სერია A. XX ტურის შეჯამება და სიმბოლური ნაკრები: კრიზისია თუ არ არის?

AutoSharing Option
გასული უქმეების შემდეგ იტალიურ საფეხბურთო სამყაროში მთავარი სალაპარაკო თემა მაინც "იუვენტუსის" კიდევ ერთი წაფორხილება და შესაძლო კრიზისია.

ფაქტია, ტურინულმა გრანდმა ბოლო ორ მატჩში ხუთი ქულა დაკარგა და თანაც, ცუდად ითამაშა. ამასთან, აღნიშნული შეხვედრები "ვეკია სენიორას" გრანდებთან სულაც არ ჩაუტარებია - ჯერ "სამპდორიას" გაატანა ტურინიდან სამივე ქულა, შემდეგ კი "პარმასთან" ფრეს დასჯერდა.

მოკლედ, პრობლემები სახეზეა და მთავარი კითხვა აქ შემდეგში მდგომარეობს: არის თუ არა ეს კრიზისი?

ემოციური კონტე
ანტონიო კონტეს თითქოს ერთიანად დაატყდა თავს პრობლემები - ჯორჯო კიელინი დაშავდა, კვადვო ასამოა
აფრიკის ეროვნებათა თასზე საასპარეზოდ გაემგზავრა, კლაუდიო მარკიზიოც დაიმტვრა, ფორვარდებსაც ჩავარდნა აქვთ, ვეღარც არტურო ვიდალია ძველებურად პროდუქტიული და თითქოს ვეღარც პოლ პოგბაა ისეთი ნიჭიერი, ალექს ფერგიუსონს რომ ორი ქვა ეჭიროს ხელში, ეს ვინ გავუშვიო.

VideoSportall.Ge
პარმა - იუვენტუსი 1:1


შესაძლოა, ცოტა გადავამეტეთ კიდეც, მაგრამ ფაქტია, რომ "იუვე" ქულას ქულაზე კარგავს და ისეთი თავდაჯერებული ვეღარ არის, როგორიც აქამდე იყო.

"ის, რასაც ორი წელია ვაკეთებთ, ფანტასტიკურია, მაგრამ უნდა გვესმოდეს, რომ ყოველთვის ასე ვერ იქნება. სერია A ძალიან რთული ტურნირია, სადაც ნებისმიერი კალიბრის გუნდს შეიძლება ორ შეხვედრაში ფეხი დაუცდეს.

მესმის, რომ "იუვესგან" ეს მოულოდნელია, მაგრამ ჩვენც ადამიანები ვართ. კი ბატონო, ორ თამაშში ხუთი ქულა დავკარგეთ, ეს ძალიან ცუდია, მაგრამ ჩვენ ჯერ კიდევ პირველ ადგილზე ვართ და ჩემპიონობისთვის ვიბრძვით. არანაირ გამოსავალს არ ვეძებთ, უნდა დავმშვიდდეთ და ჩვეულებრივად გავაგრძელოთ მზადება თითოეული შეხვედრისთვის.

მომდევნო ტურში "უდინეზეს" ვმასპინძლობთ და აუცილებლად სამი ქულა უნდა მოვიპოვოთ, რათა ეს ხშირ შემთხვევაში უსაფუძვლო კრიტიკა თავიდან ავიცილოთ".

"პარმა"-"იუვენტუსის" შეხვედრაში იყო რამდენიმე ეპიზოდი, რომელშიც მსაჯმა საკამათო გადაწყვეტილება მიიღო და უმეტესობა "იუვენტუსის" სასარგებლოდ...

მედიაში კიდევ ერთხელ წამოიწია წინა პლანზე ტურინელთათვის არბიტრთა დახმარების თემამ და კონტემ ამის შესახებაც ისაუბრა:

"უკვე ყელში ამოვიდა იმის მოსმენა, რომ "იუვენტუსს" ეხმარებიან. იყო არაერთი შეხვედრა, სადაც პირიქით, ჩვენს საწინააღმდეგოდ შეცდნენ, მაგრამ მაშინ ჩვენ ხმა არ ამოგვიღია.

როდესაც გვჩაგრავენ, ვერავინ ამჩნევს და თუ ჩვენს სასარგებლოდ შეცდნენ მსაჯები, უმალ თავის მართლება მიწევს - ეს უსამართლობაა, რომელსაც ბოლო უნდა მოეღოს.

"იუვენტუსს" დახმარება არ სჭირდება, ისედაც საკმარისად ძლიერები ვართ".

სირაქლემას პოზა
"მილანმა" კიდევ ერთხელ დაკარგა ქულები და კიდევ უფრო დაშორდა ჩემპიონთა ლიგის ზონას. მასიმილიანო ალეგრის შეგირდები "სამპდორიას" ესტუმრნენ და თანაბარ ბრძოლაში 0:0-ს დასჯერდნენ.

ლომბარდიელთა თავკაცმა გარკვეულ ექსპერიმენტებს მიმართა და ძირითად შემადგენლობაში ბოიან კრკიჩთან და სტეფან ელ შაარავისთან ერთად, 18 წლის მბაიე ბაბაკარ ნიანგი გაამწესა. თვითონ ნიანგი აქტიური იყო, მაგრამ მთლიანობაში, "მილანის" იერიშები შორს იყო იდეალურისგან და ანგარიშიც ამის ნათელი დადასტურებაა.

VideoSportall.Ge
სამპდორია - მილანი 0:0


იტალიელმა ჟურნალისტებმა ლომბარდიული გრანდი კრიტიკის ქარცეცხლში გაატარეს, თუმცა კიდევ უფრო მეტი კონკრეტულად მასიმილიანო ალეგრის პრესკონფერენციაზე გაკეთებული კომენტარისთვის მოხვდა - მაინც რა თქვა ასეთი ალეგრიმ?

"ორი ქულა დავკარგეთ? - იქნებ ერთი მოვიპოვეთ, ჩვენ ხომ იმ გუნდს ვეპაექრებოდით, რომელმაც "იუვენტუსი" გასვლაზე დაამარცხა.

პირველ ტაიმში მეტოქე უკეთ ირჯებოდა და გატანაც შეეძლო; აი, მეორეში კი უკვე ჩვენ ჩავიგდეთ უპირატესობა ხელთ და მოგებასთანაც ახლოს ვიყავით. რაც მთავარია, გოლი არ გავუშვით და ეს უკვე კარგის ნიშანია.

თუ უკანა ხაზი დავალაგეთ, შეტევაში თამაშიც მნიშვნელოვნად გაგვიადვილდება".

მოკლედ, ალეგრიმ მონახა რაღაც პოზიტივი და პრესკონფერენციაც ამაზე ააგო, რაც ჟურნალისტთა აზრით, პრობლემებისგან გაქცევას, ანუ სირაქლემას პოზაში ყოფნას ნიშნავს. "მილანი" ჩემპიონთა ლიგის გარეშე რჩება, რაც ყველა უბედურებასთან ერთად, დიდ ფინანსურ ზარალსაც ნიშნავს.

ტიფოზებს იმედი აქვთ, რომ გენუური მატჩის შემდეგ კლუბის მესვეურები სატრანსფერო ბაზარზე გააქტიურდებიან. ვნახოთ...

ქულები ქულებად და...
"ინტერმა" ‘პესკარას" სძლია, ანდრეა სტრამაჩონიმ კი ფრთები გაშალა და წარმატებულ რელსებზე დაბრუნების შესახებ ხმამაღალი განცხადებები აკეთა. თუმცა იქვე დაამატა, საკადრო პრობლემები გვაქვს და სანამ სატრანსფერო ფანჯარა გახსნილია, გაძლიერება არ გვაწყენდაო.

"დელფინებთან" შეხვედრაში მილანელები უპირატესობას ფლობდნენ და სხვაგვარად არც შეიძლებოდა ყოფილიყო, მაგრამ ტექნიკური წუნი მაინც დიდი ჰქონდათ... განსაკუთრებით - ნახევარდაცვაში, სადაც ლომბარდიელებს ბურთის დაჭერა და იერიშების წამოწყება მართებთ...

თქვა თუ არა ეს სტრამაჩონიმ, პრესაში უმალ გაჩნდა რამდენიმე საინტერესო ინფორმაცია, რომლებზეც ნამდვილად ღირს ყურადღების გამახვილება.

ერთი ვერსიით, მილანელები ფრანჩესკო ლოდის გადაბირებას აპირებენ, რომელიც "კატანიას" ღირსებას იცავს და მიმდინარე სეზონში კარგად ასპარეზობს. ლოდი ტიპური ათი ნომერია, ლიდერი და გამთამაშებელი, რომელიც სტანდარტულებსაც მშვენივრად ასრულებს.

ფრანჩესკო 28 წლისაა და როგორც ამბობენ, ბოლო პერიოდში ჩეზარე პრანდელის ყურადღებაც მიიპყრო. ვესლი სნეიდერის გარშემო დატრიალებული მოვლენების ფონზე, გამთამაშებლით დაინტერესება ლოგიკური ჩანს.

არის კიდევ ერთი ვარიანტი, რომლის მიხედვითაც მილანელებს "რივერ პლეიტის" 20 წლის ნახევარმცველის, ესეკილ ჩირილიანოს გადაბირება სურთ და მზად არიან, მის სანაცვლოდ არგენტინულ გუნდში რიკი ალვარესი გაუშვან. თუ "რაი სპორტს" დავუჯერებთ, მილანელები მალევე მიმართავენ ბუენოსაირესელებს და დანარჩენს უკვე მოლაპარაკების პროცესი გვიჩვენებს.

მოკლედ, "ინტერმა" მოიგო და თან, გაძლიერების აუცილებლობაში დარწმუნდა - ხშირად კლუბის მესვეურებს უიმედო მარცხი უბიძგებთ სატრანსფერო ბაზარზე გააქტიურებისკენ. ანუ "პესკარას" ძლევით "ინტერმა" ორმაგი სარგებელი მიიღო.

რომაული პარადოქსი
რომაული გუნდები მიმდინარე სეზონში აშკარად გვაკვირვებენ, ოღონდ სხვადასხვანაირად - "ლაციოსგან" ამდენს არავინ ელოდა, "რომასგან" კი აშკარად მეტს ველოდით.

VideoSportall.Ge
ლაციო - ატალანტა 2:0


"ბიანკოჩელესტეს" პრეზიდენტი კლაუდიო ლოტიტო ზამთარ-ზაფხულს მსოფლიო ეკონომიკურ კრიზისზე საუბრობს და შესაბამისად, სატრანსფერო ბაზარზე პასიურობასაც ამით ამართლებს.

ეს კი იმ ფონზე, როდესაც "რომას" იტალიური წარმოშობის ამერიკელი ბიზნესმენი, მილიარდერი ტომას დი ბენედეტო უდგას სათავეში ამბიციური პროექტებით და ტრანსფერებისთვის გადადებული მილიონებით - მართალია, ინგლისურ კლუბებს დაპატრონებული შეიხებივით და ოლიგარქებივით არ იწეწება, მაგრამ ძალისხმევას რომ არ იშურებს, ესეც ფაქტია.

ერთი შეხედვით, "რომას" დღეს ბარე ორ გუნდზე უკეთესი შემადგენლობა ჰყავს და შესაბამისად, მიზნებიც უმაღლესი უნდა ჰქონდეს. რეალობა სხვაგვარია - "ლაციო" სკუდეტოს უმიზნებს, "რომა" კი, ფაქტობრივად, ჩემპიონთა ლიგის საგზურსაც დაემშვიდობა.

ეს რომაული პარადოქსია, რომელიც ნათლად გვიჩვენებს, რომ ფული ყველა პრობლემას ვერ წყვეტს. კლუბს, პირველ რიგში, სწორი მართვა, სწორი მენეჯმენტი სჭირდება.

კატანიაში წაგების შემდეგ "რომას" მთავარი მწვრთნელი ზდენეკ ზემანი უჩვეულოდ გაბრაზებული იყო და მთელი აგრესია შეგირდებზე გადმოანთხია:

"თამაში პირველივე ტაიმში უნდა დაგვემთავრებინა, მაგრამ რამდენიმე 100%-იანი შანსი გავატანეთ ქარს. ეს იყო ყველაზე სამარცხვინო თამაში, რომელიც მიმდინარე სეზონში ვაჩვენეთ.

ესე არ შეიძლება, მთელი სეზონია, საგოლე მომენტების 5%-ს თუ ვიყენებთ. მე ვერაფერს გავხდები, თუ ხუთი მეტრიდან ბურთს ცარიელ კარს ავაცილებთ. მეტი თავდაჯერებულობა გვჭირდება, სხვაგვარად არაფერი გამოვა".


ამ დროს "ლაციოს" თავკაც ვლადიმირ პეტკოვიჩს სულ სხვა თემებზე უწევს საუბარი:

"სკუდეტო? - უკვე მერამდენედ მეკითხებიან საჩემპიონო შანსებზე, მე კი პასუხი, უბრალოდ, არ მაქვს. ვცდილობთ, თითოეულ შეხვედრაში მაღალ დონეზე ვითამაშოთ და ქულათა მაქსიმუმი მოვიპოვოთ, დანარჩენი კი სეზონის ბოლოს გამოჩნდება.

დღეს სკუდეტოზე საუბარი ძალიან ადრეა, რადგან სატურნირო ცხრილის ზედა ნაწილში დიდი სიმჭიდროვეა. მართალია, ლიდერამდე ერთი ნაბიჯი გვაშორებს, მაგრამ ასევე ერთი ნაბიჯია ჩემპიონთა ლიგის ზონის დატოვებამდე...

ამ ეტაპზე, ცხრილში ყურებაც კი სახიფათოა. ჯობია, მომდევნო შეხვედრაზე ვიფიქროთ, რომელიც "პალერმოსთან" გვიწევს".

Sportall.Ge

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
სერია A. XX ტური: ლიდერის კვალდაკვალ - ნუთუ "იუვენტუსი" კრიზისშია? [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული