ოფიციალურად: მატია დესტრო რომაელია

AutoSharing Option
მატია დესტრო რომ "რომაში" გააგრძელებს კარიერას, ეს დაახლოებით ათი დღის წინ გადაწყდა. დღეს კი აღნიშნული ამბავი ოფიციალურად დადასტურდა და ტრანსფერის დეტალები გაცხადდა.

"გაძეტა დელო სპორტის" ინფორმაციით, 21 წლის ფორვარდმა რომაულ კლუბთან 5-წლიანი ხელშეკრულება გააფორმა და სეზონში 2 მილიონ ევროს მიიღებს.

დესტროს სანაცვლოდ, დედაქალაქელები "ჯენოას" ბიუჯეტში 16 მილიონ ევროს ნაწილ-ნაწილ გადარიცხავენ - 11.5 მილიონს ამ ზაფხულს, დარჩენილ თანხას კი ერთი წლის თავზე. გარიგების თანახმად, "ჯენოა" "რომას" ორი ახალგაზრდა ფეხბურთელის სატრანსფერო უფლების ნახევარს მიიღებს - ლაპარაკია ჯანმარიო პიშიტელუსა და ვალერიო ვერეზე.

დესტროს
ტრანსფერი "რომას" სპორტულმა დირექტორმა ვალტერ საბატინიმ დაადასტურა და შემდეგი განაცხადა: "დესტროს გადაბირება დიდი ხანი გვინდოდა და საბედნიეროდ, მიზანს მივაღწიეთ. მატია ერთ-ერთი ყველაზე პერსპექტიული ფეხბურთელია იტალიაში და დარწმუნებული ვარ, რომ გუნდს დიდ სარგებელს მოუტანს.

მატიასთან ხელშეკრულება 2017 წლამდე გვაკავშირებს და დიდი იმედი მაქვს, რომ მინიმუმ ხუთი წელი "ჯალოროსის" ღირსებას დაიცავს.

არის თუ არა დესტრო ბორინის შემცვლელი? - ფაბიომ დატოვა გუნდი, მატია შემოგვიერთდა და დანარჩენი უკვე თავად განსაჯეთ... შესაძლოა იყოს კიდეც, ამას დიდ მნიშვნელობას არ ვანიჭებ. სატრანსფერო ბაზარზე ვრჩებით და ყველანაირად შევეცდებით, რომ კიდევ უფრო გავძლიერდეთ".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული