იტალიის თასი. 1/4-ფინალი: გრანდების დავა ვუჩინიჩმა გადაწყვიტა

AutoSharing Option
იტალიის თასის მეოთხედფინალური ეტაპის მეორე შეხვედრამ განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია, რადგან ერთმანეთის პირისპირ მსოფლიო ფეხბურთის გრანდები წარსდგნენ: "იუვენტუსი" და "მილანი"...

დღეს ტურინულ გრანდს უკეთესი დროება უდგას, ფავორიტად ითვლებოდა და მოლოდინი გამართლდა კიდეც. მართალია, "იუვემ" მეტოქე მხოლოდ დამატებით დროში გატეხა, მაგრამ მთლიანობაში, მაინც დამსახურებულად გაიმარჯვა.

თამაში ტურინელთათვის შოკისმომგვრელად დაიწყო - ჯერ კიდევ მეექვსე წუთი მიმდინარეობდა, როდესაც მილანელებმა ეფექტური კომბინაცია უზუსტესი დარტყმით დააგვირგვინეს... სტეფან ელ შაარავიმ კევინ პრინს ბოატენგისგან შესანიშნავი პასი მიიღო, ერთი კარგად გაისწორა ბურთი და მეკარისაგან მარჯვენა დაბალ კუთხეში მოათავსა, 0:1.

მასპინძლები მალევე მოვიდნენ გონს და კიდევ ექვს წუთში ანგარიში გაათანაბრეს - სებასტიან ჯოვინკომ საჯარიმო დარტყმა ალესანდრო დელ პიეროს სტილში შეასრულა და გულშემატკივრები აღტაცებაში მოიყვანა. მომენტების აღწერით თავს არ შეგაწყენთ და მხოლოდ იმას აღვნიშნავთ, რომ ხიფათი ორივე კართან დაახლოებით თანაბარი რაოდენობით შეიქმნა.

გადამწყვეტი გოლი დამატებით დროში გავიდა და ამჯერადაც მეექვსე, ანუ 96-ე წუთზე - მასპინძლებმა რამდენიმესვლიანი კომბინაცია გაითამაშეს, რომელიც მირკო ვუჩინიჩმა შესანიშნავად დააბოლოვა - 2:1. მილანელებმა სცადეს შეხვედრის გადარჩენა, მაგრამ ამაოდ - იტალიის თასის ნახევარფინალში "ლაციოს" "იუვენტუსი" შეერკინება.

ბოლოს ვთქვათ იმაზე, რაზეც ძირითადად თავში ვამბობთ ხოლმე - ანტონიო კონტემ და მასიმილიანო ალეგრიმ ექსპერიმენტებისგან მაქსიმალურად შეიკავეს თავი და შემადგენლობა მხოლოდ მინიმალურად გადაახალისეს.

მაგალითად, "იუვეს" თავკაცმა ანდრეა პირლო დატოვა თადარიგში და მის ნაცვლად ლუკა მარონე ათამაშა, თუმცა 77-ე წუთზე მარონემ მოედანი დატოვა და თამაშში პირლო ჩაერთო. კარში ჯიჯი ბუფონის ნაცვლად მარკო სტორარი იდგა, თუმცა თასის გათამაშებაში ეს ჩვეულებრივი ამბავია. ექსპერიმენტებისთვის არც ალეგრის მიუმართავს, თუმცა ამით მხოლოდ ღირსეულ მარცხს გამორჩა...

მირკო ვუჩინიჩი (იუვენტუსი): "დაძაბული მატჩი იყო, რომელიც საბედნიეროდ, ჩვენი გამარჯვებით დასრულდა. "მილანი" არასდროს ყოფილა იოლი მეტოქე და ამჯერადაც ძალიან გაგვიჭირდა. მომენტები ორივე კართან შეიქმნა, თუმცა დამაგვირგვინებელ ფაზაში მეტი სიზუსტე გამოვიჩინეთ და გავიმარჯვეთ. ყველაფერთან ერთად, ეს "იუვეს" მებრძოლი ხასიათის და საჩემპიონო მენტალიტეტის დამსახურებაა. თასის მოგება ჩვენი ერთ-ერთი მიზანია და მჯერა, რომ საწადელს ავისრულებთ".

სტეფან ელ შაარავი (მილანი): "სიმართლე გითხრათ, კმაყოფილი ვარ როგორც საკუთარი თავის, ისე გუნდის თამაშით. მომენტებიც გვქონდა და მოგებაც შეგვეძლო, მაგრამ დასანანი მარცხი ვიწვნიეთ. დიახ, ასეთ მატჩებში წაგება ყოველთვის გულდასაწყვეტია, მაგრამ რას ვიზამთ, რეალობას თვალი უნდა გავუსწოროთ. ტურინში "იუვენტუსის" წინააღმდეგ თამაში ურთულესია, ჩვენ კი მეტოქეს, პრაქტიკულად, არაფერი დავუთმეთ. უნდა დავივიწყოთ მარცხი და მომდევნო შეხვედრაზე ვიფიქროთ - სერია A-ში გადამწყვეტი ბრძოლები წინ გვაქვს".

იუვენტუსი-მილანი 1:1 დ.დ. 2:1
გოლები: 0:1 ელ შაარავი (6), 1:1 ჯოვინკო (12), 2:1 ვუჩინიჩი (96).
იუვენტუსი (3-5-2): სტორარი - კასერესი, ბონუჩი, ბარცალი - ლიხტშტაინერი (84. დე ჩელიე), ვიდალი, მარონე (77. პირლო), ჯაკერინი, ისლა - ჯოვინკო (65. ვუჩინიჩი), მატრი.
მილანი (4-3-3): ამელია - აბატე, მექსე, აჩერბი, დე შილიო - მონტოლივო, ამბროზინი (90. ტრაორე), ბოატენგი - ემანუელსონი (70. ბოიანი), ელ შაარავი, პაცინი (71. ნიანგი).

1/4-ფინალი
ინტერი-ბოლონია 16.01.13
ფიორენტინა-რომა 17.01.13

1/2-ფინალი
ლაციო-იუვენტუსი 22.01.13
იუვენტუსი-ლაციო 29.01.13

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
მასიმილიანო ალეგრი: "მილანი" აშკარად მეტს იმსახურებდა [VIDEO]
ანტონიო კონტე: გამარჯვება ძალიან გვინდოდა [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული