კალჩო. წლის შეჯამება: ცუდიც და კარგიც

AutoSharing Option
ცუდი
იტალიური ფეხბურთი და სკანდალები განუყოფელი ცნებებია და ამ მხრივ, ღარიბი არც 2012 წელი ყოფილა. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, სერია A-ს მიმდინარე გათამაშება ოთხმა გუნდმა მინუს ქულებით დაიწყო, პირველი წრის მიწურულს კი მათ რიცხვს "ნაპოლიც" შეუერთდა.

როდესაც გუნდები არათანაბარ პირობებში არიან, ეს ჩემპიონატის პრესტიჟსა და საერთო დონეზე ძალიან ცუდად მოქმედებს.

დავუმატოთ ამას ფეხბურთელთა ან მწვრთნელთა დისკვალიფიკაციები, რომლებმაც ასევე დიდი დარტყმა მიაყენა კალჩოს იმიჯს.

მაგალითად, "იუვენტუსის" თავკაცი ანტონიო კონტე ნახევარი წლით იყო ჩამოშორებული ფეხბურთს, სულ ახლახან კი ანალოგიური სასჯელი ნეაპოლელ პაოლო
კანავაროსაც გამოუწერეს.

წლის სკანდალი ევროპის ჩემპიონატის წინ აგორდა, როდესაც "კალჩოპოლის" ახალმა ტალღამ იფეთქა. იტალიის სამართალდამცავმა ორგანოებმა კალჩო მთლიანად ააყირავეს და ბუნებრივია, ამან გავლენა "სკუადრა აძურაზეც" მოახდინა.

იტალიის ნაკრები ევროპის ჩემპიონატისთვის ემზადებოდა, როდესაც სამართალდამცავები ბაზაზე მივიდნენ და დომენიკო კრიშიტო დააკავეს.

"ზენიტის" უკანახაზელმა კონტინენტის პირველობა გამოტოვა, თუმცა, როგორც შემდეგ გაირკვა, სულ ტყუილად - დომენიკოს გარიგებულ მატჩებში მონაწილეობა არ დაუმტკიცდა. მოკლედ, 2012 წელს კალჩო და კორუფცია ისევ აქტუალური იყო. ვნახოთ, რა იქნება 2013-ში...

კარგი
უმჯობესია, დღეს უარყოფითზე მეტი აღარ ვთქვათ და დადებით მოვლენებზე გავამახვილოთ ყურადღება. მაგალითად, იმაზე, რომ 2012 წლის ევროპის ჩემპიონატზე იტალიის ეროვნულმა ნაკრებმა მეორე ადგილი დაიკავა.

მართალია, მსოფლიო ფეხბურთის გრანდისთვის კონტინენტის ვიცეჩემპიონობა საოცნებო შედეგი არ გახლავთ, მაგრამ კონკრეტულად ამ შემთხვევაში, შედეგი სწორედაც რომ წარმატებულად შეფასდა.

ევროპის ჩემპიონატის წინ ფავორიტთა შორის ესპანეთს, გერმანიას და ჰოლანდიას ასახელებდნენ. სადღაც იქვე ტრიალებდა საფრანგეთის უმთავრესი გუნდიც. სიურპრიზებს ელოდებოდნენ ხორვატიისგან, რუსეთისგან, უკრაინისგან. აი, იტალიას კი სათვალავშიც არავინ აგდებდა.

რეალობა სხვაგვარი გამოდგა - ჩეზარე პრანდელის გუნდმა ჯგუფური ბარიერი დაძლია, მეოთხედფინალში ინგლისი დაიფრინა და ნახევარფინალში სულაც პირველობის ნომერ პირველ ფავორიტად შერაცხულ გერმანიას გამოუყვანა წირვა.

შედეგს რომ თავი დავანებოთ, "სკუადრა აძურამ" ძალიან ლამაზი, გახსნილი და ეფექტური ფეხბურთი ითამაშა, როთაც ნეიტრალურ გულშემატკივართა გულებიც მოიგო. ცალკე აღნიშვნის ღირსია, თუ როგორ ასრულებდნენ იტალიელები თავიანთი ქვეყნის ეროვნულ ჰიმნს - მაგალითად, ნახევარფინალის შემდეგ ბევრი ამბობდა, რომ იტალიელებს გერმანელები ჰიმნების დროს უკვე დამარცხებული ჰყავდათ.

იტალიის ეროვნულმა ნაკრებმა 2014 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპიც წარმატებით დაიწყო - "აძურამ" მიჯრით მოიგო შეხვედრები და ჯგუფს დამაჯერებლად ჩაუდგა სათავეში.

ორი აზრი არაა, იტალია განსაკუთრებული პრობლემების გარეშე მოიპოვებს ბრაზილიური მუნდიალის საგზურს, რაც იმის მანიშნებელია, რომ ჩეზარე პრანდელი სწორ გზას ადგას. მოკლედ, კალჩოს 2012 წლის ყველაზე წარმატებული პროექტი ჩეზარე პრანდელის "აძურა" გახლდათ. ამაზე მთავარი კი რა უნდა იყოს...

წლის გუნდი და ფეხბურთელი

2012 წლის საუკეთესო იტალიური გუნდი "იუვენტუსია", რომელიც ყველა კრიტერიუმით ჯობია სერია A-ს სხვა ბინადრებს.

ტურინული გრანდი ქვეყნის მოქმედი ჩემპიონია და ეს უკვე ყველაფერზე მეტყველებს. ამასთან, ანტონიო კონტეს შეგირდებმა არაერთი რეკორდი დაამხეს და შთამბეჭდავი სერიები გამოაცხვეს.

"ბებერი ქალბატონი" ჩემპიონთა ლიგაზეც წარმატებით დაბრუნდა, ჯგუფში ევროპის უპრესტიჟულესი ტურნირის მოქმედი გამარჯვებული ჩატოვა და პლეი ოფში გააღწია. მოკლედ, "იუვე" 2012 წლის საუკეთესო იტალიური გუნდია, თანაც ყველა კრიტერიუმით.

არც წლის ფეხბურთელის არჩევაა რთული - ანდრეა პირლო უდავოდ საუკეთესო გახლდათ და იტალიის ეროვნულ ნაკრებს რომ ევროპის ჩემპიონატის ფინალი მოეგო, ამ სტატუსს ალბათ მსოფლიო მასშტაბით დაეუფლებოდა.

დიახ, "აძურას" რომ კონტინენტის პირველობაზე გაემარჯვა, "ოქროს ბურთის" ნომინაციაზე ლიონელ მესის მთავარი კონკურენტი სწორედ ანდრეა იქნებოდა.

პირლომ მართლაც საოცარი სეზონი ჩაატარა, 33 წლის ასაკში თითქოს მეორე სუნთქვა გაეხსნა და კიდევ უფრო მოუმატა.

მისი საოცარი ტერთმეტმეტრიანი ევროფორუმის მეოთხედფინალში დიდხანს დარჩება გულშემატკივართა მეხსიერებაში - დავიტოვოთ იმედი, რომ პირლო 2013 წელსაც არანაკლებ ნაყოფიერი იქნება.

წლის ჩავარდნა

ზემოთ კი ვთქვით, რომ ცუდზე აღარ ვისაუბრებდით, მაგრამ წლის იმედგაცრუებაზე, გნებავთ, ჩავარდნაზე აუცილებლად უნდა ვთქვათ ორიოდე სიტყვა. ამ შემთხვევაში არა ფეხბურთელი, არამედ მთლიანად გუნდი გვყავს მხედველობაში.

ის, რაც 2012 წლის ზაფხულს "მილანის" თავს დატრიალდა, ნამდვილად იშვიათი ამბავია... ლომბარდიული გრანდი, პრაქტიკულად, ყველა წამყვან ფეხბურთელს გამოეთხოვა, შევსება კი არ მიუღია.

საერთოდ, ბოლო წელი "როსონერისთვის" ძალიან წარუმატებელი გამოდგა და მსოფლიო ფეხბურთის გრანდი ლამის ერთ ჩვეულებრივ გუნდად იქცა.

მეტი სიცხადისთვის ჩამოვთვალოთ "როსონერიდან" აბარგებულ ფეხბურთელთა გვარები: ზლატან იბრაჰიმოვიჩი, ტიაგო სილვა, ანტონიო კასანო, ალბერტო აკვილანი, ჯენარო გატუზო, ფილიპო ინძაგი, ჯანლუკა ძამბროტა, კლარენს ზეედორფი, ალესანდრო ნესტა, მარკ ვან ბომელი...

გასაგებია, რომ ვეტერანები ადრე თუ გვიან უნდა წასულიყვნენ, მაგრამ მთავარი პრობლემება მათი შემცვლელების არყოფნაშია.

შედეგად, სერია A-ს მიმდინარე გათამაშებაში "მილანი" მეშვიდე ადგილზეა და იდეალურ შემთხვევაში, ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის იბრძვის.

წლის ყველაზე იმედისმომცემი გუნდი და ფეხბურთელი
მიმდინარე სეზონის ყველაზე დიდი აღმოჩენა უდავოდ "ფიორენტინაა". თვალშისაცემია "ლაციოს" პროგრესიც, მაგრამ იმედის თვალით იტალიაში მაინც "რომას" უყურებენ.

ზდენეკ ზემანმა ახალი გუნდის შენებას ჩაუყარა საფუძველი, რომლის შედეგებიც სწორედ 2013 წელს უნდა ვიხილოთ.

დედაქალაქელებს ახალგაზრდული შემადგენლობა ჰყავთ, რომლებზეც მომავლის "რომა" შენდება. თუნდაც ერიკ ლამელა, მატია დესტრო და ალესანდრო ფლორენცი, რომლებიც რეგულარულად ხვდებიან ძირითად შემადგენლობაში.

მოკლედ, "რომაზე" დიდი ავანსებია გაცემული, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ იგივე ხდებოდა, როდესაც დედაქალაქურ გუნდს ლუის ენრიკე ჩაუდგა სათავეში.

დიახ, 2011 წლის ყველაზე იმედისმომცემი გუნდიც სწორედ "რომა" გახლდათ და თუ "მგლებმა" კიდევ ერთხელ გაგვიცრუეს იმედები, მარად პერსპექტიული გუნდის იმიჯს მოირგებენ, ზდენეკ ზემანი კი ლუის ენრიკეს კვალს გაუყვება.

წლის ყველაზე იმედისმომცემი ფეხბურთელი, რა თქმა უნდა, სტეფან ელ შაარავია, რომელიც "მილანის" ლიდერად მოგვევლინა და სერია A-ს მიმდინარე გათამაშებაში ბომბარდირთა დავას უდგას სათავეში.

19 წლის ფორვარდმა 2012 წელს უდიდესი პროგრესი განიცადა და სერია B-დან თუნდაც კრიზისში მყოფი მსოფლიო ფეხბურთის გრანდში ამოჰყო თავი.

რაც მთავარია, ბრწყინვალედ ირჯება და შედეგად, ეროვნულ ნაკრებში იმკვიდრებს ადგილს. ელ შაარავი უდავოდ წლის აღმოჩენაა, დანარჩენს კი დრო გვიჩვენებს...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული