დიახ, სეზონის და არა წლის, ამ შემთხვევაში კი, იტალიურმა საფეხბურთო სამყარომ 2011/2012 წლების სეზონი შეაჯამა. ტრადიციულად, აღნიშნული ღონისძიება არა სეზონის დასრულებისთანავე, არამედ ახალი წლის პერიოდში ტარდება. საზეიმო ცერემონიალი მილანში გაიმართა, დანარჩენზე კი ქვემოთ...
სეზონის სიმბოლური ნაკრები
ბუფონი (იუვენტუსი) – მაჯო (ნაპოლი), ბარცალი (იუვენტუსი), ტიაგო სილვა (მილანი, პსჟ), ბალცარეტი (პალერმო, ნაპოლი) – მარკიზიო (იუვენტუსი), პირლო (იუვენტუსი), ნოჩერინო (მილანი) – კავანი (ნაპოლი), იბრაჰიმოვიჩი (მილანი,
შეტევის წინა ხაზზე ედინსონ კავანის, ზლატან იბრაჰიმოვიჩს და ანტონიო დი ნატალეს ვხედავთ, სამივე მათგანზე ერთად მხოლოდ სერია A-ში 74 გოლი მოდის. ნახევარდაცვაში ორი ტურინელია: ანდრეა პირლო და კლაუდიო მარკიზიო, რომლებსაც ბრწყინვალე სეზონი ჰქონდათ. მესამე ანტონიო ნოჩერინოა, რომელმაც სეზონში იმდენი გოლი გაიტანა, რამდენიც მთელი კარიერის განმავლობაში არ ჰქონდა გატანილი.
აღსანიშნავია, რომ სიმბოლურ გუნდში ორი ისეთი ფეხბურთელია, რომლებმაც დატოვეს იტალია და ფრანგულ პსჟ-ში გადაბარგდნენ: ერთი ტიაგო სილვა გახლავთ და მეორე უკვე ნახსენები ზლატან იბრაჰიმოვიჩი.
დანაკლისი და აღმოჩენა
გასულ სეზონთან ერთად, კარიერა არაერთმა ვარსკვლავმა დაასრულა... მარტო "მილანი" ერთბაშად რამდენიმე მოთამაშემ დატოვა, რამაც ბუნებრივია, მთლიანად კალჩო გააღარიბა. მოკლედ, დანაკლისის ნომინაციაში დიდი კონკურენცია იყო. საბოლოოდ არჩევანი ფილიპო ინძაგიზე შეჩერდა. "იუვენტუსის" და "მილანის" ექსფორვარდს განსაკუთრებული პატივი მიაგეს, მთელი დარბაზი ფეხზე წამოუდგა - ეს იყო ყველაზე ემოციური და ამაღელვებელი მომენტი.
რაც შეეხება სეზონის აღმოჩენას, აქ ორი ფეხბურთელი თანაბრად გამოირჩა: სტეფან ელ შაარავი "მილანიდან" და ლუის მურიელი "ლეჩედან"... მართალია, ელ შაარავი ისე ვერ ბრწყინავდა, როგორც მიმდინარე სეზონში, მაგრამ საფეხბურთო სამყარომ "პატარა ფარაონი" სწორედ გასულ სეზონში აღმოაჩინა. რაც შეეხება მურიელს, ის "ლეჩეში" იჯარის წესით ასპარეზობდა, ზაფხულში "უდინეზეს" დაუბრუნდა და დღეს ანტონიო დი ნატალეს მხარდამხარ ასპარეზობს.
დააჯილდოვეს კიდევ ერთი ახალგაზრდა ფეხბურთელი: ჩირო იმობილე, რომელიც სერია B-ს საუკეთესო ფეხბურთელი გახდა. აქვე ვთქვათ, რომ იმობილე 22 წლისაა, ელ შაარავი 19-ის, ხოლო მურიელი 21-ის.
ერთგულებისთვის
გუნდის ერთგულებისთვის სპეციალური ჯილდო ხავიერ ძანეტის გადაეცა, რომელმაც თითქმის მთელი საფეხბურთო კარიერა "ინტერს" მიუძღვნა. 39 წლის არგენტინელმა ამაღელვებელი სიტყვა წარმოთქვა და განაცხადა, რომ კარიერის თავიდან დაწყების შემთხვევაში, იგივე გზას დაადგებოდა:
"ბედნიერი ვარ, რომ ამდენი წელია "ინტერში" ვასპარეზობ. იმედია, საფეხბურთო კარიერის დასრულების შემდეგაც ამ გუნდს ვემსახურები, რადგან სხვაგვარად ვერ წარმომიდგენია. არაერთი მაცდური წინადადება მიმიღია, მაგრამ წასვლაზე არც კი დავფიქრებულვარ. ან რატომ უნდა მეფიქრა, როდესაც მილანში თავს შესანიშნავად ვგრძნობ".
მსაჯი, გუნდი, მწვრთნელი, ფეხბურთელი
საუკეთესო მსაჯი ნიკოლა რიცოლი გახლავთ, რომლის მთავარი კონკურენტი პაოლო ტალიავენტო იყო... ამ უკანასკნელმა მთელი სეზონი მაღალ დონეზე იმსაჯა, მაგრამ ერთხელ მწარედ შეცდა, როდესაც "მილანი"-"იუვენტუსის" შეხვედრაში სალი მუნტარის 100%-იანი გოლი არ ჩათვალა. შესაბამისად, საუკეთესოს წოდება რიცოლის ერგო.
საუკეთესო გუნდი "იუვენტუსია", საუკეთესო მწვრთნელად კი ანტონიო კონტე აღიარეს – თუ რატომ, ახსნა არ სჭირდება - ტურინული გრანდი ჩემპიონი გახდა, კონტე კი სწორედ ჩემპიონ გუნდს წვრთნიდა. და რაც მთავარია, საუკეთესო ფეხბურთელის ჯილდო ანდრეა პირლოს გადაეცა. "იუვენტუსის" 33 წლის ნახევარმცველს საუცხოო სეზონი ჰქონდა, რომელმაც მისი გუნდის ტრიუმფში უდიდესი წვლილი შეიტანა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
ანდრეა პირლო იტალიის 2012 წლის საუკეთესო ფეხბურთელია