ანტონიო კასანო: რა დროს ლიგაა?

AutoSharing Option
ანტონიო კასანო ამბიციების ნაკლებობას არასდროს უჩიოდა, რაც 26 დეკემბერს კიდევ ერთხელ დაადასტურა.

"ინტერის" 30 წლის შემტევი ჟურნალისტებს გაესაუბრა და განაცხადა, რომ მისი გუნდი მიმდინარე სეზონში სკუდეტოს მოსაგებად იბრძოლებს. პრესის წარმომადგენელმა მას ასეთი კითხვა დაუსვა: "შეძლებს "ინტერი" ჩემპიონთა ლიგის საგზურის მოპოვებას?" - აი კასანოს პასუხიც:

"სიმართლე გითხრათ, ჩემპიონთა ლიგაზე მეტად, მე სკუდეტოზე ვფიქრობ. დიახ, ჩემი ღრმა რწმენით, ჩვენ შეგვწევს იმის უნარი, რომ პირველობისთვის ვიბრძოლოთ.

რთული პერიოდი გვიდგას, რამდენიმე მნიშვნელოვან შეხვედრაში მოგვეცარა ხელი, მაგრამ პესიმიზმში ჩავარდნა არაფრად ივარგებს.

"ინტერს" ბევრად უკეთ შეუძლია
თამაში და ეს მიმდინარე სეზონშიც დავამტკიცეთ, როდესაც ხანგრძლივი წაუგებელი სერია გვქონდა. თანაც, ზამთრის სატრანსფერო ფანჯრისას კლუბის მესვეურები რამდენიმე ახალი ფეხბურთელის შეძენას აპირებენ.

როგორც ვიცი, ერთი აუცილებლად მაღალკვალიფიციური ფორვარდი იქნება. ახალი თავდამსხმელის მოსვლას მხოლოდ მივესალმები, რადგან რაც უფრო მეტი ჩემპიონი იქნება გუნდში, მით უფრო გაიზრდება ჩვენი შანსები".

აქვე შეგახსენებთ, რომ "ინტერი" თვრამეტი ტურის შემდეგ სატურნირო ცხრილში მეოთხე ადგილზეა, 35 ქულა აქვს და მთელი 9 ქულით ჩამორჩება ჩემპიონატის ლიდერს.

მომდევნო ტურში "ნერაძური" "უდინეზეს" ესტუმრება, სადაც მილანური გრანდის საკუთრებაში მყოფი დავიდე ფარაონი ირიცხება.

იტალიურ სპორტულ პრესაში გაჟღერდა, რომ ზამთარში ფარაონი შესაძლოა "ინტერში" დაბრუნდეს, თუმცა თავად ფეხბურთელი ამ ცნობას არ ადასტურებს: "ჯერ მხოლოდ 21 წლის ვარ და ჩემთვის მთავარი სათამაშო პრაქტიკაა.

ამიტომ, სავარაუდოდ, "უდინეზეში" დავრჩები, სადაც სასტარტოში დამკვიდრების გაცილებით მეტი შანსი მაქვს.

"ინტერს" ბავშვობიდან ვქომაგობ და იმედი მაქვს, რომ ოდესმე მილანურ გრანდში კიდევ ვითამაშებ. ეს ჩემი ერთ-ერთი მიზანია, თუმცა იქამდე უდინურ გუნდში უნდა გამოვიჩინო თავი. მომდევნო შეხვედრამდე ორ კვირაზე მეტია დარჩენილი, თუმცა ამ ჯახს აქედანვე მოუთმენლად ველი".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული