მარჩელო ლიპი: ფეხბურთი ჩემი ცხოვრებაა, მაგრამ დროა, რაღაც შევცვალო

AutoSharing Option
ცნობილმა იტალიელმა სპეციალისტმა მარჩელო ლიპიმ სამწვრთნელო კარიერის დასრულების სურვილი გააცხადა.

მისი თქმით, საქმიანობას "გუანჩჟოუ ევერგრანდში" კონტრაქტის დასრულებისთანავე შეწყვეტს, რომელთან ერთადაც
65 წლის სპეციალისტმა უკვე ორჯერ მოიგო ჩინეთის ჩემპიონატი (2012, 2013 წლები), ქვეყნის თასი (2012) და აზიის ჩემპიონთა ლიგა (2013).

"ჩემი კონტრაქტი მოქმედი კიდევ ერთი სეზონის განმავლობაშია და უკიდურესად მოტივირებული ვარ, თუმცა ამ ვადის გასვლის შემდეგ მწვრთნელობას თავს დავანებებ. ფეხბურთი ჩემი ცხოვრებაა, მაგრამ დროა, რაღაც შევცვალო. ფეხბურთში დავრჩები, ოღონდ მენეჯერის ან სხვა თანამდებობაზე.", - აქვეყნებს ლიპის ნათქვამს La Repubblica.

ლიპიმ მსოფლიოს
2014 წლის ჩემპიოანის მოლოდინზეც ისაუბრა, "ოქროს ბურთი" კი კრიშტიანო რონალდოს "მიაკუთვნა".

"ბრაზილიაში ფავორიტები ტურნირის მასპინძლები იქნებიან, თუმცა იგივე ითქმის ესპანეთის, არგენტინის, ჰოლანდიისა და იტალიის ნაკრებებზეც. გამარჯვებულის ბედს ამინდი არ გადაწყვეტს. ჩემპიონატებს ოსტატობა, ფიზიკური და მენტალური კონდიციები და ასევე, ცოტაოდენი იღბალი იგებს.

ბერლინი-2006 თუ იოჰანესბურგი-2010? მე ჩემი კაიერის ყველა მნიშვნელოვანი ეპიზოდი მახსოვს: კარგიც, ცუდიც. თუმცა მგონია, რომ კარგი მეტი იყო.

"ოქროს ბურთი"? წელლს რონალდოს დარი არავინ იყო. ამდენი გოლი ამ რაოდენობის მატჩში - ეს დაუჯერებელია. დიახ, რიბერიმ ყველაფერი მოიგო, მაგრამ რონალდო კონკურენციის გარეშეა", - თქვა მსოფლიოს ჩემპიონი იტალიის ნაკრების ყოფილმა დამრიგებელმა.

შეგახსენებთ, რომ ლიპიმ სამწვრთნელო კარიერა 1982 წელს დაიწყო. გარკვეულ წარმატებებს სპეციალისტმა ტურინის "იუვენტუსში" მიაღწია, რომელთან ერთადაც ხუთი სკუდეტო, იტალიის თასი და ჩემპიონთა ლიგა 1995/96 მოიგი. 2006 წელს მარჩელომ იტალიის ნაკრებს მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული ისტორიაში მეოთხედ მოაპოვებინა, თუმცა მომდევნო მუნდიალზე მისმა შეგირდებმა ჯგუფური ეტაპიც ვეღარ დაძლიეს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული