ვალტერ მაცარი: უნდა მოგვეგო

AutoSharing Option
სერია A-ს XXXII ტურის ერთ-ერთი ცენტრალური მატჩი "სან სიროზე" გაიმართა, სადაც "მილანმა" "ნაპოლის" ქულები გაუყო. ეს იყო ფრე სტუმართა სასარგებლოდ, რადგან ნეაპოლელებმა უშუალო კონკურენტთან 4-ქულიანი სხვაობა შეინარჩუნეს. მოკლედ, ვალტერ მაცარის გუნდი მეორე ადგილზე კვლავაც კომფორტულად არის მოკალათებული, ჩემპიონატის დასრულებამდე კი მხოლოდ ექვსი ტურია დარჩენილი. ყველაფერ ამის ფონზე მაცარის მატჩისშემდგომი კომენტარი მეტად მოულოდნელი გახლდათ:

"შეგირდების მიმართ კარგის მეტი არაფერი მეთქმის, მაგრამ თამაშის სცენარიდან გამომდინარე, შედეგით უკმაყოფილო ვარ. მატჩის დიდი ნაწილი შეტევაში გავლიეთ, მომენტებიც უხვად შევქმენით და უნდა მოგვეგო კიდეც. ძალიან დასანანი
ქულები დავკარგეთ და ეს უკმაყოფილებაც აქედან მოდის. ჩემპიონთა ლიგის საგზური ჯერ არ მოგვიპოვებია და ბრძოლა უნდა გავაგრძელოთ".

მოულოდნელი განცხადება გააკეთა მასიმილიანო ალეგრიმაც... "მილანის" მთავარმა მწვრთნელმა თავისი უცნაური გადაწყვეტილება სტეფან ელ შაარავის თადარიგში დატოვების შესახებ ასე ახსნა:

"რობინიო ვარჯიშებზე შესანიშნავად ირჯებოდა და ჩავთვალე, რომ სასტარტო შემადგენლობაში ასპარეზობას იმსახურებდა. ვგონებ, ამაში გასაკვირი არაფერია, რადგან ბრაზილიელი გამოცდილი მოთამაშე და დიდი ჩემპიონია. თანაც, სტეფან ელ შაარავიმ ცოტა მოუკლო და მას დასვენება სჭირდებოდა. ვფიქრობ, სტეფანს ფსიქოლოგიური პრობლემები შეექმნა, რადგან უცებ უდიდეს წნეხში მოექცა. დარწმუნებული ვარ, მალე დაძლევს პრობლემებს და ძველებურად ათამაშდება".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული