საშობაო საჩუქრები ტიფოზებს - ტრანსფერები სერია A-ში და არა მარტო...

AutoSharing Option
ზამთრის სატრანსფერო ფანჯარა კლუბების მესვეურთათვის საუკეთესო საშუალებაა, რომ გულშემატკივრებს საშობაო საჩუქრები გაუკეთონ.

ბუნებრივია, ტიფოზები ხმაურიანი ტრანსფერების მოლოდინში არიან და სურთ, რომ გუნდი მაქსიმალურად გაძლიერებული შეხვდეს სეზონის განახლებას.

რა ვითარებაა ამ მხრივ იტალიაში და რა საჩუქრებს უმზადებენ კლუბების მმართველები გულშემატკივრებს? - ქვემოთ სწორედ ამაზე გვექნება საუბარი...

ახდენილი ოცნება
Sportall.Ge"ინტერის" გულშემატკივრებს დიდი ხნის ოცნება აუხდათ - 2013 წლიდან მილანური გრანდის ღირსებას 35 წლის ტომაზო როკი დაიცავს.

სეზონის პირველ ეტაპზე ნათლად გამოჩნდა, რომ "ნერაძურის" თავდასხმაში გაძლიერება სჭირდებოდა, რადგან ანტონიო კასანო ფიზიკურად არ არის
მზად, მთელი 90 წუთი ითამაშოს, დიეგო მილიტომ კი საუკეთესო წლები უკან მოიტოვა.

რაც შეეხება როდრიგო პალასიოს, არც არასდროს ყოფილა ექსტრა-კლასის ფორვარდი და თუ რამით გამოირჩევა, ეს მისი უცნაური ვარცხნილობა, კერძოდ კი, სრულიად უფუნქციო გრძელი თმის ღერია.

ამიტომ სრულიად ნათელი იყო, რომ მასიმო მორატის თავდამსხმელი უნდა გადაებარებინა და აი, როკი უკვე მილანელია.

ტომაზომ ბოლო რვა წელი "ლაციოში" გაატარა, ერთი ხანობა გუნდის ლიდერადაც ითვლებოდა, თუმცა ბოლო ორი სეზონია ღრმა თადარიგში უწევს ყოფნა. სწორედ ამიტომ რომაელებმა მას თავისუფლება მისცეს და ალბათ თავადაც ვერ იფიქრებდა თუ მსოფლიო ფეხბურთის გრანდში ამოჰყოფდა თავს.

როკი "ინტერში" იჯარის წესით ნახევარი წლით იასპარეზებს, თუმცა თუ მხარეები კმაყოფილნი დარჩნენ თანამშრომლობით, ვინძლო მრავალწლიანი ხელშეკრულებაც გააფორმონ.

ბერლუსკონის გმირობა
მას შემდეგ, რაც გასულ ზაფხულს "მილანში" მოხდა, ამ გუნდის გულშემატკივრებს ნამდვილად აღარაფერი გააკვირვებთ.

ამიტომ ტიფოზებმა სრულიად მშვიდად მიიღეს ცნობები იმის შესახებ, რომ გუნდს მალე ან რობინიო დატოვებს, ან ალეშანდრე პატო, ან სულაც ორივე ერთად და თანაც ისე, რომ დიდია შანსი, მათ შემცვლელად არც არავინ მივიდეს.

სამაგიეროდ, კლუბის ვიცე-პრეზიდენტი ადრიანო გალიანი ორ დღეში ერთხელ მაინც გვახსენებს, რომ სტეფან ელ შაარავი არაფრის დიდებით არ გაიყიდება. როდესაც გალიანი ამ ფრაზას წარმოთქვამს, სიამაყით აღსავსე ჩანს და იქვე ამბობს, რომ ეს ყველაფერი სილვიო ბერლუსკონის დამსახურებაა.

მოკლედ, "მილანის" გულშემატკივრებს მშვიდად შეუძლიათ ყოფნა - სტეფან ელ შაარავი არ იყიდება.

ვრცელდება ცნობები მარიო ბალოტელისა და დიდიე დროგბას "როსონერიში" შესაძლო გადასვლის შესახებ, მაგრამ ლომბარდიული კლუბის მესვეურები ამ ყველაფერს კატეგორიულად უარყოფენ.

დიდიე დიდ ხელფასს ითხოვს, მარიოს სატრანსფერო ფასი კი კოლოსალურია... მაგრამ "მილანის" მმართველები მშვიდად არიან - მათ უკვე გაუკეთეს ტიფოზებს ყველაზე დიდი საჩუქარი: სტეფან ელ შაარავი არსად მიდის.

მთავარი საჩუქრის მოლოდინში
Sportall.Ge28 წლის ფედერიკო პელუზომ 2 იანვარს ტურინში სამედიცინო შემოწმება გაიარა და როდესაც ამ სტატიას კითხულობთ, ალბათ უკვე ხელშეკრულებისთვისაც მოწერილი აქვთ ხელი.

"ატალანტას" უკანახაზელი "იუვენტუსში" იჯარის წესით გადაბარგდა და მინიმუმ სეზონის ბოლომდე "ვეკია სენიორას" ღირსებას დაიცავს.

გარიგების ფინანსური მხარე უკვე ცნობილია - ბერგამოული კლუბი იჯარის სანაცვლოდ 1 მილიონ ევროს მიიღებს და თუ ზაფხულში ტურინელებმა ფეხბურთელის გამოსყიდვა მოისურვეს, "ატალანტას" ბიუჯეტში კიდევ 4 მილიონ ევროს გადარიცხავენ.

ეს ყველაფერი კარგი, მაგრამ რა ხდება ექსტრა-კლასის ცენტრფორვარდთან დაკავშირებით? - აი, აქ კი ვითარება მეტად რთულია, რადგან ბაზარზე სუპერფორვარდების მკვეთრი დეფიციტია, ჩვეულებრივი, კარგი თავდამსხმელები კი "იუვეში" ისედაც თავზე აყრიათ.

ერთი ვარიანტი ტომაზო როკი იყო, მაგრამ მასიმო მორატიმ აინიელებს დაასწრო და "ბებერი მგელი" თავისთან წაიყვანა.

მოკლედ, ტურინელები რთულ ვითარებაში არიან და დიდია შანსი, გულშემატკივრები მთავარი საშობაო საჩუქრის გარეშე დატოვონ.

ლაციოს დაჩაგრული ტფოზები
გულშემატკივრების რა გითხრათ და "ლაციოს" პრეზიდენტის მთავარი საშობაო სურვილი მაურო სარატეს სარფიანი გასაღებაა. 25 წლის არგენტინელი შემტევის გადაბირების სურვილი თურქული "ფენერბაჰჩეს" მესვეურებმა გამოთქვეს და რომაელებს 9.5 მილიონი ევროც შესთავაზეს...

ლოტიტოსთვის ეს შესანიშნავი ვარიანტია, მაგრამ თავად სარატეს არ სურს თურქეთში გადაბარგება. სენიორ კლაუდიო ყველაფერს აკეთებს, რომ არგენტინელი დაითანხმოს და ვნახოთ, რა გამოუვა ამ საქმისგან.

ისე, საკვირველია, რომ უკვე მეორე მწვრთნელის ხელში სარატე თადარიგში ზის და ვერაფრით ახერხებს თავის გამოჩენას. არადა, მაურო უდავოდ მაღალი კლასის ფეხბურთელია და ეს ისევ "ლაციოში" აქვს თავის დროზე დამტკიცებული.

ეს ამბავი გასაგებია, მაგრამ ვინმეს შეძენას თუ აპირებს ლოტიტო და შესაბამისად, გულშემატკივართა გახარებას? - აი, ამ მხრივ კი ახალი პრაქტიკულად არაფერია და ისეთი პირი უჩანს, რომ ლოტიტო გუნდის გაძლიერებაზე უარს იტყვის.

მოკლედ, "ლაციალეს" ტიფოზები საჩუქრის გარეშე რჩებიან და თანაც, რამხელა დარტყმის ფონზე - როკიზე რომ არაფერი ვთქვათ, გუნდს მალე სარატეც დატოვებს...

საქმე ლაპარაკის ნაცვლად!
"რომა" იმ იშვიათ გუნდთა რიცხვშია, სადაც შემადგენლობა ყველა რგოლში დაბალანსებულია.

მაგალითად, დედაქალაქელებს ყველაფერი რიგზე აქვთ თავდასხმის ხაზში, სადაც თითქმის ყველა გუნდს უჭირს. ფრანჩესკო ტოტი ჯერ კიდევ ფორმაშია, პაბლო ოსვალდო ცოტა არასტაბილურია, მაგრამ მთლიანობაში, ნაყოფიერი - ერიკ ლამელამ მალევე აუღო ალღო იტალიურ ფეხბურთს, მატია დესტრომ კი მცირე ჩავარდნა დაძლია და მშვენივრად ათამაშდა. მოკლედ, "რომას" შემადგენლობის მხრივ ყველაფერი რიგზე აქვს და მთავარია, რომ ზდენეკ ზემანმა ამ რესურსს სწორი მიმართულება მისცეს.

რამდენიმე დღის წინ ფრანჩესკო ტოტიმ ამაყად განაცხადა, რომ როგორც იქნა, "რომა" ერთ მუშტად შეკრული გუნდია... "ჯალოროსის" გულშემატკივართა საშობაო სურვილი სწორედ ესაა, რომ გუნდი ერთ მუშტად შეიკრას და ერთი მიზნის ქვეშ გაერთიანდეს.

ეს ჩვენი მოსაზრება არ გეგონოთ, კლუბის ოფიციალური ვებგვერდის გამოკითხვის შედეგებია. 2012 წელს "რომაში" ბევრი კონფლიქტი იყო - მაგალითად, ერთ-ერთი მატჩის შემდეგ პაბლო ოსვალდომ ერიკ ლამელას თავში წაუთაქა, რასაც კონფლიქტის გაღვივება მოჰყვა.

დანიელე დე როსი კიდევ ერთხელ წაეკიდა ფრანჩესკო ტოტის, შემდეგ იგივე დე როსი ზემანს დაუპირისპირდა, რის გამოც ცოტა ხანი თადარიგშიც გადაინაცვლა. მირალემ პიანიჩიც არ ცხრებოდა და ჯერ ოსვალდოსთან მოუვიდა დაპირისპირება, შემდეგ კი ტოტისთან.

მოკლედ, "ტრიგორიაზე" დიდი ვნებათაღელვა იყო და ამ ფონზე ტოტის განცხადება გულშემატკივართათვის ყველაზე იმედისმომცემი გამოდგა - ეს ერთსულოვნება ალბათ მხოლოდ ლიონელ მესიზე თუ გაიცვლებოდა...

და კიდევ ერთი, იქნებ ზდენეკ ზემანმა ცნობილი სლოგანი გაიზიაროს: "საქმე ლაპარაკის ნაცვლად"!

კრიმინალთან მებრძოლი აურელიო
აურელიო დე ლაურენტისს არაერთხელ განუცხადებია, რომ სატრანსფერო კამპანიის წარმოებაში მას ნეაპოლის კრიმინოგენური მდგომარეობა ძალიან უშლის ხელს.

"ნაპოლის" პრეზიდენტის თქმით, ვარსკვლავებს არ სურთ მათ ქალაქში გადაბარგება, რადგან იქ ცხოვრება არც ისე უსაფრთხოა. მაგალითად, 2011 წელს ედინსონ კავანის სახლი გაძარცვეს, მაგიდაზე კი ურუგვაელ ფორვარდს წერილი დაუტოვეს, სადაც მას მძარცველები სიყვარულში ეფიცებოდნენ.

სამაგიეროდ, არასდროს გაუქურდავთ ესეკილ ლავეცი და ამის მიზეზი სულ ახლახან, 2012 წლის მიწურულს გავიგეთ. კარაბინიერებმა მაფიოზური დაჯგუფების ავტორიტეტული წევრები დააკავეს, რომლებიც ლავეცის ახლო მეგობრები გამოდგნენ - გაირკვა ისიც, რომ ქალაქიდან გასვლის დროს არგენტინელი შემტევი ძვირფასეულობას სწორედ მაფიოზებს უტოვებდა და ხშირად მათთან "ფლეისთეიშენსაც" თამაშობდა.

გასულ წელს აურელიო დე ლაურენტისმა ნეაპოლელ კარაბინიერებთან თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა და პირობა დადო, რომ მაფიოზებთან ბრძოლაში ისიც ჩაერთვებოდა. პრეზიდენტს ამის დიდი რესურსი გააჩნია, რადგან კრიმინალური ავტორიტეტები "ნაპოლის" ფეხბურთელებთან ხშირად მეგობრობენ.

როდესაც დე ლაურენტისს ჰკითხეს - რას ისურვებდით საშობაოდო, შემდეგი პასუხი მოისმინეს:

"ნეაპოლის კრიმინალებისგან გაწმენდა, რათა ჩვენს ქალაქში მსოფლიოს უდიდესი ვარსკვლავები ჩამოვიყვანო", - აი ასეა, ნეაპოლში საფეხბურთო კლუბის პრეზიდენტს ბევრი სხვა საქმის შეთავსებაც უწევს, მათ შორის, კრიმინალთან ბრძოლა.

ახალი სტადიონი
Sportall.Geსაჩუქართან დაკავშირებით, გამოკითხვა "ფიორენტინას" გულშემატკივრებს შორისაც ჩატარდა და ამ შემთხვევაშიც, სატრანსფერო ამბები გვერდზე დარჩა.

ფლორენციელთა მთავარი სურვილია, რომ "ვიოლას" ახალი, თანამედროვე სტადიონი ეღირსოს.

"არტემიო ფრანკი" იმდენად მძიმე მდგომარეობაშია, რომ ასეთი შედეგები არავის გაკვირვებია...

ფლორენციული კლუბის პრეზიდენტი ანდრეა დელა ვალე პირობას დებს, რომ ახალ სტადიონთან დაკავშირებით მალე ქმედითი ნაბიჯები გადაიდგმება და პროექტიც დამტკიცდება.

თურმე, ქალაქის მერიასთან ტერიტორიის გამოყოფის შესახებ მოლაპარაკება უკვე მიმდინარეობს და მალე შედეგებიც იქნება.

ეს ყველაფერი კარგი, მაგრამ ასეთი დაპირება სერია A-ს თითქმის ყველა გუნდის გულშემატკივარს ყელში აქვს ამოსული - მაგალითად, კლაუდიო ლოტიტომ უკვე 7-ჯერ მაინც დაამტკიცა ახალი სტადიონის მაკეტი, "უდინეზეს" პრეზიდენტი კი ყოველ წელს იწყებს არენის განახლებით სამუშაოებს.

ამ მხრივ, ყველაზე წარმატებული მაინც "პალერმოს" მმართველი მაურიციო ძამპარინია, რომელსაც ახალი სტადიონისთვის საფუძვლის ჩაყრა და პირველი აგურის დადება ტრადიციად აქვს ქცეული.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
.
0
სტატიის ავტორს მართლა სჯერა, რომ ტომაზო როკი მაღალი დონის თავდახმელია? რომ ის ღირსეულ კონკურენციას გაუწევს მილიტოს ან კასანოს ან თუნდაც პალასიოს. ან მართლა სჯერა რომ 35 წლის თავდასმელთან, რომელმაც ბოლოს როდის გაიტანა ან ძირითადში ითამაშა თვითონაც არ ახსოვს - ინტერი ხელშეკრულებას მომავალ წელსაც გაუფორმებს? ან ისიც სჯერა, რომ ლაციომ მნიშვნელოვანი ფიგურა დაკარგა და მორატიმ ამ ტრანსფერზე იუვეს აჯობა? :))
tifozi
19:01 03-01-2013
0

სიახლეები პოპულარული