La Gazzetta dello Sport: კაკა თითქმის მილანელია

AutoSharing Option
დღე არ გავა, რომ კაკას "მილანში" შესაძლო დაბრუნებასთან დაკავშირებით, ახალი ინფორმაცია არ გავრცელდეს.

ლომბარდიელებსა და მადრიდელებს შორის რომ მოლაპარაკება მიმდინარეობს, ეს თვით ადრიანო გალიანიმ დაადასტურა და იქვე დაამატა, რომ რიკის გადაბირება მისი პრიორიტეტული მიზანი იყო.

სენიორ ადრიანომ ისიც დაამატა, რომ მილანელთათვის ყველაზე მისაღები საიჯარო ხელშეკრულება იქნებოდა, რა თქმა უნდა, გამოსყიდვის პერსპექტივით...

ერთი ხანობა მადრიდელები დადებითი პასუხისკენ იხრებოდნენ, თუმცა შემდეგ საქმეში ამერიკული გუნდი "ნიუ იორკ რედ ბულსი" ჩაერია და ყველაფერი თავდაყირა დადგა - ამერიკელებმა 30 წლის ბრაზილიელის სანაცვლოდ 10 მილიონი ევრო
გაამზადეს და მადრიდელთა გულებიც მოიგეს. თუმცა, მილანელები რომ ასე იოლად არ დანებდებოდნენ, ცხადი იყო. მოვუსმინოთ ადრიანო გალიანის:

"კაკას გადაბირება ჩვენი უმთავრესი საზრუნავია და ბუნებრივია, რომ მიზნის მისაღწევად ყველაფერს გავაკეთებთ.

მართალია, საიჯარო ხელშეკრულების გაფორმება გვსურდა, მაგრამ არც სრულფასოვან კონტრაქტზე ვიხევთ უკან - მადრიდელებს რიკის სანაცვლოდ 13 მილიონი ევრო შევთავაზეთ და დიდი იმედი მაქვს, რომ შეთანხმება მალე შედგება. ოპტიმისტურად ვარ განწყობილი და მჯერა, რომ კაკა "როსონერიში" იასპარეზებს".

იტალიურ სპორტულ პრესაში უკვე აქტიურად წერენ, რომ კაკას თაობაზე, მილანელებსა და მადრიდელებს შორის შეთანხმება მიღწეულია - "გაძეტა დელო სპორტმა" ისიც კი დაწერა, რომ რიკი თითქმის "მილანელია". ვნახოთ, ყველაფერს დრო გვიჩვენებს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული