რობერტო ბაჯო იტალიის ფეხბურთის ფედერაციიდან წავიდა

AutoSharing Option
რობერტო ბაჯოს წარდგენა ნამდვილად არ სჭირდება და მოკლედ ვთქვათ, რომ ეს ლეგენდარული ადამიანი ბოლო ხანს ფედერკალჩოში მუშაობდა.

მისი ფუნქცია გახლდათ ბავშვთა ფეხბურთში სისტემის ოპტიმიზაციაზე ზრუნვა და ტალანტებისთვის მაქსიმალური ხელშეწყობა. 24 იანვარს რობერტომ განცხადება დაწერა, რომლის მიხედვითაც, ტოვებს დაკავებულ თანამდებობას.

იტალიურ სპორტულ პრესაში უმალ აგორდა ჭორები, რომ ბაჯოს გადაწყვეტილება მის მომავალ სამწვრთნელო საქმიანობას უკავშირდება, რომელზეც დიდი ხანია საუბრობენ. რამდენიმე დღის წინ ისიც ითქვა, რომ რობი შესაძლოა ხოსეპ გვარდიოლას თანაშემწედ მიუნხენის "ბაიერნში" ვიხილოთ. ამ ყველაფერზე თავად ბაჯომ ისაუბრა და დროა, სიტყვა მას
გადავცეთ...

მიზეზი
ფედერკალჩოში მუშაობას იმიტომ დავთანხმდი, რომ იტალიური ფეხბურთისთვის სარგებელი მომეტანა და რადგან ეს საქმე მთლად კარგად არ გამომდის, ჯობია, რომ პოსტი დავტოვო.

სავარძელში უფუნქციოდ ჯდომა ნამდვილად არ მინდა და ჩემი გადაწყვეტილებაც ამით გახლდათ განპირობებული. უფრო დავკონკრეტდები და გეტყვით, რომ ფედერკალჩომ ჩემი პროექტი განიხილა და სამწუხაროდ, უარყოფითად შეაფასა. არადა, ამ საქმეზე ძალიან დიდი ხანი ვიმუშავე, რაზეც ისიც მეტყველებს, რომ პროექტი 900 გვერდს მოიცავს.

გამოვიდა, რომ მთელი ეს შრომა წყალში ჩაიყარა და ფეხბურთის ფედერაციაში ჩემს გაჩერებას უკვე არანაირი აზრი აღარ ჰქონდა.

გვარდიოლას თანაშემწედ...
პეპ გვარდიოლასთან ახლო, მეგობრული ურთიერთობა მაკავშირებს და ეს ხმებიც ალბათ ამად გავრცელდა. სიმართლე გითხრათ, გვარდიოლასგან შეთავაზება არ მიმიღია და რომც მივიღო, დიდი ალბათობით, უარს ვიტყვი.

შესაძლოა, დადგეს ის დრო, როდესაც გვარდიოლასთან ერთად ვიმუშავებ, მაგრამ დღეს ეს ნაკლებად სავარაუდოა. რას ვაპირებ? - ცოტა ხანი ალბათ არგენტინაში გავემგზავრები და დავისვენებ, შემდეგ კი, ვნახოთ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
რობერტო ბაჯო შეიძლება ხოსეპ გვარდიოლას ასისტენტი გახდეს "ბაიერნში"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული