იტალიური წარმოშობის ამერიკელი ბიზნესმენი მედიასთან ურთიერთობით არ იკლავს თავს, თუმცა ამჯერად ხმა აიმაღლა და ჟურნალისტებს მოთმინებისკენ მოუწოდა - თხოვა თითოეულ მათგანს, რომ ნაჩქარევ დასკვნებს ნუ გამოიტანენ.
აი, რას ამბობს დი ბენედეტო:
"მონტელა ერთ-ერთი კანდიდატია, ამის დადასტურება შემიძლია, მაგრამ რაიმე შეთანხმებაზე საუბარი დღეს აბსურდია. ვინჩენცო შესანიშნავი სპეციალისტია და არ გამოვრიცხავ, რომ არჩევანი მასზე შეჩერდეს, მაგრამ ვერც იმას დავიჩემებ, რომ მწვრთნელი უთუოდ ის იქნება.
საბოლოო გადაწყვეტილებას
არის თუ არა მონტელა ფავორიტი? - დიახ, სხვებზე მეტი შანსი აქვს და ეს შემიძლია დავადასტურო, მაგრამ, ჯერჯერობით, ის მაინც კანდიდატია.
უნდა დაემორჩილოს თუ არა ახალი მწვრთნელი კლუბის ახალ ფილოსოფიას? - "რომა" ტრადიციულად შემტევი გუნდი იყო და არა მგონია, რომ ჩვენ რაღაც ძალიან ახალს ვიგონებდეთ.
არა მგონია, რომ შემტევი, ლამაზი ფეხბურთი რომელიმე სპეციალისტისთვის მიუღებელი იყოს და გამომდინარე აქედან, ამ თემაზე ბევრს არც ვფიქრობ. რა თქმა უნდა, ჩვენ გვექნება ჩვენი მოთხოვნები, რომლებსაც ახალი მწვრთნელი უნდა დაემორჩილოს. თუმცა, დამიჯერეთ, თვითონ მწვრთნელს გაცილებით მეტი მოთხოვნა ექნება, რომლებსაც პირნათლად შევასრულებთ".
დი ბენედეტო ფეხბურთზე ლაპარაკს მიჩვეული არაა და ამიტომ, მისი კომენტარი ცოტა არაორდინალური, თუმცა საინტერესოა. ვნახოთ, ვინ შეცვლის ლუის ენრიკეს - როგორც სენიორ ტომასი დაგვპირდა, ეს ამბავი მაქსიმუმ ათ დღეში გაირკვევა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"