"ფიორენტინა" წლევანდელი სერია A-ს ერთ-ერთი მთავარი აღმოჩენაა და ბევრისთვის გასაკვირად, 18 ტურის შემდეგ 35 ქულით მესამე ადგილს იკავებს. ვინჩენცო მონტელას ჩემპიონთა ლიგის საგზურის მოპოვება სურს, ამისთვის კი გუნდის გაძლიერებაა საჭირო.
როგორც გაირკვა, ფლორენციელებს "რივერის" ორი ფეხბურთელის, 21 წლის როხელიო ფუნეს მორის და 20 წლის ესეკილ სირილიანოს შეძენა სურთ.
როხელი ფუნეს მორი ტანმაღალი (1,85 მ) ცენტრფორვარდი გახლავთ, რომელმაც არგენტინის უკანასკნელ ჩემპიონატში ყველა შეხვედრაში ითამაშა (19)
ფეხბურთელების გაყიდვის გარდა, "რივერ პლეიტი" გაძლიერებაზეც ფიქრობს. არგენტინის ყველაზე ტიტულოვანმა გუნდმა რამდენიმე ფეხბურთელი უკვე გაიფორმა.
კერძოდ, "მილიონერთა კლუბმა" "ნიუელსიდან" ამ გუნდის ერთ-ერთი საუკეთესო ნახევარმცველი ლეონელ ვანხიონი შეიძინა. გარდა ამისა, გუნდში ბრაზილიის სერია ა-დან გავარდნილ "პალმეირასში" განათხოვრებული მცველი, პარაგვაელი ადალბერტო რომანი დაბრუნდა.
არგენტინელი ჟურნალისტების ინფორმაციით, მალე "რივერში" ხუან მანუელ იტურბეც ჩაირიცხება. 19 წლის არგენტინელმა, რომელიც თავის დროზე ერთ-ერთ უნიჭიერეს ფეხბურთელად მიიჩნეოდა, "პორტუში" იმედები ვერ გაამართლა. იტურბემ წელს მხოლოდ 4 შეხვედრაში ითამაშა, ბოლო პერიოდი კი საერთოდ "პორტუს" დუბლებში გაატარა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"