ზვონიმირ ბობანი: "მილანის" კრიზისი სუსტი მენეჯმენტის ბრალია

AutoSharing Option
ზვონიმირ ბობანი ყველას გვახსოვს, ვეტერანი ხორვატი ფეხბურთელი, რომელმაც კარიერის საუკეთესო წლები "მილანში" გაატარა.

ზვონომირი გამორჩეული იყო არა მარტო მოედანზე, მის მიღმაც. უყვარდა ხისტი გამონათქვამები, კრიტიკა და როგორც ჩანს, ასეთია დღემდე. იტალიურ სპორტულ პრესაში 44 წლის ბობანის ბლიც-ინტერვიუ გამოქვეყნდა, რომელიც მთლიანად მის ყოფილ გუნდს, "მილანს" დაეთმო...

- რას იტყვით "მილანის" კრიზისზე და რაში ხედავთ გამოსავალს?
- "მილანის" მესვეურებს უდიდეს პატივს ვცემ, მაგრამ მგონია, რომ ბოლო წლებში მათ ბევრი შეცდომა დაუშვეს.

ეს კრიზისიც დიდწილად
ამ პოლიტიკის ბრალია და სიმართლეს თვალებში უნდა ჩავხედოთ. ამ საკითხზე ადრეც მისაუბრია და კიდევ ვიტყვი, რომ არ შეიძლება ერთ ზაფხულს ყველა წამყვანი ფეხბურთელი გაუშვა.

როდესაც ზლატან იბრაჰიმოვიჩს ყიდი, საინტერესოა, რას, ან ვის ყიდულობ მასზე უკეთესს. მწვრთნელმაც დაუშვა რამდენიმე ფუნდამენტური შეცდომა და თავისი წილი პასუხისმგებლობა მანაც უნდა აიღოს. სეზონი თითქმის ჩავარდნილია და უკვე გვიანია კიდეც გამოსავალზე საუბარი. მთავარია, გუნდი ჩემპიონთა ლიგის ზონაში მოხვდეს, დღეს სწორედ ასე დგას საკითხი.

- ანუ, "მილანი" სკუდეტოს დაემშვიდობა?
- დიახ, დაემშვიდობა და არა მგონია, რომ რაიმე გასაოცარს ვამბობდე. გუნდი მეშვიდე ადგილზეა და უკვე საგრძნობლად ჩამორჩება ლიდერს.

"იუვენტუსი" ამხელა ფორას არ დათმობს, ეს ცხადზე უცხადესია. ასე რომ, "როსონერის" ისღა დარჩენია, ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის იბრძოლოს. თუმცა, ესეც ურთულესი მისაღწევი იქნება, რადგან მასიმილიანო ალეგრის გუნდი სამეულსაც საგრძნობად ჩამორჩება. მოკლედ, "მილანი" ურთულეს მდგომარეობაშია.

- იზიარებთ იმ აზრს, რომ ალეგრიმ პოსტი უნდა დატოვოს?
- ჩემი აზრით, მხოლოდ ალეგრის წასვლით, ვითარება კარდინალურად არ შეიცვლება. მოვა ახალი მწვრთნელი და შეიძლება გუნდმა რამდენიმე შეხვედრა მოიგოს, მაგრამ მალე ისიც კრიტიკის ქარცეცხლში გაეხვევა.

ბოლო წლებში, "მილანს" მენეჯმენტი არ უვარგა და ძირეული ცვლილებებია მოსახდენი. ისე კი, ალეგრის თავისი წილი პასუხისმგებლობა აქვს და ამის შესახებ ზემოთაც ვთქვი...

მრჩება შთაბეჭდილება, რომ მასიმილიანოს ერთადერთი მიზანია, ერქვას "როსონერის" მთავარი მწვრთნელი - ხვალ რომ სტეფან ელ შაარავიც გაუყიდონ, ხმას არ ამოიღებს, ოღონდ "როსონერის" ედგას სათავეში. თუმცა, იმას ვერ ხვდება, რომ პოსტის შესანარჩყნებლად ძლიერი შემადგენლობა სჭირდება.

- ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალურ ეტაპზე, "მილანი" "ბარსელონას" გადაეყარა. რა შანსები აქვს თქვენ ყოფილ გუნდს?
- შანსი ერთადერთ შემთხვევაში ექნება: თუ მილანური კლუბის მესვეურები სატრანსფერო პერიოდს ნაყოფიერად გამოიყენებენ.

მაგალითად, თუ თავდასხმა დიდიე დროგბათი გაძლიერდება, დაცვაში ალესანდრო ნესტა დაბრუნდება, ნახევარდაცვას კი ორი-სამი მაღალი კლასის ფეხბურთელი შეემატება. რადგან ეს უტოპიაა, "მილანის" შანსები მიზერულია. სამწუხაროდ, რეალობა ასეთია.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული