასკნელი მატჩი გამართა "იუვენტუსის" შემადგენლობაში.

ალე 19 წლის განმავლობაში ასპარეზობდა ტურინულ გრანდში და მასთან ერთად უამრავი ტიტული მოიგო.

"პინტურიკიომ" "ვეკია სენიორას" მაისური 705-ჯერ მოირგო და 208 გოლი გაიტანა. დელ პიერო მარცხით გაცილებისთვის არავის გვემეტება, თუმცა შევეშვათ იტალიის თასს, მან ხომ სკუდეტო მოიგო და ისე დაემშვიდობა მშობლიურ "იუვენტუსს".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული