ედუარდო რეია "იებზე" დაფიქრდა

AutoSharing Option
მოკლედ, "ლაციოში" მუშაობით ედუარდო რეიამ ძალიან გაიგდო სახელი და ეს არც არის გასაკვირი, რადგან მის ხელში ფინანსურ კრიზისში მყოფი გუნდი მაღალი მიზნებისთვის იბრძოდა და ყოველ წელს ჩემპიონთა ლიგის საგზურს ეპოტინებოდა.

მართალია, ამ ბრძოლაში ორჯერ "უდინეზესთან" დამარცხდა და ერთხელ "ნაპოლისთან", მაგრამ ეს რეიას გარჯას ნამდვილად ვერ აკნინებს.

ედიმ ახლახანს დატოვა რომაული გუნდის სამწვრთნელო სკამი და მასთან დაკავშირებით უკვე უამრავი ინფორმაცია გავრცელდა - ჯერ იყო და "კატანიაში" გაუშვეს, სადაც მალე ვინჩენცო მონტელას გამოეთხოვებიან და ახალი მწვრთნელი ეყოლებათ მოსაძებნი; შემდეგ "ჯენოას" დაუკავშირეს მისი
მომავალი, ახალი ინფორმაციით კი დიდია შანსი, "ფიორენტინას" ჩაუდგეს სათავეში.

"გაძეტა დელო სპორტის" ცნობით, ედუარდო ფლორენციული კლუბის პრეზიდენტს, ანდრეა დელა ვალეს შეხვდა და შესაძლო თანამშრომლობაზე ისაუბრა. ამბობენ, შეხვედრამ კონსტრუქციულად ჩაიარა და თუ ასე გაგრძელდა, შეთანხმებაც მალე შედგებაო.

და ეს მიუხედავად იმისა, რომ რეიას ერთი წელი დასვენება ჰქონდა განზრახული და აქამდე არაერთხელ განაცხადა, რომ ფეხბურთს სავარაუდოდ, 2013/2014 წლების სეზონიდან დაუბრუნდებოდა. როგორც ჩანს, სარფიანი წინადადების შემთხვევაში, მზადაა გადაწყვეტილება შეცვალო.

აქვე, შეგახსენებთ, რომ "ფიორენტინა" მთავარი მწვრთნელის გარეშე ადემ ლიაიჩისა და დელიო როსის ხელჩართული ჩხუბის შემდეგ დარჩა, რომელსაც ამ უკანასკნელის პოსტი შეეწირა. მოვუსმინოთ დელა ვალეს, რომელიც სამწვრთნელო საკითხებზე და კერძოდ, ედი რეიასთან მოლაპარაკების პროცესზე საუბრობს:

"მოლაპარაკებები არაერთ მწვრთნელთან მიმდინარეობს და წესით, რამდენიმე დღეში გარკვეული კონტურები უნდა გამოიკვეთოს. "რეია"? - ედისთან შეხვედრა მქონდა, შესაძლო თანამშრომლობაზე ვისაუბრეთ და ძალიან კმაყოფილი დავრჩი. თავისი საქმის ნამდვილი პროფესიონალია და ამაში კიდევ ერთხელ დავრწმუნდი. თუმცა, ჯერ მხოლოდ მოლაპარაკების პროცესი მიმდინარეობს და რაიმეზე გადაჭრით საუბარი გამიჭირდება. ვნახოთ, ყველაფერს დრო გვიჩვენებს".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული