მირკო ვუჩინიჩი გოლმა დააწყნარა

AutoSharing Option
გასულ სეზონში მირკო ვუჩინიჩი "იუვენტუსის" ერთ-ერთი მთავარი დამრტყმელი ძალა იყო და შესაბამისად, მუდმივად ძირითად შემადგენლობაში ასპარეზობდა.

გამომდინარე აქედან, ბევრს გაუკვირდა, როდესაც იტალიის სუპერთასის პაექრობაში ჩერნოგორიელი ფორვარდი სათადარიგოთა სკამზე დარჩა, "იუვეს" შემტევი ტანდემი კი სებასტიან ჯოვინკომ და ალესანდრო მატრიმ დააკომპლექტეს.

მირკო დამატებით დროში გამოჩნდა მოედანზე და გოლიც გაიტანა. იტალიურ სპორტულ პრესაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ძირითადს მიღმა დარჩენამ ვუჩინიჩი ძალიან გაანაწყენა და გუნდიდან წასვლითაც კი დაიმუქრა. ამ ყველაფერზე ბალკანელი ფორვარდი "ტუტო სპორტისთვის" მიცემულ მინი-ინტერვიუში საუბრობს...

- გილოცავთ მორიგ ტროფეის. როგორ აღნიშნეთ იტალიის
სუპერთასის მოგება?
- დიდი მადლობა. ყველანი გახარებულები ვართ, რადგან სეზონის ტიტულის მოგებით დაწყება მართლაც რომ საშური ამბავია.

"ნაპოლისთან" რთული ბრძოლა გადავიტანეთ, მაგრამ რაც მთავარია, გამარჯვება ჩვენ დაგვრჩა. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო თანაგუნდელებს, რომლებმაც თავი არ დაზოგეს და შესაძლებლობები მაქსიმალურად წარმოაჩინეს.

ბევრი "ნაპოლის" მიიჩნევდა ფავორიტად, აქაოდა, სამხრეთელები ამხანაგურ შეხვედრებში ბრწყინავენო, მაგრამ ყველაფრის მიუხედავად, თამაში მაინც ჩვენ მოვიგეთ. ეს იმის მანიშნებელია, რომ გამარჯვებული მენტალიტეტის მქონე გუნდი გვყავს. თანაც, რევანშისტულად ვიყავით განწყობილნი, ჩვენ ხომ იტალიის თასი სწორედ "ნაპოლის" დავუთმეთ.

- ამბობენ, რომ უკმაყოფილო ხართ ძირითადს მიღმა დარჩენით და გასახდელში სხვა გუნდში გადასვლაზეც კი ჩამოაგდეთ სიტყვა. მართალია?
- ბედნიერი ვერ ვიქნები იმით, რომ სასტარტო შემადგენლობის მიღმა დავრჩი, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ სხვაგან წასვლას ვაპირებ.

"იუვენტუსთან" ხელშეკრულება 2016 წლამდე მაკავშირებს და დიდი სურვილი მაქვს, რომ როგორც მინიმუმ, ამ დრომდე სწორედ "ვეკია სენიორაში" ვიასპარეზო. დანარჩენს დრო გვიჩვენებს და ვნახავთ, რაც იქნება.

უკმაყოფილო ნამდვილად ვიყავი, მაგრამ გოლმა დამაწყნარა და დღეს უკვე თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ყველაფერი რიგზეა.

- როგორც ვიცით, შეთავაზებები არ გაკლიათ...
- ნამდვილად ასეა და ეს ძალიან მსიამოვნებს. ზოგჯერ ისეთი გუნდიდან ვიღებ შეთავაზებას, რომ მიკვირს კიდეც... მაგალითად, რამდენიმე დღის წინ ყატარიდან შემეხმიანნენ, იქამდე კი ამერიკიდან.

წინადადებები ევროპიდანაც მაქვს, ბოლოს "ტოტენჰემის" და "შალკეს" მესვეურები შეეხმიანნენ ჩემს აგენტს, მაგრამ უარი მიიღეს. იტალიიდან წასვლას არ ვაპირებ და მინდა ეს ყველამ კარგად იცოდეს.

- ანუ შესაძლოა, რომ "იუვენტუსიდან" რომელიმე სხვა იტალიურ გუნდში გადახვიდეთ?..
- ჩემი სურვილით "იუვენტუსიდან" წამსვლელი არ ვარ და თუ კლუბი გამასხვისებს, არჩევანს აუცილებლად იტალიურ გუნდზე შევაჩერებ. რაც დრო გადის, ცვლილებებს უფრო და უფრო რთულად ვეგუები. ასე რომ, სხვა ქვეყანასთან ადაპტირების დიდი სურვილი ნამდვილად არ მაქვს.

და საერთოდ, ვერ ვხვდები, რატომ ვსაუბრობთ ამ თემაზე, "იუვეში" თავს შესანიშნავად ვგრძნობ და არსად წასვლას არ ვაპირებ; ზოგადად, ეს საკითხი დღეს არააქტუალურია.

- რას ელით ახალი სეზონისგან?
- დიდი იმედი მაქვს, რომ "იუვენტუსთან" ერთად არაერთ ტიტულს მოვიგებ და რაც ასევე მნიშვნელოვანია, ამაში ჩემი წვლილიც იქნება. რაც მთავარია, გულშემატკივრები უნდა გავახაროთ, რომლებიც ამას ნამდვილად იმსახურებენ.

"ვეკია სენიორას" განსაკუთრებული ტიფოზები ჰყავს და გასულმა სეზონმა ამაში ღრმად დამარწმუნა.

- ეს, ალბათ, "რომას" გულშემატკივართა ფარული კრიტიკა იყო, რომლებიც ხშირად გისტვენდნენ...
- მიუხედავად იმისა, რომ დღემდე ვერ ვხვდები, რატომ ამითვალწუნეს, "რომას" ტიფოზთა საწინააღმდეგო არაფერი მაქვს.

წარმატებებს ვუსურვებ "ჯალოროსის" და იმედია, რომ დედაქალაქური გუნდი არაერთხელ გაახარებს თავის გულშემატკივარს. იმ ადამიანთა კატეგორიას არ მივეკუთვნები, რომლებსაც წყენის გულში ჩადება შეუძლიათ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
არ მომწონს ეს საიტი ხ ფ თ უ
jamuxa
16:23 16-08-2012
0

სიახლეები პოპულარული