რთული სათქმელია, რატომ აითვალწუნა ასე "ნერაძურის" დამრიგებელმა ჯამპაოლო, მაგრამ ფაქტია, რომ გასულ სეზონშიც იშვიათად ათამაშებდა. მოკლედ, პაცინი მილანურ გრანდს დატოვებს და ისეთი პირი უჩანს, რომ "იუვენტუსში" გადაბარგდება.
ამის შესახებ ინფორმაცია "კორიერე დელო სპორტმა" გაავრცელა და ეს ცნობა "ბიანკონერის" სპორტული დორექტორის, ჯუზეპე მაროტას სიტყვებით გაამყარა:
"დიახ, პაცინისთან მქონდა სატელეფონო საუბარი და
ჩემდა სასიხარულოდ, ჯამპაოლო მზადაა, ჩვენთან გადმოვიდეს და იმედი მაქვს, ეს ასეც მოხდება.
მილანელებს უახლოეს დღეებში დაველაპარაკებით და ოფიციალურ წინადადებასაც შევთავაზებთ. იმედი მაქვს, ტურინელები ფეხბურთელის ინტერესს გაითვალისწინებენ და აღნიშნული ტრანსფერი შედგება".
მართალია, "იუვენტუსი" თავდამსხმელთა ნაკლებობას არ უჩივის, მაგრამ ტურინელები არ მალავენ, რომ ერთი მაღალი კლასის ფორვარდის გადაბირება სურთ - თუ "კორიერე დელო სპორტს" დავუჯერებთ, ეს ალესანდრო მატრისთან და ფაბიო კვალიარელასთან შესაძლო განშორებით გახლავთ განპირობებული.
მატრის "მილანი" იწვევს და ამ ტრანსფერის ალბათობა ძალიან მაღალია, კვალიარელამ კი რუსეთიდან მიიღო შეთავაზება და შესაძლოა, კარიერა "ზენიტში" გააგრძელოს.
ამასობაში პრესასთან გასაუბრება ვესლი სნეიდერმა განიზრახა და მთავარი მწვრთნელი, ანდრეა სტრამაჩონი ქებით ცაში აიყვანა:
"ახალი გუნდი კეთდება და ამ პროცესში მონაწილეობა ძალიან სასიამოვნოა. ჩემი აზრით, "ინტერი" მომდევნო სეზონში გაცილებით ძლიერი იქნება, ვიდრე ბოლო წლებში და ეს მთლიანად ანდრეა სტრამაჩონის დამსახურებაა.
ჟოზე მოურინიოსთან ერთად, სტრამაჩონი საუკეთესო სპეციალისტია, ვისთანაც მიმუშავია. ახალი იდეები აქვს, რომელთა მოედანზე გადატანასაც მომდევნო სეზონში შევეცდებით".
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"