როდესაც თემა საფეხბურთო ოჯახებს ეხება, შეუძლებელია მალდინების გვარი არ გაგვახსენდეს, რომლებმაც წარუშლელი კვალი დატოვეს იტალიური და მსოფლიო ფეხბურთის ისტორიაში.
"რაი სპორტმა" მალდინებს ცალკე გადაცემა მიუძღვნა, სადაც ჩეზარეც და პაოლოც იღებდნენ მონაწილეობას. სანამ სიტყვას მალდინებს გადავცემდეთ, მათ სტატისტიკას გავეცნოთ...
ჩეზარე მალდინი (81 წლის)
დაბადების ადგილი: ტრიესტე, იტალია
ამპლუა: მცველი
საფეხბურთო კარიერა
1954-1966 მილანი (347 მატჩი, 3 გოლი)
1966-1967 ტირინო (33 მატჩი, 0 გოლი)
1962-1968 იტალიის ნაკრები (25 მატჩი, 1 გოლი)
სამწვრთნელო კარიერა
1973-1974 მილანი
1974-1976 ფოჯა
1976-1977 ტერნანა
1978-1980 პარმა
1986-1996 იტალიის ახალგაზრდული ნაკრები
1996-1998 იტალიის ეროვნული ნაკრები
2001 მილანი
2001-2002 პარაგვაის ეროვნული ნაკრები
ტიტულები
სერია A-ს 4 გზის განმარჯვებული (1954-55, 1956-57, 1958-59, 1961-62)
ჩემპიონთა თასის მფლობელი (1962-63)
პაოლო მალდინი (45 წლის)
დაბადების ადგილი: მილანი, იტალია
ამპლუა: მცველი
საფეხბურთო კარიერა
1985-2009 მილანი (647 მატჩი, 29 გოლი)
1988-2002 იტალიის ნაკრები (126 მატჩი, 7 გოლი)
ტიტულები
სერია A-ს 7 გზის გამარჯვებული (1987-88, 1991-92, 1992-93, 1993-94, 1995-96, 1998-99, 2003-2004)
იტალიის თასის მფლობელი (2002-2003)
იტალიის სუპერთასის 5-გზის გამარჯვებული (1988, 1992, 1993, 1994, 2004)
ჩემპიონთა ლიგის 5-გზის გამარჯვებული (1988-89, 1989-90, 1993-94, 2002-03, 2006-07)
ევროპის სუპერთასის 5-გზის გამარჯვებული (1989, 1990, 1994, 2003, 2007)
საკონტინენტთაშორისო თასის (საკლუბო მუნდიალი) 3-გზის გამარჯვებული (1989, 1990, 2007)
საუკეთესო პერიოდი
ჩეზარე მალდინი:
განვლილი ცხოვრებით ძალიან კმაყოფილი ვარ და ღმერთს ვემადლიერები, რომ ყველაფერი მოხდა ისე, როგორც მოხდა. თუმცა, იყო პერიოდები, რომლებიც განსაკუთრებული სითბოთი შემიძლია გავიხსენო.
1982 წლის მუნდიალზე, იტალიის ნაკრების სამწვრთნელო შტაბში ვმუშაობდი და ისეთ დიდ ადამიანთან მიწევდა ურთიერთობა, როგორიც ენცო ბეარძოტი იყო. ეს იყო საოცარი პერიოდი, რომელმაც ჩემზე წარუშლელი კვალი დატოვა.
ასევე, არ შემიძლია არ გავიხსენო იტალიის ახალგაზრდული ნაკრების სათავეში ყოფნის წლები. ახალგაზრდებთან მუშაობა იმაზე უფრო საინტერესო გამოდგა, ვიდრე თავიდან წარმომედგინა და შედეგად, ჩვენ დიდ წარმატებებს მივაღწიეთ. სამჯერ გახდე ევროპის ჩემპიონი, სახუმარო ამბავი ნამდვილად არ არის და ამ წარმატებას ჩვენ ერთად მივაღწიეთ.
ბუნებრივია, საუკეთესო დროება მქონდა "მილანის" იმ ოქროს გუნდში, რომელმაც ყველაფერი მოიგო, რისი მოგებაც შეიძლებოდა. 1954 წლიდან 1963 წლამდე ჩვენ, უბრალოდ, შეუჩერებელნი ვიყავით.
პაოლო მალდინი:
სამი მწვრთნელი უნდა გამოვარჩიო, რომელთა მოღვაწეობის პერიოდში "მილანს" საუკეთესო დროება ედგა. პირველი არიგო საკი გახლავთ, მეორე ფაბიო კაპელო და მესამე კარლო ანჩელოტი.
ამ უკანასკნელთან განსაკუთრებულად მეგობრული ურთიერთობა მქონდა და მის ვარჯიშებზე მისვლაც კი სხვანაირად სასიამოვნო იყო.
"მილანში" 1978 წელს მივედი და მას შემდეგ ამ დიდი ოჯახის წევრი ვარ - მთლიანად ეს პერიოდი საუკეთესოდ შემიძლია ვაღიარო. განგებას მადლობას ვწირავ, რომ ამ გზით წამიყვანა და იმ ხალხთან დამაკავშირა, რომლებმაც ჩემს წარმატებაში ლომის წილი შეიტანეს.
საუკეთესო თანაგუნდელი
ჩეზარე მალდინი:
ჯოვანი ტრაპატონი, რომელთან ერთადაც ხსენებულ ოქროს გუნდში ვთამაშობდი. როდესაც 1963 წელს ჩემპიონთა თასი მოვიგეთ, ცნობილმა კომენტატორმა ნიკოლო კაროზიომ ამ დიდი წარმატების მთავარ შემოქმედად მე და ტრაპატონი დაგვასახელა.
მაშინ ჩემი ავტორიტეტი ერთი-ორად გაიზარდა, რადგან კაროზიოს სიტყვას სულ სხვა ფასი და წონა ჰქონდა. ჩემი რა გითხრათ და ტრაპატონიმ მართლაც ფენომენალური სეზონი ჩაატარა, ფინალში კი, უბრალოდ, შეუდარებელი იყო.
ჩემს დროს პელე ბრწყინავდა და ჯოვანი იყო ის ერთადერთი ფეხბურთელი, რომელმაც ლეგენდარული ბრაზილიელი გაანეიტრალა - ერთხელ "მილანი"-"სანტოსის", ხოლო მეორედ იტალია-ბრაზილიის პაექრობებში.
სამწუხაროა, რომ იმდროინდელ მატჩებზე მწირი ვიდეო-მასალაა შემონახული.
პაოლო მალდინი:
მცველი ვიყავი და ჩემი ამპლუის ფეხბურთელს დავასახელებ, თანაც ორს: ალესანდრო კოსტაკურტას და ფრანკო ბარეზის. ეს უკანასკნელი ყოველთვის მისაბაძი მაგალითი იყო ჩემთვის, რადგან ფაქტობრივად არასდროს ცდებოდა.
ერთი შეხედვით, განსაკუთრებული უნარები არ ჰქონდა - არც თავით თამაშობდა სხვებზე უკეთ, არც სისწრაფით გამოირჩეოდა და ვერც ხუთმეტრიან ვარდნებს აკეთებდა, მაგრამ ფაქტია, რომ შეუვალი კედელივით იყო.
და რაც მთავარია, ფრანკო დირიჟორობდა მთელი დაცვის და მეტიც, მთელი გუნდის თამაშს - მისი ერთი ასვლა და მეტოქე ფორვარდი თამაშგარეში იყო ჩატოვებული; ბარეზი უდავოდ საუკეთესო მცველი გახლდათ, ვისთანაც ოდესმე მითამაშია.
რაც შეეხება ბილი კოსტაკურტას, რაღაცით ის სწორედ ბარეზის წააგავდა, რადგან მისი მთავარი პლუსი ტვინი, გონიერება გახლდათ. ალესანდრო ყოველთვის სწორად არჩევდა პოზიციას და ამის ხარჯზე, დიდი ფეხბურთი თითქმის 40 წლამდე ითამაშა.
ვფიქრობ, ბარეზის და კოსტაკურტას დონის მცველები იშვიათად იბადებიან, ბედმა კი ისე ინება, რომ ჩემთან ერთად, ერთ გუნდში თამაშობდნენ.
წარმატების საიდუმლო
ჩეზარე მალდინი:
ენცო ბეარძოტი ყველა თამაშის წინ უმეორებდა ნაკრების ფეხბურთელებს: ჩვენ ვართ იტალიელები, ანუ ერთი ოჯახი... ეს სიტყვები სისხლში მქონდა გამჯდარი და ჩემი მხრივ, ყოველი თამაშის წინ ვუმეოირებდი ახალგაზრდული თუ ეროვნული ნაკრების ფეხბურთელებს.
ვფიქრობ, წარმატების მთავარი ფორმულა ერთსულოვნებაშია და ამით ახალს არაფერს ვამბობ. თუნდაც "მილანში", ყოველთვის იყვნენ ექსტრა-კლასის ფეხბურთელები, მაგრამ წარმატებას გუნდი მხოლოდ მაშინ აღწევდა, როდესაც ერთ მუშტად იყო შეკრული.
ახალგაზრდა ფეხბურთელებთან ხშირად მიწევს შეხება და მათ მუდამ ერთ რამეს ვეუბნები: ჯერ გუნდური ინტერესები და შემდეგ, საკუთარი...
ჩემი შვილიშვილები "მილანის" იუნიორთა გუნდის წევრები არიან, უფროსი კი ფილიპო ინძაგის თავკაცობით ვარჯიშობს - პიპოს ხშირად ვუზიარებ ჩემს გამოცდილებას, რათა ახალი თაობის აღზრდაში ჩემი წვილილი შევიტანო.
პაოლო მალდინი:
პროფესიონალიზმი - ამის გარეშე წარმატების მიღწევა, უბრალოდ, წარმოუდგენელია. შესაძლოა, ნიჭის ხარჯზე რაღაცას მიაღწიო, მაგრამ თუ საქმეს აკლებ, საკუთარი შესაძლებლობების ნახევარსაც ვერ გამოავლენ.
დაკარგული ფეხბურთელების ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს, მაგრამ სწორედ არაპროფესიონალიზმის გამო, ბევრი ნიჭიერი ფეხბურთელი ვერ გაიხსნა.
ჯერ კიდევ "მილანის" იუნიორთა გუნდში, ჩემზე უკეთ არაერთი ფეხბურთელი ირჯებოდა, მაგრამ მათ ვერაფერს მიაღწიეს. მაშინ, როდესაც მე ვარჯიშების შემდეგ 2 და 3 საათი ვრჩებოდი ბაზაზე, სხვები ათას მიზეზს იგონებდნენ წვრთნის გასაცდენად.
ახალგაზრდებს ყოველთვის ვეუბნები, რომ მთავარი სწორედ შრომისმოყვარეობაა. შემიძლია თამამად ვთქვა, რომ კოლოსალური შრომის გარეშე, ჩემი ნიჭი, უბრალოდ, დაიკარგებოდა.
ფეხბურთი გუშინ, დღეს და ხვალ
ჩეზარე მალდინი:
ჩემს დროს, ფეხბურთი უბრალოდ თამაში იყო, დღეს კი უდიდესი ინდუსტრიაა, სადაც კოლოსალური ფინანსები ტრიალებს. ამ ყველაფერმა სპორტის უპირველეს სახეობას თავისი დაღი დაასვა, მაგრამ ვერ ვიტყვი, რომ დღეს ფეხბურთი ნაკლებად საინტერესოა, ვიდრე უწინ - შესაძლოა პირიქითაც იყოს.
ჩვენს დროს, თამაშის ტემპი გაცილებით დაბალი იყო და ეს მიუხედავად იმისა, რომ ნაკლები მატჩი გვქონდა და ფიზიკურადაც არ ვიყავით ურიგოდ მომზადებულნი. დღეს ფეხბურთელები საოცრებებს აკეთებენ, რადგან ერთ თამაშში 10 და 12 კილომეტრის გარბენა მართლაც გმირობის ტოლფასია.
მიუხედავად ბევრი საფრთხისა, ფეხბურთი სწორად ვითარდება და ვფიქრობ, მომავალში კიდევ უფრო საინტერესო იქნება. ყველაფერს მივცემდი, რომ დღეს კარიერის პირველ ნაბიჯებს ვდგამდე.
პაოლო მალდინი:
ფეხბურთელები სულ უფრო და უფრო ემსგავსებიან გლადიატორებს, რომლებსაც ბევრი არაფერი ეკითხებათ და მათი მიზანი შოუს დადგმაა. ვფიქრობ, თანამედროვე ფეხბურთის მთავარი პრობლემა გადატვირთული კალენდარია და ამის ნიადაგზე, ტრაგედიებიც კი მომხდარა.
გუნდმა უფრო ნაკლები მატჩი უნდა ჩაატაროს სეზონში და ამით, თამაშის ხარისხიც ერთი-ორად აიწევს. ვფიქრობ, ფეხბურთი სწორი მიმართულებით განვითარდება იმ შემთხვევაში, თუ უფრო მეტი ყურადღება დაეთმობა მოთამაშის ინტერესებს;
არ არის აუცილებელი, ფეხბურთელმა სეზონში 10 და 12 მილიონი ევრო აიღოს - თუ საჭიროა, უნდა დაიწიოს ხელფასებმა, გარკვეული ლიმიტები დაწესდეს, მაგრამ კალენდარი ყველა შემთხვევაში უნდა გადაიხედოს.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"