ჯუზეპე სანინოს ფედერიკო ბალცარეტი სჭირდება

AutoSharing Option
ევროპის ჩემპიონატის შემდეგ ფედერიკო ბალცარეტის მიმართ ინტერესი ერთიორად გაიზარდა და "პალერმოს" მესვეურებსაც სერიოზული შეტევების მოგერიება უწევთ.

ყველაზე მეტად "იუვენტუსის" ხელმძღვანელები აქტიურობდნენ, შემდეგ ნეაპოლელები წამოვიდნენ წინა პლანზე, ბოლო დროს კი ფრანგული პსჟ-ც ჩაერთო საქმეში...

ამ ამბავმა "პალერმოს" ახალი მთავარი მწვრთნელი, ჯუზეპე სანინო ააღელვა და იძულებული გახდა, რომ საგანგებო განცხადება გაეკეთებინა:

"ბალცარეტი რომ ძალიან ძლიერი ფეხბურთელია, ეს ევროპის ჩემპიონატამდეც ვიცოდი და ძალიან მიკვირს, რომ მასზე, როგორც აღმოჩენაზე, ისე საუბრობენ. ფედერიკოს მიმართ არაერთი გრანდი იჩენს ინტერესს, მაგრამ გადაწყვეტილი ამბავია, რომ ის "პალერმოში" დარჩება.

ბალცარეტის პირადად ვესაუბრე და მისი პოზიციაც კარგად ვიცი - სურს, კიდევ მინიმუმ ერთი სეზონი ჩვენთან ითამაშოს".


ჯუზეპე სანინომ "პალერმოს" სატრანსფერო გეგმებზეც ისაუბრა და შემდეგი განაცხადა:

"კმაყოფილი ვარ იმ შემადგენლობით, რომელიც "პალერმოში" დამხვდა, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ გაძლიერებაზე არ უნდა ვიფიქროთ.

კარგი იქნება, თუ
ორ-სამ მაღალი კლასის მოთამაშეს დავიმატებთ, რომელთაგან ერთი აუცილებლად გარემარბი უნდა იყოს. ამ საკითხებზე კლუბის პრეზიდენტთან მქონდა საუბარი და სრულ მხარდაჭერას დამპირდა.

დიდი იმედი მაქვს, რომ მაურიციო ძამპარინი მის ხელთ არსებულ ყველა რესურსს გამოიყენებს, რათა ახალ სეზონში ევროსაგზურისთვის მებრძოლი გუნდი გვყავდეს".


ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული