სერია A. სეზონის შეჯამება: ტურინის "იუვენტუსის" სრული ტრიუმფი

AutoSharing Option
ნაწილი I
სერია A-ს განვლილი სეზონის შედეგებს იტალიაში ჯერ კიდევ აჯამებენ და ეს მიუხედავად იმისა, რომ ნელ-ნელა წინა პლანზე მოახლოებული ევროპის ჩემპიონატი და შესაბამისად, სანაკრებო ფეხბურთი გამოდის.

ჩვენც კიდევ ერთხელ გავიხსენოთ განვლილი ბატალიები, საუკეთესო ფეხბურთელები და, რაც ასევე საინტერესოა, გავეცნოთ სტატისტიკურ მონაცემებს.

სერია A-ს 2011/12 წლების გათამაშების შეჯამება ორ ნაწილად. 

ჩემპიონატის სიმბოლური ნაკრები
ბუფონი (იუვენტუსი) - კამპანიარო (ნაპოლი), ბარცალი (იუვენტუსი), კიელინი (იუვენტუსი), არმერო (უდინეზე) - პირლო (იუვენტუსი), ვიდალი (იუვენტუსი), ნოჩერინო (მილანი) - დი ნატალე (უდინეზე), იბრაჰიმოვიჩი (მილანი), მილიტო (ინტერი).

მეკარე
და დაცვა
ჩემპიონატის სიმბოლურ ნაკრებში "იუვენტუსის" ფეხბურთელები ჭარბობენ და ეს არცაა გასაკვირი, რადგან ტურინული გრანდი ჩემპიონი გახდა.

თანაც, ჩემპიონობაცაა და ჩემპიონობაც - ანტონიო კონტეს შეგირდებმა 38 მატჩი ისე გამართეს, რომ მარცხი არ უგემიათ. მოკლედ, ტურინელებზე ყველაფერი ალალია, მათ შორის - სიმბოლური ნაკრებიც.

მეკარე და ცენტრალური მცველები რომ "იუვენტინოები" არიან, ეს ყველაზე უფრო ლოგიკურია - "ვეკია სენიორამ" მთელ ჩემპიონატში მხოლოდ 20 გოლი გაუშვა და პირველ რიგში, ეს სწორედ ჯიჯი ბუფონის, ანდრეა ბარცალის და ჯორჯო კიელინის დამსახურებაა.

დაცვის მარჯვენა ფრთაზე უგო კამპანიარო უნდა გამოვარჩიოთ, რომელიც მთელი სეზონის განმავლობაში საიმედო იყო და სტატისტიკის მიხედვით, ძირითადად იმ შეხვედრებში აგებდა ნეაპოლური გუნდი, როდესაც მოედანზე არგენტინელი უკანახაზელი არ იყო.

ამ მაჩვენებლით, კამპანიარომ თანამემამულე ესეკიელ ლავეცისაც კი აჯობა. მარცხენა ფრთაზე უდინელი პაბლო არმეროა საუკეთესო, რომელმაც შესანიშნავი სეზონი ჩაატარა და დიდი წვლილი შეიტანა "უდინეზეს" წარმატებაში.

შემთხვევითი არაა, რომ კოლუმბიელ მცველზე ევროპული ფეხბურთის გრანდებს ნადირობა აქვთ გამოცხადებული.

ნახევარდაცვა
ნახევარდაცვაში ისეთ სამეულს ვხედავთ, საკამათო რომ არ დარჩება არაფერი... ანდრეა პირლომ საოცარი სეზონი ჩაატარა, "იუვენტუსში" ახლიდან გაიხსნა და კიდევ ერთხელ დაგვანახა, რომ თანამედროვეობის ერთ-ერთი უდიდესი ფეხბურთელია.

ძალიან ნაყოფიერი იყო არტურო ვიდალიც - 33 შეხვედრა ჩაატარა და 7 გოლი გაიტანა, რაც ნახევარმცველისთვის ნამდვილად შესანიშნავი შედეგია. იგივე შეიძლება ითქვას ანტონიო ნოჩერინოზე, რომელმაც 35 შეხვედრა გამართა "მილანის" შემადგენლობაში და 10 გოლი გაიტანა - ცნობისთვის, ნოჩერინოზე მეტი გოლი "როსონერიში" მხოლოდ ზლატან იბრაჰიმოვიჩმა შეაგდო.

თავდასხმა
თავდასხმაზე ბევრი არაფერია სათქმელი, რადგან რიცხვები ყველაფერზე ნათლად მეტყველებს - ზლატან იბრაჰიმოვიჩმა 28 გოლი გაიტანა, ბომბარდირი გახდა და ბუნებრივია, რომ სიმბოლურ ნაკრებში მას ადგილი გარანტირებული აქვს.

აქვეა ანტონიო დი ნატალე, რომელმაც კიდევ ერთხელ მოუტანა "უდინეზეს" ჩემპიონთა ლიგის საგზური და უკან ისეთი გუნდები მოიტოვა, როგორებიც "ლაციო", "ინტერი", "ნაპოლი" და "რომა" არიან.

რაც შეეხება დიეგო მილიტოს, მას მეორე ახალგაზრდობა გაეხსნა და, ფაქტობრივად, მარტო იბრძოდა "ინტერის" პრესტიჟისთვის; შედეგად, მასაც ხვდა პატივი, შესულიყო ჩემპიონატის სიმბოლურ ნაკრებში.

ჩემპიონატის გმირი
ჩემპიონატის გმირი, ანუ საუკეთესო ფეხბურთელი ანდრეა პირლო გახლავთ, მოთამაშე, რომელიც "იუვენტუსის" ლიდერად ჩამოყალიბდა და ლომის წილი დაიდო ტურინული გრანდის გაჩემპიონებაში.

პირლომ 37 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, 3 გოლი გაიტანა და 13 საგოლე გადაცემა მიითვალა აქტივში.

ამასთან, მთელი სეზონის განმავლობაში დირიჟორობდა "იუვეს" შეტევებს და არც მეტოქის იერიშების ჩაშლისას გახლდათ სტატისტის როლში. ერთი სიტყვით, პირლომ უდიდესი წვლილი შეიტანა იმაში, რომ "იუვემ" "მილანს" საჩემპიონო რბოლა მოუგო და ეს იმ "მილანს", რომელიც ანდრეამ სეზონის წინ დატოვა...

თანაც, დატოვა არა თავისი ინიციატივით, არამედ ლომბარდიელთა მთავარი მწვრთნელის, მასიმილიანო ალეგრის მოთხოვნით; ალბათ, ერთ-ერთი მიზეზი ესეც იყო, რომ პირლომ სეზონი განსაკუთრებული ენთუზიაზმით ჩაატარა. 33 წლის ასაკში აბსოლუტურად ყველაფერს ასწრებდა მოედანზე და სწორედ ამიტომ ის ჩემპიონატის გმირი, საუკეთესო ფეხბურთელია.

საუკეთესო მწვრთნელი
ქებათა ქება ფრანჩესკო გვიდოლინს, რომელმაც "უდინეზეს" კიდევ ერთხელ მოუტანა ჩემპიონთა ლიგის საგზური, მაგრამ ჩემპიონატის საუკეთესო მწვრთნელად მაინც ანტონიო კონტე უნდა დავასახელოთ.

42 წლის სპეციალისტმა ტურინული გრანდი გასულ ზაფხულს ჩაიბარა და პირველივე სეზონში გუნდი ჩემპიონობამდე მიიყვანა. თანაც, როგორც ერთხელ უკვე აღვნიშნეთ, მის გუნდს 38 შეხვედრიდან არცერთი წაუგია.

ამასთან, არ უნდა დაგვავიწყდეს, თუ რა მდგომარეობაში ჩაიბარა კონტემ "იუვენტუსი" - აბსოლუტურად დემორალიზებული გუნდი, რომელსაც ბოლო ორი სეზონი მეშვიდე ადგილზე ჰქონდა დასრულებული.

ანტონიომ ახალი ენერგია შთაბერა "იუვეს", ახალი მოტივაცია გააჩინა ფეხბურთელებში და იმ შედეგს მიაღწია, რომელსაც შესაძლოა, თავადაც არ ელოდა. "ბიანკონერის" ტაქტიკა-სტრატეგიაზე ლაპარაკი შორს წაგვიყვანს და სხვა დროისთვის გადავდოთ, აქ კი მხოლოდ ერთს დავამატებთ: ბრავო, კონტე...

გლობალური სტატისტიკა
საუკეთესო დასწრება:
XVIII ტური მილანი-ინტერი, 80 000 გულშემატკივარი.

ყველაზე დაბალი დასწრება:
XVII ტური კალიარი-ჯენოა, XVIII კიევო-პალერმო, XIX კალიარი-ფიორენტინა, XXII ლეჩე-ბოლონია, XXIII კალიარი-პალერმო, XXV კალიარი-ლეჩე, 6 000 გულშემატკივარი.

ყველაზე დიდი საშინაო გამარჯვება:
ნაპოლი-ჯენოა 6:1 (I ტური), ინტერი-პარმა 5:0 (XVII).

ყველაზე დიდი საგარეო გამარჯვება:
ფიორენტინა-იუვენტუსი 0:5 (XXVIII ტური).

ყველაზე უხვგოლიანი თამაში:
ნაპოლი-კალიარი 6:3 (XXVII), ინტერი-ჯენოა 5:4 (XXX).

გუნდური სტატისტიკა
საუკეთესო თავდასხმა: 74 გოლი - მილანი; 68 - იუვენტუსი; 66 - ნაპოლი.
საუკეთესო დაცვა: 20 გაშვებული - იუვენტუსი; 33 - მილანი; 35 - უდინეზე.
უარესი თავდასხმა: 24 გოლი - ჩეზენა; 35 - კიევო, ნოვარა.
უარესი დაცვა: 69 გაშვებული - ჯენოა, 65 - ნოვარა; 62 - პალერმო.
ზუსტი გადაცემები: 20646 - იუვენტუსი; 20633 - მილანი; 19648 - რომა.
კარის მიმართულებით დარტყმები: 726 - იუვენტუსი; 620 - რომა; 601 - ინტერი.
კარში დარტყმები: 261 - იუვენტუსი; 222 - მილანი; 203 - რომა.

ინდივიდუალური სტატისტიკა
ბომბარდირები
28 - ზლატან იბრაჰიმოვიჩი (მილანი); 24 - დიეგო მილიტო (ინტერი); 23 - ედინსონ კავანი (ნაპოლი), ანტონიო დი ნატალე (უდინეზე); 19 - როდრიგო პალასიო (ჯენოა); 16 - ხერმან დენისი (ატალანტა), ფაბრიციო მიკოლი (პალერმო); 15 - სებასტიან ჯოვინკო (პარმა); 14 - სტევან იოვეტიჩი (ფიორენტინა); 13 - მიროსლავ კლოზე (ლაციო).

ასისტენტები

13 - ანდრეა პირლო (იუვენტუსი); 12 - ფაბრიციო მიკოლი (პალერმო); 10 - სებასტიან ჯოვინკო (პარმა), პაბლო არმერო (უდინეზე), ანტონიო კასანო (მილანი); 9 - რობინიო (მილანი), მარეკ ჰამშიკი (ნაპოლი); 8 - მირკო ვუჩინიჩი (იუვენტუსი), მირალემ პიანიჩი (რომა); 7 - ხუან მანუელ ვარგასი (ფიორენტინა), სერჯო პელისიერი (კიევო).

ზუსტი პასები

3195 - ანდრეა პირლო (იუვენტუსი); 2365 - კრისტიან ლედესმა (ლაციო); 2226 - ჯორჯო კიელინი (იუვენტუსი); 2121 - დანიელე დე როსი (რომა); 2101 - ფრანჩესკო ლოდი (კატანია); 1968 - რიკარდო მონტოლივო (ფიორენტინა); 1940 - ლუკა ჩიგარინი (ატალანტა); 1882 - არტურო ვიდალი (იუვენტუსი);

კარის მიმართულებით დარტყმები
167 - ანტონიო დი ნატალე (უდინეზე); 141 - ზლატან იბრაჰიმოვიჩი (მილანი), სებასტიან ჯოვინკო (პარმა); 123 - ედინსონ კავანი (ნაპოლი); 122 - სტევან იოვეტიჩი (ფიორენტინა); 111 - ფაბრიციო მიკოლი (პალერმო); 102 - მირკო ვუჩინიჩი (იუვენტუსი); 100 - ფრანჩესკო ტოტი (რომა).

კარში დარტყმები
70 - ანტონიო დი ნატალე (უდინეზე); 67 - ზლატან იბრაჰიმოვიჩი (მილანი); 51 - ედინსონ კავანი (ნაპოლი); 46 - სტევან იოვეტიჩი (ფიორენტინა), სებასტიან ჯოვინკო (პარმა); 45 - ფაბრიციო მიკოლი (პალერმო); 41 - ხერმან დენისი (ატალანტა); 39 - მარკო რიგონი (ნოვარა).

ჯარიმები
93 - მატია დესტრო (სიენა); 83 - გაბი მუდინგაი (ბოლონია); 81 - ფილიპო პორკარი (ნოვარა); 79 - ლუკა ჩიგარინი (ატალანტა), ვალონ ბერამი (ფიორენტინა); 75 - დანიელე კონტი (კალიარი); 74 - პერპარიმ ჰეტემაი (კიევო), გონსალო ბერგესიო (კატანია).

სატურნირო მდგომარეობა

ა გ თ მ ფ წ ბ ქ
1. იუვენტუსი 38 23 15 0 68-20 84
2. მილანი 38 24 8 6 74-33 80
3. უდინეზე 38 18 10 10 52-35 64
4. ლაციო 38 18 8 12 56-47 62
5. ნაპოლი 38 16 13 9 66-46 61
6. ინტერი 38 17 7 14 58-55 58
7. პარმა 38 15 11 12 54-53 56
8. რომა 38 16 8 14 60-54 53
9. ბოლონია 38 13 12 13 41-43 51
10. კიევო 38 12 13 13 35-45 49
11. კატანია 38 11 15 12 47-52 48
12. ატალანტა 38 13 13 12 41-43 46
13. ფიორენტინა 38 11 13 14 37-43 46
14. სიენა 38 11 11 16 45-46 44
15. კალიარი 38 10 13 15 37-46 43
16. პალერმო 38 11 10 17 52-62 43
17. ჯენოა 38 11 9 18 50-69 42
18. ლეჩე 38 8 12 18 40-56 36
19. ნოვარა 38 7 11 20 35-65 32
20. ჩეზენა 38 4 10 24 24-60 22

შენიშვნა: ატალანტა - 6 ქულა

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული