მაცარის უარი ახალ კონტრაქტზე

AutoSharing Option
იტალიურ სპორტულ პრესაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, არის შანსი, მომდევნო სეზონიდან "ნაპოლის" მთავარი მწვრთნელის თანამდებობაზე ედუარდო რეიამ იმუშაოს, რომელიც ბოლოს "ლაციოს" ედგა სათავეში. საქმე იმაშია, რომ აქტიურად ვრცელდება ცნობები ვალტერ მაცარის ნეაპოლიდან შესაძლო აბარგების შესახებ და თუ ეს მართლაც ასე მოხდა, აურელიო დე ლაურენტისს მისი შემცვლელის მოძებნა მოუწევს.

აღნიშნული ხმების გავრცელებას თავად მაცარიმ დაუდო სათავე, რომელმაც ნეაპოლელთა ახალ შეთავაზებაზე უარი განაცხადა და ხელშეკრულება არ გაახანგრძლივა. ჯერ მოვუსმინოთ ვალტერს და შემდეგ განვაგრძოთ თემა:

"კლუბმა ახალი კონტრაქტი შემომთავაზა, რაც ჩემთვის სასიამოვნო სიურპრიზი იყო,
მაგრამ ამ ეტაპზე ხელის მოწერისგან თავი შევიკავე. მირჩევნია, სეზონის ბოლოს მივიღო გადაწყვეტილება, როდესაც ბევრ კითხვაზე მექნება პასუხი. რა კითხვებზე? - პირველ რიგში იმაზე, იქნება თუ არა თვითონ "ნაპოლისთვის" კარგი ჩემი დარჩენა. დამიჯერეთ, გადაწყვეტილებას სწორედ ამ გადასახედიდან მივიღებ".

აი, ასეთი მოულოდნელი განცხადება გააკეთა ვალტერ მაცარიმ და მთელი საფეხბურთო იტალია აალაპარაკა. რაც შეეხება რეიას, მის ხელში "ლაციო" კარგად ასპარეზობდა და მუდმივად მაღალი ადგილებისთვის იბრძოდა.

მაცარის შესაძლო წასვლის და შესაბამისად, რეიას მისვლის შესახებ კომენტარი თვით "ნაპოლის" პრეზიდენტმა აურელიო დე ლაურენტისმა გააკეთა და უმჯობესია, თავად მას მოვუსმინოთ: "მაცარი შესანიშნავად მუშაობს და მასთან განშორების არავითარი სურვილი არ მაქვს. სწორედ ამიტომ შევთავაზეთ ახალი კონტრაქტი, რომელსაც ჯერ არ აწერს ხელს. თუმცა, ეს ბევრს არაფერს ნიშნავს და სადღაც მესმის კიდეც, რადგან შუა სეზონში მწვრთნელი სხვა საკითხებზე უნდა იყოს კონცენტრირებული.

ბევრი რამე იმაზეა დამოკიდებული, რომელ ადგილზე დაასრულებს ჩემპიონატს "ნაპოლი" - შესაბამისად, მის შემცვლელზე ჯერჯერობით არ ვფიქრობ და იმედია, უახლოეს მომავალში არც ვიფიქრებ. თუმცა, ეს მხოლოდ ჩემი გადასაწყვეტი არაა და თუ თავად ვალტერი წასვლას მოისურვებს, მაშინ სხვა მწვრთნელზე მართლაც მოგვიწევს დაფიქრება. ისე კი, ედუარდო რეიას მუშაობის სტილი ძალიან მომწონს და არ გამოვრიცხავ, რომ ოდესმე მას თანამშრომლობა შევთავაზო"
.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
"ნაპოლი": როლანდო - მთავარი ფული არაა
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული