იტალიელ სპორტულ ჟურნალისტებს არაფერი ავიწყდებათ და არც ის დაავიწყდათ, რომ "ფიორენტინას" ექიმები
ჯუზეპე როსის დაბრუნებას აპრილის შუა რიცხვებში გვპირდებოდნენ. აპრილის შუა რიცხვები დადგა, 26 წლის თავდამსხმელის დაბრუნების შესახებ კი აქამდე არაფერი ისმოდა. "გაძეტა დელო სპორტის" ჟურნალისტი "ვიოლას" მთავარ ექიმს გაესაუბრა და მისგან შემდეგი მოისმინა:
"ჯუზეპემ უმძიმესი ტრავმა გადაიტანა და მისი ჯანმრთელობით გარისკვა აღარ გვინდა. ცოტა რომ დაგვეჩქარებინა პროცესები და მკურნალობის ხელოვნური მეთოდები გამოგვეყენებინა, როსის შესაძლოა, მომდევნო ტურშივე ეთამაშა, მაგრამ ამას მოვერიდეთ. სამაგიეროდ, როდესაც დაბრუნდება, 100%-ით ჯანმრთელი იქნება და მშვიდად ითამაშებს. როდის? - თარიღი უკვე ცნობილია და შემიძლია გითხრათ კიდეც... ჯუზეპე როსის მოედანზე გასვლის საშუალება 36-ე ტურში, მაისის შუა რიცხვებში ექნება, დანარჩენი კი უკვე მთავარ მწვრთნელზეა დამოკიდებული".
აქვე ვთქვათ, რომ 36-ე ტურში "ფიორენტინა" "სიენას" ესტუმრება. ასე რომ, დიდია შანსი, როსი ფეხბურთს ტოსკანურ დერბიში დაუბრუნდეს.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"