"ნერაძური" ახალი სეზონისთვის მზადებას სხვებზე ადრე შეუდგა და ეს არც არის გასაკვირი; ვალტერ მაცარის ზღვა სამუშაო აქვს, რათა ახალი "ინტერის" კონტურები დაინახოს და მაღალი მიზნებისთვის მებრძოლი გუნდი შექმნას.
"ტრენტინოსთან" ამხანაგური მატჩის წინ ყველაზე საინტერესო "ნერაძურის" ტაქტიკური მონახაზი გახლდათ, რადგან ჟურნალისტები უკვე დიდი ხანია
"ტრენტინოსთან" "ინტერმა" 3-4-1-2 ტაქტიკით ითამაშა, იმ სქემით, რომელსაც მაცარი "ნაპოლიში" ყველაზე ხშირად იყენებდა. ედინსონ კავანის და გორან პანდევის ადგილზე როდრიგო პალასიო და მაურო იკარდი ვიხილეთ, მარეკ ჰამშიკის პოზიცია კი პირველ ტაიმში ფრედი გუარინს ეჭირა, მეორეში რიკი ალვარესს. თუმცა, ცვლილებები ფორვარდებსაც შეეხოთ და ამ ყველაფერზე ქვემოთ...
პირველი ტაიმი უგოლო ყაიმით დასრულდა, რასაც "ინტერის" აქტივში ნამდვილად ვერ ჩავწერთ. მეორეში მილანელები გააქტიურდნენ და გოლებიც შეყარეს. პირველი გოლი გამოცდილმა რიდრიგო პალასიომ შეაგდო, მეორე ახალგაზრდა ალესანდრო კაპელომ, მესამე კი რიკი ალვარესმა. სამივემ კარგი შეხვედრა ჩაატარა.
განსაკუთრებით კი ეს ალვარესზე ითქმის. ინერტული გუარინი მშვენივრად შეცვალა და ცეცხლი დაანთო მეტოქის ნახევარზე. სუსტად გაისარჯა მაურო იკარდი, კიდევ უფრო სუსტად კი ისაკ ბელფოდილმა ითამაშა... ახალგაზრდა ფრანგი მეორე ნახევარში გამოჩნდა მინდორზე და ორი თერთმეტმეტრიანის გაცუდება მოახერხა - ერთხელ მეკარემ ივაჟკაცა, მეორეჯერ ძელს გაარტყა ბურთი.
მთლიანობაში, "ინტერმა" მძიმე შთაბეჭდილება დატოვა და კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ ვალტერ მაცარი რთულ მისიას შეეჭიდა. ამის შესახებ ნამატჩევს თავად მწვრთნელმაც ისაუბრა და განაცხადა, რომ მისი გუნდი ჯერ გუნდიც არაა.
ინტერი-ტრენტინო 3:0
გოლები: 1:0 პალასიო (58), 2:0 კაპელო (69), 3:0 ალვარესი (74).
ინტერი (3-4-1-2): ჰანდანოვიჩი (46. კასრისო) - ანდრეოლი (46. კამპანიარო), რანოკია (46. სამუელი), ჟუან ჟესუსი (46. კივუ) - ჯონათანი (46. მბაიე), კამბიასო (63. ოლსენი), კუზმანოვიჩი (65. მირა), ნაგატომო (46. ობი) - გუარინი (46. ალვარესი) - პალასიო (65. კაპელო), იკარდი (46. ბელფოდილი).
ყველაზე დიდი ინტერესი "იუვენტუსის" მატჩმა გამოიწვია, რომლის შემადგენლობაში არაერთ ფეხბურთელს ჰქონდა დებიუტი. დაცვის ცენტრში ანჯელო ოგბონა გამოჩნდა, შეტევის წინა ხაზზე კი კარლოს ტევესი და ფერნანდო ლორენტე გაისარჯნენ. ფორვარდთა ახალმა ტანდემმა პრესის განსაკუთრებული ყურადღება მიიპყრო. ვთქვათ ისიც, რომ ჯერჯერობით "იუვენტუსი" იმ ფეხბურთელების გარეშე ემზადება, რომლებმაც იტალიის ეროვნულ ნაკრებთან ერთად კონფედერაციათა თასზე ითამაშეს.
"იუვემ" მეტოქეს შვიდი უპასუხო გოლი მიართვა, რომელთა აღწერასაც, თქვენი ნებართვით, აღარ მოვყვებით. აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ, რომ პირველი ტურინული გოლი გაიტანა კარლოს ტევესმა და ისედაც აქტიური იყო. უფრო სუსტად გამოიყურებოდა ფერნანდო ლორენტე, რომელმაც ორი-სამი კარგი მომენტი გაატანა ქარს.
ანტონიო კონტე ტაქტიკას არ ცვლის, ისევ 3-5-2-ს იყენებს, დანარჩენზე კი თვითონ მწვრთნელი იტყვის:
"ახალწვეულებით კმაყოფილი ვარ, რადგან განსაკუთრებული მონდომებით თამაშობდნენ. სწორედ ასეთი შემართებით შეძლებენ ძირითად შემადგენლობაში დამკვიდრებას. ახალი სეზონისთვის მზადება გეგმის მიხედვით მიმდინარეობს და შემდეგი მატჩები უფრო ძლიერ გუნდებთან გვექნება. დღეს უფრო ძლიერები ვართ, ვიდრე გასულ სეზონში და ამას მალე დაინახავთ".
იუვენტუსი-ვალე დაოსტა 7:0
გოლები: 1:0 მოტა (31), 2:0 ტევესი (45), 3:0 მატრი (50), 4:0 ვუჩინიჩი (71), 5:0 ვუჩინიჩი (75), 6:0 მატიელო (89), 7:0 მატრი (90).
იუვენტუსი (3-5-2): სტორარი (46. რობინო) - მოტა (63. ისლა), ოგბონა (46. პენა - 77. უნტერზე), პოლ გარსია (46. მაგნუსონი) - ლიხტშტაინერი (46. პადოინი), ვიდალი (46. საკორი - 77. ემანუელო), როსი (46. ბუხელი - 83. მატიელო), ასამოა (46. ვუჩინიჩი), დე ჩელიე (46. პელუზო) - ლორენტე (46. კვალიარელა), ტევესი (46. მატრი).
გასულმა სეზონმა ყველაზე მეტად მაინც "რომა" გააბრაზა - თასის ფინალის წაგება და თანაც, "ლაციოსთან", იოლი გადასატანი არაა და "მგლები" რევანშისტულად არიან განწყობილნი. იტალიაში ვენდეტა სახუმარო ამბავი არაა და რომაელებიც განსაკუთრებული მოტივაციით ემზადებიან. "ჯალოროსიმ" პირველი სპარინგი "რისკონესთან" გამართა და მეტოქეს ცხრა გოლი "მიართვა". რუდი გარსიამ უამრავი ფეხბურთელი გამოსცადა და ანგარიშიდანაც ჩანს, რომ თავი არავის შეურცხვენია.
თუ იტალიელ ჟურნალისტებს დავუჯერებთ, განსაკუთრებით კარგად მაინც ალესანდრო ფლორენცი წარმოჩინდა, რომელმაც დუბლი მიითვალა აქტივში და არც საგოლე გადაცემები დააკლო. ითამაშეს ფრანჩესკო ტოტიმ, ერიკ ლამელამ, პაბლო ოსვალდომ და სხვა წამყვანმა ფეხბურთელებმა, რომელთა უმეტესობამ თავი გოლით, ან სულაც გოლებით გამოიჩინა.
ასეთი მატჩის გაანალიზება და დასკვნების გამოტანა ფუჭი საქმეა, მაგრამ რომაელებმა რომ საწვრთნელი ციკლის სტარტზევე ხასიათი გამოიკეთეს, ეს ფაქტია. მოვუსმინოთ რუდი გარსიას:
"ჯერ დაკვირვების პროცესში ვარ, რადგან მსურს თითოეული ფეხბურთელის შესაძლებლობა მაქსიმალურად შევისწავლო. ვფიქრობ, ბოლო წლებში "რომას" უმთავრესი პრობლემა რესურსების არასწორად გამოყენება იყო. რაც შეეხება განვლილ შეხვედრას, კარგად ვიმხიარულეთ და სასარგებლო ინფორმაციაც მივიღეთ. ამაზე მეტს ამხანაგური მატჩიდან არ უნდა ელოდო".
რომა-რისკონე 9:1
გოლები: 1:0 ფლორენცი (2), 2:0 ბორიელო (6), 3:0 ტოტი (23), 4:0 ფლორენცი (31), 4:1 (36), 5:1 პიანიჩი (39), 6:1 ლამელა (40), 7:1 ოსვალდო (52), 8:1 ოსვალდო (74), 9:1 ფრედიანი (85).
რომა (4-3-3): ლობონტი (46. ჟულიო სერჟიო) - ტოროსიდისი (46. დოდო), კასტანი (46. რაიმონდი), ბურდისო (46. ედვაი), ბალცარეტი (46. კრეშენცი) - პიანიჩი (46. ვერე - 82. ფრედიანი), ბრედლი (46. ტადეი), ფლორენცი (46. მარკინიო) - ლამელა (46. კაპრარი - 82. რიჩი), ბორიელო (46. ოსვალდო), ტოტი (46. ტალო).
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
კარლოს ტევესი: შესაძლოა, არგენტინის ნაკრების მწვრთნელს ეშინია ჩემი?
და მეორე: თუ სინიორ, მერე გვარი უნდა იყოს და არა სახელი. ქართული კი არა, "ბატონი ვალტერი" რო თქვა.