"მილანი": ახალი კონტრაქტები კრისტიან აბიატის და მასიმო ამბროზინის

AutoSharing Option
"გაძეტა დელო სპორტში" საინტერესო ინფორმაცია გავრცელდა "მილანის" საზაფხულო გეგმებთან დაკავშირებით. საქმე ეხება არა სავარაუდო ტრანსფერებს, არამედ ფეხბურთელთა დარჩენა-არდარჩენის საკითხს. ავტორიტეტული გამოცემის მტკიცებით, უკვე გაცხადდა სამი მოთამაშის გვარი, რომლებიც "როსონერის" აუცილებლად დატოვებენ...

ვინ წავა?
"გაძეტა" დარწმუნებით იუწყება, რომ ზაფხულში "მილანს" აუცილებლად დატოვებენ 31 წლის დანიელე ბონერა, 37 წლის მარიო იეპესი და 29 წლის მატია ფლამინი.

სამივეს ხელშეკრულებას ვადა ეწურება, მათ გახანგრძლივებას კი "როსონერის" მესვეურები არ აპირებენ. თუ დანიელე ბონერას და მარიო იეპესის შემთხვევაში ეს სრულიად გასაგებია, მატია ფლამინის ამბავმა ბევრი გააკვირვა.
მართალია, ფრანგი დიდად ვერასდროს ბრწყინავდა "როსონერიში", მაგრამ ბოლო დროს უკეთ ათამაშდა და გოლების გატანაც დაიწყო.

"გაძეტა" იმასაც გვაუწყებს, რომ დიდი ალბათობით, იეპესი "კიევოში" დაბრუნდება, ბონერა "პარმაში", სადაც კარიერის ადრეულ წლებში ასპარეზობდა, ხოლო ფლამინის ინგლისისკენ უჭირავს თვალი, სადაც თურმე პრემიერლიგის ორი კლუბი ეპატიჟება სატურნირო ცხრილის ქვედა ნაწილიდან: "ასტონ ვილა" და "სტოკ სიტი".

წამსვლელთა შორის მოიაზრებიან მეკარე მარკო ამელია, მცველები: ლუკა ანტონინი, კრისტიან ძაკარდო, ნახევარმცველები: ბაკაი ტრაორე, ნაიჯელ დე იონგი, თავდამსხმელები: რობიონიო და ბოიან კრკიჩი. აქვე აღვნიშნოთ, რომ ჩამოთვლილი მოთამაშეების ბედი ჯერ კიდევ გასარკვევია და გადაჭრით მათზე ვერაფერს ვიტყვით.

ვინ რჩება?
სტეფან ელ შაარავის და მარიო ბალოტელის გაშვებას რომ არავინ აპირებს, ეს ყველამ კარგად ვიცით. ამიტომ ყურადღებას იმ მოთამაშეებზე გავამახვილებთ, რომლებსაც კონტრაქტის ვადა ეწურებათ და კლუბის მესვეურები მათთან თანამშრომლობის გაგრძელებას აპირებენ.

გადაწყვეტილი ამბავია, რომ მომდევნო სეზონშიც "მილანის" კარს კრისტიან აბიატი დაიცავს. 35 წლის კიპერს მცირე ჩავარდნები ახასიათებს და პერიოდულად დუბლიორს, ამ შემთხვევაში კი, მარკო ამელიას უთმობს ადგილს, მაგრამ მთლიანობაში, მაინც უმაღლესის კლასის კიპერად რჩება. ამიტომ, გასაკვირი არ არის, რომ ლომბარდიელებმა მასთან ხელშეკრულების გახანგრძლივება გადაწყვიტეს.

კიდევ ერთი მოთამაშე, რომლის შენარჩუნებაც მილანელებს სწადიათ, მასიმო ამბროზინია. 35 წლის კაპიტანმა ჯერ კიდევ ზამთარში განაცხადა, რომ ეს მისი ბოლო სეზონი იქნებოდა, თუმცა, როგორც ჩანს, ლომბარდიელები მის გადარწმუნებას შეეცდებიან. მასიმოს კიდევ ერთწლიან კონტრაქტს შესთავაზებენ და დანარჩენი უკვე მასზეა დამოკიდებული.

კონტრაქტის ვადა კიდევ ორ ფეხბურთელს ეწურება: ფილიპ მექსეს და ანტონიო ნოჩერინოს... დიდი ალბათობით, მომდევნო სეზონში ორივე "მილანის" შემადგენლობაში იქნება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
"მილანის" ახალგაზრდული დილემა: პიერ ობამეიანგი თუ მბაიე ნიანგი?
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული