"ნაპოლი" ევროპალიგაზეც წარმატებით ასპარეზობს და თავისი ჯგუფის გამოკვეთილი ლიდერია. მოკლედ, გუნდის ახალი მთავარი მწვრთნელი მაურუციო სარი საქმეს წარმატებით უძღვება.
მაურიციო სარის ძალიან კარგი პრესა აქვს, მის ქება-დიდებას კი ცნობილი იტალიელი პერსონებიც შეუერთდნენ. მაგალითად, ჩეზარე პრანდელიმ, სენიორ მაურიციოს პროფესორი უწოდა, არიგო საკიმ კი დღევანდელი "ნაპოლი" მის ყველაფრისმომგებ "მილანს" შეადარა. სარი ყურადღების ცენტრშია და მისი პოპულარობა დღითი-დღე იზრ
რას ფიქრობს გუნდის ასპარეზობაზე და ახალ მწვრთნელზე აურელიო დე ლაურენტისი? - "ნაპოლის" პრეზიდენტმა "იტალია 1-ის" სპორტულ გადაცემაში საინტერესოდ ისაუბრა...
სწორი არჩევანი
სანამ არჩევანს მაურიციო სარიზე შევაჩერებდი, სხვა რამდენიმე კანდიდატს განვიხილავდი. ერთი იორგენ კლოპი გახლდათ, მეორე ის ესპანელი სევილიადან (უნაი ემერი) და მესამე სინიშა მიხაილოვიჩი. კლოპი და ის ესპანელი გამოირიცხნენ, რადგან პირველს დასვენება უნდოდა, ხოლო მეორეს - ძალიან დიდი ხელფასი. რაც შეეხება მიხაილოვიჩს, მოლაპარაკებები წარმატებით მიდიოდა, მაგრამ ერთ-ერთ შეხვედრაზე მისი ტონი არ მომეწონა და კავშირი გავწყვიტე. მახსოვს, მისაყვედურა და მითხრა, რომ ორი კვირა არ უნდა დავკარგიულიყავი, როდესაც ის ჩემ ზარს ელოდა.
ფეხბურთის გარდა, მილიონი საქმე მაქვს - კინოინდუსტრიაში ვარ და გასართობ პარკებს ვფლობ ჩინეთსა და ამერიკაში. როგორ ფიქრობთ, მაქვს იმის დრო, რომ მწვრთნელობის ერთ-ერთ კანდიდატს ყოველდღე ვესაუბრო? - ასე რომ, სინიშასთან კავშირი გავწყვიტე. მჭირდებოდა ჩუმი პროფესორი და ასეთია მაურიციო სარი. ერთადერთი ნაკლი აქვს, სიგარეტს ეწევა და უნდა ვაიძულო, რომ ეს მავნე ჩვევა მოიშოროს. დარწმუნებული ვარ, რომ სწორი არჩევანი გავაკეთე.
მიზნები
ჩემპიონთა ლიგის ძირითად ბადეში აუცილებლად უნდა მოვხვდეთ, ამისთვის კი სერია A-ს სამელში მოხვედრაა საჭირო. მეტიც, სასურველია, რომ საუკეთესო ორ გუნდში ვიყოთ, რათა პლეი ოფი ავიცილოთ თავიდან. რაც შეეხება სკუდეტოს, შეგვიძლია, პირველობისთვის ბრძოლა, მაგრამ ამაზე ლაპარაკი ჯერ მაინც ნაადრევია. ჩვენი მთავარი მიზანია, რომ გუნდმა პროგრესი განაგრძოს და მაღალ დინეზე სტაბილურად ითამაშოს. რამდენიმე ბრწყინვალე შეხვედრა გავმართეთ, მაგრამ ამ ყველაფერს ფასი დაეკარგება, თუ ვთქვათ, ოქტომბერში კრიზისი დაგვეწყო და ქულებიც უხვად დავკარგეთ. ამიტომ, მთავარი მუდმივი პროგრესი და სტაბილურობაა. სარი ჭკვიანი მწვრთნელია და მისი დიდად მეიმედება. ერთად ჩვენ დიდი მიზნები გვაქვს.
სტადიონი
ნეაპოლის მერთან მქონდა შეთანხმება და გადაწყვეტილი იყო, რომ ჩვენთვის განსაზღვრულ მიწის ნაკვეთზე ახალ სტადიონს ერთობლივი დაფინანსებით ავაშენებდით. პირველ ეტაპზე, 20 მილიონი ევროს დაბანდებას ვაპირებდი, შემდეგ კი მთლიანობაში, 100 მილიონ ევროს დავხარჯავდი ამ უმნიშვნელოვანესი საქმისთვის. დანარჩენს ქალაქის მერია შემპირდა, მაგრამ სიტყვა არ შეასრულა. მეტიც, ერთ-ერთ ინტერვიუში მერმა განაცხადა, რომ თითქოს ჩვენ სტადიონის დაუსრულებელი მაკეტი და ბუნდოვანი გეგმები წარვუდგინეთ, რამაც გამაოცა და გული დამწყვიტა. ჯერ ერთი, თუ ასე ბუნდოვნად მოეჩვენა ჩვენი პროექტი, ამაზე პირისპირ უნდა გვესაუბრა და არა ტელევიზიით.
არადა, მრცხვენია, როდესაც "სან პაოლოზე" ვარ და ამ არენის დაბზარულ კედლებს ვუყურებ. როდესაც "იუვენტუსი" გვესტუმრა, სტადიონი ანდრეა ანიელისთან ერთად დავათვალიერე და ისიც შოკირებული იყო. წარმოიდგინეთ, რა სირცხვილია, როდესაც უცხოელები გვსტუმრობენ და ისეთ გუნდებს ვმასპინძლობთ, როგორებიც ლონდონის "ჩელსი", "მანჩესტერ სიტი" და დორტმუნდის "ბორუსია" არიან.
ინფრასტრუქტურას უნდა მივხედოთ და ეს სხვა იტალიურ კლუბებსაც ეხებათ.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"