მარკო ვერატი პსჟ-სკენ გადაიხარა

AutoSharing Option
რამდენიმე დღეა, იტალიური პრესა აქტიურად წერს იმის შესახებ, რომ ფრანგული პსჟ-ს მესვეურები მარკო ვერატის გადაბირებით არიან დაინტერესებულნი.

მარკო მხოლოდ 19 წლისაა, მაგრამ უკვე მოასწრო და არაერთი ევროპული კლუბის ყურადღება მიიპყრო - მან გასულ სეზონში გაიბრწყინა, როდესაც "პესკარასთან" ერთად სერია A-ს საგზური მოიპოვა.

ვერატის გადაბირება იტალიური ფეხბურთის გრანდებს სურდათ, მაგრამ ახალგაზრდა ნახევარმცველმა მტკიცედ გადაწყვიტა, რომ კიდევ მინიმუმ ერთი სეზონი მშობლიურ გუნდში უნდა დარჩენილიყო.

თუმცა, მას შემდეგ, რაც საქმეში პსჟ ჩაერთო, ფეხბურთელმა პოზიცია შეიცვალა და უკვე ახალი თავგადასავლებისკენ უჭირავს თვალი.

როგორც ჩანს,
უცხოური გამოცდილება და თან, ზღაპრული კონტრაქტი მისთვის მეტისმეტად დიდი ცდუნება გამოდგა - აი, რა განაცხადა ვერატის პირადმა აგენტმა დონატო დი კამპლიმ:

"მარკოს ძალიან ხიბლავს საფრანგეთში გადაბარგების პერსპექტივა და დიდია შანსი, ტრანსფერი შედგეს კიდეც. დიახ, შედგეს და თანაც უახლოეს ერთ კვირაში.

პსჟ-ს კარლო ანჩელოტი უდგას სათავეში, რომელიც პირადად ესაუბრა ჩემს კლიენტს და დაარწმუნა, რომ სწორედ მისი ყაიდის ფეხბურთელი სჭირდება. თუ ტრანსფერი შედგა, "პესკარა" 12 მილიონ ევროს მიიღებს, თუმცა ვნახოთ, ჯერ საქმე მაინც ბოლომდეა მისაყვანი".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული