მართალია, ახლა ამ ორი გრანდის ჯახები ისეთი მწვავე აღარ არის, როგორც კალჩოპოლის ცნობილი პროცესების დროს იყო, მაგრამ აქა-იქ ვითარება მაინც იძაბება.
ამ ამბავში ანტონიო კასანოც ჩაერთო, რომელმაც "კორიერე დელო სპორტს" ინტერვიუ მისცა და სიამაყით აღნიშნა, რომ კარიერის განმავლობაში სამჯერ განაცხადა უარი "იუვენტუსში" გადასვლაზე.
30 წლის შემტევის სრული ინტერვიუთი ნამდვილად არ შეგაწყენთ თავს და მხოლოდ ყველაზე საინტერესო მონაკვეთებს წარმოგიდგენთ...
- ამბობენ, რომ ზაფხულში "იუვენტუსში" გადასვლის შანსი გქონდათ...
-
საერთოდ, კარიერის განმავლობაში "იუვეს" მესვეურებმა სამჯერ მომმართეს წინადადებით, მაგრამ სამივეჯერ უარი განვაცხადე.
ტურინულ გრანდში უამრავი ჩემი მეგობარი თამაშობს, მაგრამ პირადად მე, იქ გადასვლის სურვილი არ მაქვს. "იუვეში" ჯარისკაცები სჭირდებათ, მე კი ასეთ გარემოში ყოფნა არასდროს მხიბლავდა.
- "ინტერში" სრული თავისუფლება გაქვთ?
- "ინტერში" თავს ისე ვგრძნობ, როგორც საკუთარ სახლში. ანდრეა სტრამაჩონისთან ურთიერთობა ერთ რამედ ღირს, ძალიან გულღია ადამიანია და თითოეულ მოთამაშესთან მეგობრობს.
სწორედ ასეთ ატმოსფეროში ვგრძნობ თავს კარგად, რაც ჩემს თამაშზეც შესაბამისად აისახება. აქვე დიდი მადლობა მინდა გადავუხადო "ინტერის" მესვეურებს, ისინი მენდნენ და ყველაფერს გავაკეთებ, რომ გაცემული ავანსები გავამართლო.
ტურინული ექო
გასაკვირი არაა, რომ ანტონიო კასანოს კომენტარებს ტურინში გამოეხმაურნენ და საპასუხო განცხადებები გააკეთეს.
პირველმა ლეონარდო ბონუჩიმ აიმაღლა ხმა: "ჯარისკაცები? - არა, ასეთ ფორმულირებას ნამდვილად ვერ დავეთანხმები. ჩვენ ვართ პროფესიონალები და არა ჯარისკაცები. თუ ვინმეს პროფესიონალიზმთან დაკავშირებით პრობლემები აქვს და დისციპლინის დაცვა უჭირს, პასუხი საკუთარ თავს უნდა მოსთხოვოს.
კასანოს არასდროს უთამაშია "იუვეში" და არ უნდა საუბრობდეს ასე თამამად ჩვენთან არსებულ ატმოსფეროზე. რაც არ იცი, უბრალოდ, არ უნდა თქვა. ანტონიო ჩემი მეგობარია, მაგრამ ამ შემთხვევაში, სიმართლე ყველაფერზე მაღლა დგას".
კასანოს განცხადებას "იუვენტუსის" ჩერნოგორიელი ფორვარდი მირკო ვუჩინიჩიც გამოეხმაურა და ბოლოს სწორედ მას გადავცეთ სიტყვა:
"ანტონიომ თავის საქმეებს მიხედოს და ჩვენ თავი დაგვანებოს. ტურინში თავს შესანიშნავად ვგრძნობ და სულაც არ ვთვლი თავს ჯარისკაცად.
თუმცა არც მაგის საწინააღმდეგო მაქვს რამე, რადგან ჯარისკაცობა დისციპლინასთან ასოცირდება. შესაძლოა, კასანო გაბრაზებულიც იყოს, რადგან მას "იუვენტუსში" სურდა გადმოსვლა და ეს ტრანსფერი არ შედგა.
თვითონ რას ამბობს, ნაკლებად საინტერესოა, რადგან მისი, უბრალოდ, არ მჯერა".
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"