სერია A. XXVII ტურის შეჯამება და სიმბოლური ნაკრები: გარჩევები კალჩოში

AutoSharing Option
სერია A-ს XXVII ტური საინტერესო მოვლენებით დახუნძლული და ემოციებით დატვირთული გამოდგა, რაზეც მიმოხილვაშიც ვისაუბრეთ.

კიდევ ერთხელ გადავავლოთ თვალი ყველაზე გამორჩეულ ფაქტებს; ამასთან, ტურის გმირი და სიმბოლური ნაკრები გამოვავლინოთ...

ტოტის 225-ე გოლი
ტურის უკანასკნელი შეხვედრა "სტადიო ოლიმპიკოზე" გაიმართა, სადაც "რომამ" "ჯენოას" უმასპინძლა და დამაჯერებლად გაიმარჯვა, 3:1. ერთი გოლი ახალგაზრდა ალესიო რომანიოლიმ გაიტანა, თითო კი ვეტერანებმა სიმონე პეროტამ და ფრანჩესკო ტოტიმ მიითვალეს აქტივში.

ტოტის გოლზე ცალკე უნდა გავამახვილოთ ყურადღება - ფრანჩესკომ 225-ე გოლი გაიტანა სერია A-ში და ამ მაჩვენებლით ლეგენდარულ შვედ ფორვარდს
გუნარ ნორდალს
გაუთანაბრდა. ეს მხოლოდ ლეგენდასთან გათანაბრება არ გეგონოთ, ტოტი სერია A-ს ყველა დროის ბომბარდირთა დავაში შვედთან მეორე-მესამე ადგილებს იყოფს და თქმა არ სჭირდება, რომ სულ მალე ნორდალს უკანაც ჩამოიტოვებს.

პირველ ადგილზე კიდევ ერთი ლეგენდარული თავდამსხმელი სილვიო პიოლაა, რომლის ანგარიშზეც 274 შედეგიანი დარტყმაა.

იყო მეორე ადგილზე ბომბარდირებს შორის და თანაც მსოფლიოს ერთ-ერთ უძლიერეს ლიგაში, ნამდვილად უდიდესი მიღწევაა.

ტოტის, პრაქტიკულად, ყველამ მიულოცა წარმატება, ვისაც იტალიურ ფეხბურთში სიტყვა ეთქმის, მათ შორის - რობერტო ბაჯომ და ალესანდრო დელ პიერომ.

"იუვენტუსის" ლეგენდამ სოციალურ ქსელში ჩესკოს მიმართვა გაუგზავნა: "ასე გააგრძელე, მეგობარო, შენ საუკეთესო ხარ".

კონტე VS მაცარი
ტურის ცენტრალური მატჩი ნეაპოლში გაიმართა, სადაც "ნაპოლი" და "იუვენტუსი" შეერკინნენ ერთმანეთს და საბოლოოდ ფრეს დასჯერდნენ.

მასმედიაში დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია იმან, რომ ანტონიო კონტე და ვალტერ მაცარი არც მიესალმნენ და შემდეგ არც დაემშვიდობნენ ერთმანეთს...

მაინც რა მოხდა ასეთი და რატომ მოიქცნენ ასე გუნდების მწვრთნელები? - ამ თემაზე კონტემ კომენტარის გაკეთება არ ისურვა, მაცარიმ კი შემდეგი განაცხადა:

"ვერ დავიჩემებ, რომ კონტესთან მეგობრული ურთიერთობა მაკავშირებს, მაგრამ არც დაპირისპირებას აქვს ადგილი. სტადიონზე არაორდინარული ატმოსფერო იყო, ყველა აღელვებული ვიყავით და ალბათ ამიტომ მოხდა, რომ კონტეს ვერ მივესალმე.

როგორც მითხრეს, ერთმანეთს ახლოს ჩავუარეთ და ხელი არ ჩამოვართვით, რაც პირადად მე არც კი მახსოვს. ხშირად ჟურნალისტები არაფრისგან ქმნით კონფლიქტს და ეს ამბავიც ამის ნათელი დადასტურებაა
".

სტრამაჩონი VS კასანო
შესაძლოა, ვალტერ მაცარისა და ანტონიო კონტეს შორის მართლაც არაა არანაირი დაპირისპირება, აი, ანდრეა სტრამაჩონი და ანტონიო კასანო კი ნამდვილად წაეკიდნენ ერთმანეთს. "ნერაძურის" გასახდელში ხელჩართული ჩხუბი გაიმართა, რის შემდეგაც კასანო "კატანიასთან" სამატჩო განაცხადიდან საერთოდ ამოვარდა.

ამ თემაზე სტრამაჩონიმაც გააკეთა კომენტარი და მასიმო მორატიმაც...

ანდრეა სტრამაჩონი (ინტერი):
"კონფლიქტი მოხდა და ამის უარყოფა სისულელეა, რის შემდეგაც ის განაცხადს მიღმა დავტოვე. თუმცა სიმართლეს არ შეესაბამება ცნობები იმის თაობაზე, თითქოს კასანო მთავარი გუნდიდან მოკვეთილი იყოს. ის ჩვეულებრივად არის დაბარებული ვარჯიშზე და იმედია, დროულად გამოცხადდება. ინციდენტის დეტალებზე ტყუილად მეკითხებით, რადგან ამ თემაზე საუბარი ამ მოკლე განმარტებით დავასრულე".

მასიმო მორატი (ინტერი):
"ანტონიო უდიდესი ტალანტია, რთული ხასიათით და ეს იქამდეც ვიცოდით, სანამ ჩვენთან გადმოვიდოდა. მე არ ვიყავი გასახდელში და შესაბამისად, არ ვიცი, რა მოხდა იქ. დაეკისრება თუ არა ჯარიმა ანტონიოს? - ამას მას შემდეგ გადავწყვეტ, როდესაც საქმის დეტალებს გავეცნობი. თუმცა, თუ შეკამათებული მხარეები მორიგდებიან და ერთმანეთს ხელს ჩამოართმევენ, ამ საქმეს აღარც მივუბრუნდები. დღეს გუნდს ერთიანობა სჭირდება და არა კონფლიქტები".

"ლაციო" VS რიცოლი
ტურის კიდევ ერთი გამორჩეული შეხვედრა "სან სიროზე" შედგა, სადაც "ლაციო" "მილანთან" დამარცხდა და მესამე ადგილი ლომბარდიელებს დაუთმო.

"მილანმა" სამი უპასუხო ბურთი გაუტანა მეტოქეს და ადვილად გაიმარჯვა, მაგრამ ისიც ფაქტია, რომ მასპინძელთა წარმატებაში თავისი წვლილი მატჩის მთავარმა არბიტრმა ნიკოლა რიცოლიმ შეიტანა. ჯერ კიდევ მე-16 წუთზე მსაჯმა რომაული გუნდი კაცნაკლული დატოვა, შემდეგ კი მასპინძლებს წესების დარღვევით გატანილი გოლი ჩაუთვალა.

ბუნებრივია, "ლაციოს" მესვეურებმა ეს ამბავი გააპროტესტეს - კლუბის სპორტული დირექტორი იგლი ტარე მსაჯებს დაუპირისპირდა:

"უკვე მერამდენედ ხდება, რომ მსაჯების შეცდომების გამო ვისჯებით. აქამდე მეტწილად პაოლო ტალიავენტოს და ლუკა ბანტის გვეშინოდა, ამიერიდან კი ნიკოლა რიცოლისაც ეჭვის თვალით უნდა შევხედოთ. ანტონიო კანდრევას ბევრ ყვითელ ბარათსაც არ მისცემდა, მან კი წითელი აუფრიალა, გოლზე ხომ საერთოდ აღარ მაქვს ლაპარაკი. ასე გაგრძელება აღარ შეიძლება, "ლეგა კალჩომ" რამე უნდა იღონოს".

დელფინები მწვრთნელის გარეშე
XXVII ტური ფატალური გამოდგა კრისტიანო ბერგოდისთვის, რომელიც გაათავისუფლეს "პესკარას" მთავარი მწვრთნელის პოსტიდან. ეს არცაა გასაკვირი, რადგან "დელფინებმა" მორიგი მატჩი წააგეს და სატურნირო ცხრილში ბოლო ადგილზე დაეშვნენ.

იტალიური სპორტული პრესის ცნობით, "პესკარას" ახალი მთავარი მწვრთნელი ამავე კლუბის პრიმავერას დამრიგებელი კრისტიან ბუკი იქნება. ეს უკანასკნელი წლებია, წარმატებით მუშაობს ახალგაზრდებთან და მისი დაწინაურებაც, პრაქტიკულად, გადაწყვეტილი ამბავია.

ციფრები და ფაქტები
* "ჯენოამ" პირველი მატჩი წააგო დავიდე ბალარდინის თავკაცობით. აქამდე გუნდს 2 მოგება და 3 ფრე ჰქონდა.
* "იუვენტუსს" ნეაპოლში 2000 წლის შემდეგ არ მოუგია.
* ჯორჯო კიელინიმ მესამე გოლი გაუტანა "ნაპოლის". ამდენი მას მხოლოდ "ლაციოს" კარში აქვს შეგდებული.
* "ლაციოს" "მილანთან" გასვლითი მატჩი 1989 წლის შემდეგ არ მოუგია.
* ჯამპაოლო პაცინიმ მე-9 გოლი გაუტანა "ლაციოს". ამდენივე მას მხოლოდ "ლეჩეს" კარში აქვს შეგდებული.
* "ინტერმა" ნოემბრის შემდეგ პირველად მოიგო გასვლითი მატჩი სერია A-ში. მაშინ მილანელებმა "იუვენტუსი" დაამარცხეს.
* "კატანიამ" პირველი მატჩი წააგო ბოლო 8 ტურში.
* მარსელო ლარონდომ პირველი გოლი გაიტანა სერია A-ში.
* "პესკარა" ერთადერთი გუნდი იყო სერია A-ს მიმდინარე გათამაშებაში, რომლის კარიც ანტონიო დი ნატალეს დალაშქრული არ ჰქონდა. ტოტომ გაუტანა "დელფინებს", 6-მატჩიანი მშრალი სერია შეწყვიტა და 150-ე საიუბილეო გოლი შეაგდო იტალიის ელიტარულ ლიგაში.
* "პარმას" 8 თამაშია, არ მოუგია.
* "სამპდორიამ" მხოლოდ 1 გოლი გაუშვა ბოლო 6 მატჩში.
* მაურო იკარდის 2013 წელს 8 გოლი აქვს გატანილი და ტოპ-4 ჩემპიონატის მასშტაბით, მხოლოდ ლიონელ მესისა (13) და კრიშტიანო რონალდოს (10) ჩამორჩება.

ტურის სიმბოლური ნაკრები "ლელოს" ვერსიით

Sportall.Ge


ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
სერია A. XXVII ტური: ემოციები მოედნებზე და მოედნებს მიღმა [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული