სერია A. XXVI ტური: "ლაციო" სამეულში დაბრუნდა

AutoSharing Option
მილანური გრანდების ფრით "ლაციომ" კარგად ისარგებლა, სამი ქულა ჩაიწერა აქტივში და მესამე ადგილზე გადაინაცვლა. მცირე ვარდნის შემდეგ რომაული გუნდი ისევ მესამეა და ისევ ჩემპიონთა ლიგის ზონაშია. "ნაპოლი" "უდინეზეს" ესტუმრა, ფრეს გამორჩა და ლიდერთან ჩამორჩენა კიდევ უფრო გაზარდა, თუმცა მიუხედავად ამისა, ვალტერ მაცარიმ შედეგი დამაკმაყოფილებლად შეაფასა...

პირველ ტაიმში მოთავებული საქმე
"ლაციომ" "პესკარას" პირველივე ტაიმში მიართვა ორი გოლი და საქმეც მოამთავრა. 29-ე წუთი მიმდინარეობდა, როდესაც კრისტიან რადუმ უძლიერესად დაარტყა და ბურთი მაკარისაგან ახლო ცხრიანში ჩაჭედა... სულ რაღაც 5-6 წუთში სენად ლულიჩი გავიდა
დასარტყმელ პოზიციაზე, უძლიერესად გაისროლა და ბურთი ხარიხის გავლით ბადეში აღმოჩნდა.

ორბურთიანი უპირატესობის დამთმობი "ლაციო" არ იყო და არა იმდენად იმიტომ, რომ ვლადიმირ პეტკოვიჩის გუნდია უძლეველი, უბრალოდ "პესკარაა" აშკარად სუსტი. უკვე თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ "დელფინები" სერია A-სთვის მზად არ აღმოჩნდნენ და დიდი ალბათობით, დატოვებენ კიდეც ელიტარულ დივიზიონს. როგორც ჩანს, ლორენცო ინსინიეს და მარკო ვერატის წასვლამ საპორტო ქალაქის გუნდი ძალიან დაასუსტა.

"ლაციო" ისევ ერთი გამოკვეთილი ფორვარდით და ხუთი ნახევარმცველით უტევდა, თუმცა ეს ის შემთხვევა გახლდათ, როდესაც შუახაზელები დაცვაზე მეტად შეტევით ფაზაში აქტიურობდნენ. რომაელებს მეორე ნახევარშიც შეეძლოთ გატანა, მაგრამ რიგ ეპიზოდებში გამოცდილი მეკარე ივან პელიცოლი იყო მოწოდების სიმაღლეზე, რომელიც მატია პერინს ცვლიდა.

მოკლედ, "არწივებმა" დაჩაგრეს "დელფინები" და უმნიშვნელოვანესი ქულები ჩაიწერეს აქტივში.

ვლადიმირ პეტკოვიჩი (ლაციოს მთავარი მწვრთნელი): "მიხარია, რომ ისევ მესამე ადგილზე ვართ, რადგან ამას ვიმსახურებთ. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ სამ ფრონტზე წარმატებით ვასპარეზობთ, ეს კი ურთულესი საქმეა. მთელი თამაში ჩვენი უპირატესობით წარიმართა და სამ ქულასაც ვიმსახურებდით. მთავარი ბრძოლები წინაა და თუ სასურველი მიზნების მიღწევა გვსურს, კიდევ უნდა მოვუმატოთ".

ნულოვანი ფრე ფრიულიზე
"სტადიო ფრიულიზე" დაფიქსირებული ფრით ორივე გუნდი კმაყოფილი დარჩა და ეს მიუხედავად იმისა, რომ "ნაპოლიმ" "იუვენტუსთან" ჩამორჩენა ექვს ქულამდე გაზარდა.

მატჩის პირველი ტაიმი მასპინძელთა უპირატესობით წარიმართა, მეორეში კი სტუმრებმა მოუმატეს და ისინი იყვნენ ახლოს ანგარიშის გახსნასთან. მოკლედ, მთლიანობაში თანაბარი თამაში იყო და შესაბამისად, შედეგიც ლოგიკური დაფიქსირდა. მართალია, ვალტერ მაცარის მოგება უნდოდა და ეს მის მიერ განხორციელებულ ცვლილებებში გამოჩნდა, მაგრამ ნამატჩევს ნეაპოლელთა მწვრთნელი მაინც კმაყოფილი იყო...

ვალტერ მაცარი (ნაპოლის მთავარი მწვრთნელი): "მოსაგებად ყველაფერი გავაკეთეთ და შეგვეძლო კიდეც სამი ქულის მოპოვება, მაგრამ ფორტუნამ ზურგი გვაქცია. მიუხედავად ამისა, უკმაყოფილების საბაბი არ მაქვს, რადგან შეგირდებმა ყველა ჩემი დავალება პირნათლად შეასრულეს. არც შედეგია კატასტროფული, რადგან "სტადიო ფრიულიზე" თამაში ყველას უჭირს. ამიტომ მთლიანობაში კმაყოფილი ვარ და მომდევნო ტურის წინ არც ოპტიმიზმის ნაკლებობას ვუჩივი".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
მილანური დერბის გამოხმაურება: იყო თუ არა სამართლიანი მილანური ზავი
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული