ჯუზეპე როსის ახდენილი ოცნება

AutoSharing Option
მიმდინარე სატრანსფერო ფანჯრის ყველაზე ხმაურიანი ტრანსფერი “ფიორენტინამ” განახორციელა. ფლორენციულმა კლუბმა “ვილიარეალიდან” 25 წლის ფორვარდი, ჯუზეპე როსი გადაიბირა და ფეხბურთელს დიდი ხნის სურვილი აუხდინა.

ტოსკანელებმა როსის სანაცვლოდ 9 მილიონი ევრო უკვე გადაიხადეს და უახლოეს 2 წელიწადში, სხვადასხვა ბონუსის სახით, შესაძლოა კიდევ 3-ის გადახდა მოუწიოთ.

სულ რაღაც ერთი წლის წინ ჯუზეპეზე დიდი მოთხოვნა იყო და მისი ფასი 20-25 მილიონი ევროს ფარგლებში მერყეობდა, თუმცა ხანგრძლივმა ტრავმებმა მასზე მოთხოვნა მნიშვნელოვნად შეამცირა. სწორედ ამით ისარგებლა “ფიორენტინამ” და ფორვარდი თავისთან გადაიბირა. მართალია, როსის წაყვანა “იუვენტუსსაც” სურდა,
მაგრამ რეალური წინადადებით ესპანელებს მხოლოდ ფლორენციელებმა მიმართეს.

აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ, რომ როსი დღესაც ტრავმირებულია და ბოლო ინფორმაციით, ფეხბურთს მარტის შუა რიცხვებში დაუბრუნდება. ფლორენციაში გადაბარგებით გახარებულმა როსიმ ბრიფინგი გამართა და ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა...

- რატომ აირჩიეთ “ფიორენტინა”?
- იტალიაში დაბრუნება დიდი ხანია, მინდა და სიმართლე გითხრათ, ასეთ საინტერესო წინადადებას ერთი წლის წინაც დიდი სიამოვნებით დავთანხმდებოდი. ჩემი აზრით, “ფიორენტინა” იტალიაში ყველაზე სანახაობრივ ფეხბურთს თამაშობს და ამიტომ გადაწყვეტილება ყოყმანის გარეშე მივიღე. მომხიბლა იმ პროექტმა, რომელიც კლუბის მესვეურებს აქვთ შემუშავებული და რომლის ნაწილიც სიამოვნებით გავხდი. უნდა ვაღიარო, რომ ეს ჩემი ოცნების ასრულებაა.

- კონტრაქტის პირობებზე რას გვეტყვით?
- ხელშეკრულების დეტალებით ძალიან კმაყოფილი ვარ, რადგან ბედი “ფიორენტინას” დიდი ხნით დავუკავშირე. კონტრაქტი 4+4-წლიანია და ამაზე უკეთესი რა უნდა იყოს? - საოცარ ქალაქში მოვხვდი და მინდა, რომ აქ, რაც შეიძლება, დიდხანს დავრჩე. რაც მთავარია, კლუბის მესვეურებისგან და მთავარი მწვრთნელისგან სრულ მხარდაჭერას ვგრძნობ.

ხელშეკრულების მიხედვით, პირველი ორი წელი ჩემი საბაზრო ღირებულება 30 მილიონი ევრო იქნება, მომდევნო ორი წელი კი 25 მილიონი. ეს ნათელი დადასტურებაა იმის, რომ ფლორენციელები ჩემს გასხვისებას არ აპირებენ. დღეს ამხელა თანხას იშვიათად იხდიან.

- ფლორენციელ გულშემატკივრებს ერთი სული აქვთ, როდის გიხილავენ სტევან იოვეტიჩთან ტანდემში...
- სტევანი დიდებული ფორვარდია, რომლის მხარდამხარ თამაში ჩემთვის დიდი პატივი იქნება. თუმცა იგივე შემიძლია ვთქვა ლუკა ტონიზე, რომელიც “ფიორენტინასთვის” მნიშვნელოვანი ფეხბურთელია. ერთად ნებისმიერი დაცვის გარღვევას შევძლებთ, ამაში ღრმად ვარ დარწმუნებული.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
"ფიორენტინამ" ჯუზეპე როსი იყიდა
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული