ვალონ ბერამი და ალესანდრო გამბერინი "ნაპოლიში"

AutoSharing Option
"ნაპოლის" ოფიციალურ ვებგვერდზე გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, უახლოეს დღეებში გუნდს ორი ახალი ფეხბურთელი შეემატება: ვალონ ბერამი და ალესანდრო გამბერინი.

ორივე "ფიორენტინაში" ასპარეზობდა და ნეაპოლში სწორედ ფლორენციიდან ჩავიდა. დიახ, უკვე ჩავიდნენ და სულ მალე სამედიცინო შემოწმებასაც გაივლიან - მოვუსმინოთ "ნაპოლის" პრეზიდენტ აურელიო დე ლაურენტისს:

"გულშემატკივრებს დავპირდი, რომ სატრანსფერო ბაზარზე აქტიურები ვიქნებით და სიტყვას ვასრულებ კიდეც. ვალონ ბერამი ნახევარდაცვას გააძლიერებს, ალესანდრო განბერინი კი დაცვაში შეგვეშველება. უკანა ხაზს გაძლიერება აშკარად სჭირდებოდა და ვალტერ მაცარი ძალიან კმაყოფილი იქნება.

როდესაც მას ვუთხარი, რომ გამბერინის გადაბირების შანსი
გვქონდა, არც დაფიქრდა და მთხოვა, რომ საქმე ბოლომდე მიმეყვანა. დარწმუნებული ვარ, ორივე მათგანი გუნდს გვარიანად გააძლიერებს. გაჩერებას არ ვაპირებთ, მოლაპარაკებებს კიდევ რამდენიმე ფრონტზე ვაწარმოებთ და სიახლეებსაც მალე შეიტყობთ. მინდა ყველამ იცოდეს, რომ ერთი და ორი ფეხბურთელის წასვლით ცხოვრება არ მთავრდება... პირიქით, ეს ყველაფერი გაძლიერების სტიმული უნდა გახდეს".

აქვე ვთქვათ, რომ 27 წლის ბერამი "ფიორენტინას" ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელი გახლდათ. გასულ სეზონში 40 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და მართალია, გოლი არ გაუტანია, რამდენიმე საგოლე გადაცემა ნამდვილად მიითვალა აქტივში.

რაც შეეხება 30 წლის ალესანდრო გამბერინის, 2005 წლიდან "ფიორენტინას" ღირსებას იცავდა - ფლორენციულ გუნდში 194 მატჩი აქვს ჩატარებული და 6 გოლი გატანილი. მოკლედ, "ვიოლას" ერთ-ერთი ლიდერი ტოვებს და ასეთ დროს მისი კომენტარი სწორედაც რომ ყველაზე საინტერესოა - ბოლოს სიტყვა გამბერინის გადავცეთ:

"ფიორენტინაში" საუკეთესო წლები გავატარე, მაგრამ ყველაფერს აქვს დასასრული და მათ შორის, ჩემს ფლორენციულ კარიერასაც. უბრალოდ, მივხვდი, რომ "ვიოლაში" საკუთარი თავი ამოვწურე და დროა, რაღაც შევცვალო. "ნაპოლი" ამბიციური გუნდია, სადაც დიდი ენთუზიაზმით ვითამაშებ.

მართალია, კონტრაქტისთვის ხელი ჯერ არ მომიწერია, მაგრამ ამას აღარაფერი უდგას წინ. მინდა შემთხვევით ვისარგებლო და ფლორენციელ გულშემატკივრებს განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო - ისინი საუკეთესო გუნდს იმსახურებენ და იმედია, რომ "ფიორენტინა" მალე დაიბრუნებს ძველ დიდებას.

ეს ფუჭი სიტყვები არაა, დელა ვალეებს კარგი გეგმები აქვთ და მჯერა, რომ ყველაფერი შესანიშნავად იქნება.

პირადად მე, ცხოვრების ბოლომდე "ფიორენტინას" გულშემატკივარი ვიქნები".


ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული